წვდომის მენიუ

შპს “მადისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 30 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2010

მიღების თარიღი იანვარი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 24 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000039, შედგენილი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ 2009 წლის 23 დეკემბერს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულ იქნა შპს ”მადის” (ავტორიზაციის №83/1) მიერ მრავალარხიანი მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი) გამოყენებით, 11.5 გჰც-13.25 გჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ფაქტი, ხოლო აღნიშნული სიხშირეებით სარგებლობის უფლება შპს ”მადის” აღარ გააჩნდა 2004 წლის 14 ივლისიდან. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (№000039, 23.12.2009წ.) ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ნ.კონდოლელი და გ.ქართველიშვილი, ასევე, შპს ”მადის”  დირექტორი ა. დევიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მადის” სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 23 დეკემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 24 დეკემბერს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 30 დეკემბერი 16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს ”მადს”. შპს ”მადს” ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2009 წლის 30 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”მადის” დირექტორი ა. დევიძე, რომელმაც მოითხოვა წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი არ აქვს სამართალდაღვევას და თუ ასეთს კომისია დადგენილად ჩათვლის, მაშინ კომისიას გაშვებული აქვს ადმინისტრაციული სამართალდართვევის ჩადენის გამოვლენიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადა. ა. დევაძემ მოითხოვა კომისიის სხდომის გადადება 2010 წლის 12 იანვრამდე და აღნიშნა, რომ 12 იანვრის სხდომაზე წარმოადგენდა მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდება, რომ იგი მართლზომიერად სარგებლობს რადიოსიხშირული სპექტრით, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული სარგებლობა უკანონოა, კომისიის მხრიდან გაშვებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამოვლენისათვის განსაზღვრული 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადა.

საკითხის განხილვა გაგრძელდა 2010 წლის 12 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „მადის“ დირექტორი ა.დევიძე. მან განაცხადა, რომ იგი ფლობს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიას, რომელიც გაცემულ იქნა კომისიის მიერ 2003 წლის 16 მაისს. აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობას მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისის) გამოყენებით. 2003 წლის 16 მაისს კომისიის გადაწყვეტილებით შპს „მადს“ მიენიჭა სიხშირული ზოლი 11.5 გჰც ÷ 13.25 გჰც, სწორედ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისთვის და შესაბამისად, ა.დევიძემ აღნიშნა, რომ იგი მართლზომიერად ფლობს ზემოაღნიშნულ სიხშირეებს და არ არსებობს შპს „მადის“ სანქცირების საფუძველი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ”მადის” კომისიის 2003 წლის 16 მაისის N206/1 გადაწყვეტილებით მიეცა საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1353 ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებდა საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობას მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისის) გამოყენებით ქ.ფოთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში და ქობულეთში.

2. კომისიის 2003 წლის 16 მაისის N210 გადაწყვეტილებით შპს „მადს“ მიენიჭა სიხშირული ზოლი 11.5 გჰც ÷ 13.25 გჰც შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით. კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული სიხშირეების მინიჭების ვადა. ამავე დროს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ შპს „ორბმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (03.04.2003), მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისი“) გამოყენებით საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების განსახორციელებლად სამუშაო სიხშირეების გამოყოფის შესახებ და რომ შპს „“ორბის“ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაო სიხშირეები: 11.5 გჰც ÷ 13.25 გჰც, რომელიც საჭიროა ზემოაღნიშნული ქსელის მოწყობისათვის. (გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაშვებულია უზუსტობა და შპს „მადის“ მაგივრად მითითებულია შპს „ორბი“). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული სიხშირეების მინიჭება შპს ”მადიზე” უშუალოდ არის დაკავშირებული კომისიის მიერ აღნიშნულ კომპანიზე  2003 წლის 16 მაისს, საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე გაცემულ ლიცენზიასთან და შესაბამისად, სიხშირის მინიჭების ვადა განსაზღვრულია ლიცენზიების მოქმედების ვადით ანუ 2013 წლის 16 მაისამდე.

3. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მომსახურება აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით აღნიშნულ მომსახურებაზე გათვალისწინებულია ავტორიზაციის რეჟიმი.  შპს „მადს“ გავლილი აქვს ავტორიზაცია კომისიაში 2006 წლის 20 მარტს, ავტორიზაციის N83/1.

4. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, აგრეთვე თუ კომისიის ნებართვით მათზე გაცემულია ნუმერაციის რესურსი, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  ან ნუმერაციის რესურსს შესაბამისი ვადის განმავლობაში. 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მადი“ უფლებამოსილია ისარგებლოს 11.5 გჰც ÷ 13.25 გჰც, სიხშირული ზოლით 2013 წლის 16 მაისამდე. შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა შეწყდეს შპს „მადის“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის, 228-მუხლის, 232-ე მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს ”მადისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”მადისთვის”  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „მადისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).  

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                 კ.კვიტაიშვილი

                                                                                ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები