წვდომის მენიუ

კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 304 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2010

მიღების თარიღი ივლისი 02, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ (წერილი №1327/01, 19.03.2010), შეცვლილი თანამგზავრიდან, თანამგზავრის ადმინისტრაციის მიერ მინიჭებულ ახალ სიხშირეზე ხელშემშლელი ეთერული ზედდების წარმოქმნის შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ სატელიტური მიმღები ანტენა განლაგებულია ქ.თბილისის სატელევიზიო გადამცემ ცენტრში, მთაწმინდის პლატოზე, ხოლო თანამგზავრიდან მიღების ახალი სიხშირე (12601.5 მჰც) ამ თანამგზავრის ადმინისტრაციის მიერ იქნა გამოყოფილი.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 2 ივნისის №10/619-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის მობილური ჯგუფის მიერ სატელევიზიო გადამცემი ცენტრის ტერიტორიაზე (მთაწმინდის პლატო, სატელევიზიო ანძა), რადიომონიტორინგით გათვალისწინებული გაზომვების შედეგად  დადასტურებულ იქნა სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” ინფორმაცია. ხელშეშლის წყაროს წარმოადგენს სატელევიზიო გადამცემ ცენტრში განთავსებული შპს ტელერადიო კომპანია „ევრიკასთვის“ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით მინიჭებულ სიხშირეზე (7860 მგჰც) მოქმედი რადიოსარელეო ხაზის გადამცემი. შპს ტელერადიო კომპანია „ევრიკას“ მიერ კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების გასხივების მიმართულების ექსპერიმენტალური  ცვლილების მეშვეობით განეიტრალებულ იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამგზავრული მიღების  არხის მიმართ ხელშემშლელი ზემოქმედება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდეს შპს ტელერადიო კომპანია „ევრიკას“ კუთვნილი რადიოსარელეო სიხშირეების შეცვლა.

კომისიამ 2010 წლის 19 აპრილს მიმართა შპს ტელერადიო კომპანია „ევრიკას“ წერილით (№06/978-10) სიხშირისა და გასხივების მიმართულების შეცვლის საჭიროების თაობაზე, რის თაობაზეც შემოსულია შპს ტელერადიო კომპანია ”ევრიკას” 2010 წლის 5 მაისის №6/1500-10 თანხმობის წერილი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა შპს ტელერადიო კომპანია ”ევრიკას” კუთვნილი №5 ლიცენზიის მოდიფიცირება. კერძოდ, №5 ლიცენზია გაიყო ორ ლიცენზიად, №B17 საერთო ტელემაუწყებლობის და №B18 საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიებად. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ტელერადიო კომპანია „ევრიკას“ მიენიჭა რადიოსარელეო კავშირისათვის განკუთვნილი სიხშირე (7860 მგჰც  სიხშირე, სიმძლავრე 2 ვტ.) სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, №B18 ლიცენზიის მოქმედების ვადით. გამომდინარე იქიდან, რომ საეთერო ხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია შპს ტელერადიო კომპანია „ევრიკასთვის“ მინიჭებული სიხშირის შეცვლა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილების განხორციელება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცვლილება უნდა განხორციელდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე „კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით“. კომისიის მიერ სიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭება  ხორციელდება გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებიდან ამოღებულ უნდა იქნეს მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი და კომისიის ცალკე გადაწყვეტილებით შპს ტელერადიო კომპანია „ევრიკას“ რადიოსიხშირეები დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით უნდა მიენიჭოს მარტივი ადმინისტრაციული წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2010 წლის 30 ივლისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ტელერადიო კომპანია „ევრიკასთვის“ (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი.ჩიქოვანი

 

კომისიის წევრი                                                                                             ს.ბრიტანჩუკი

 

კომისიის წევრი                                                                                             ა.სიხარულიძე

 

კომისიის წევრი                                                                                             ი.მოსეშვილი

 

კომისიის წევრი                                                                                             კ.კვიტაიშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები