შპს „მაქსტელკომის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2010
მიღების თარიღი ივნისი 25, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.”
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიას, კომისიის მიერვე განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 ივნისს კომისიაში დაიწყო რიგი ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 22 ივნისის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „მაქსტელკომის“ წარმომადგენელი. იმისთვის რომ უზრუნველყოფილიყო შპს „მაქსტელკომის“ მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიის 2010 წლის 22 ივნისს N281/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაიდო შპს „მაქსტელკომის“ სანქცირების საკითხის განხილვა 2010 წლის 25 ივნისისთვის. შპს „მაქსტელკომს“ დამატებით გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (15.06.2010 N10/733-10) შესაბამისად, შპს ”მაქსტელკომს” - 2010 წლის იანვრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და იმ პერიოდისთვის მთლიანობაში გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება - 199.47 ლარი;
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 25 ივნისის სხდომაზე, რომელზედაც არ გამოცხადებულა შპს „მაქსტელკომის წარმომადგენელი.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (25.06.2010 N10/768-10) რომელშიც აღნიშნულია, რომ 2010 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, შპს „მაქსტელკომის“ მიერ 2010 წლის 22 ივნისს დაფარულ იქნა რეგულირების საფასურის დავალიანება 199.47 ლარი, მაგრამ კომპანიას 2010 წლის იანვრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
შპს „მაქსტელკომს“ 2010 წლის იანვრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, აღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას, რაც ამავე კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს შპს „მაქსტელკომის“ სანქცირების საფუძველს.
კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N394/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მაქსტელკომის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმას, თუ რას წარმოადგენს დარღვევის შინაარსი, კერძოდ, ეს არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობა, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „მაქსტელკომის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტს არ აღემატება 10,000.00 (ათი ათასი) ლარს და შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაქსტელკომს“ ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 10,000.00 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაჯარიმდეს შპს „მაქსტელკომი“ 10,000 (ათი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „მაქსტელკომმა“ 10,000 (ათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;
3. უზრუნველყოს შპს „მაქსტელკომმა“ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა 7 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მაქსტელკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. თოდრია) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მაქსტელკომი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარეის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრები: კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
