წვდომის მენიუ

შპს ,,ახალი ქსელები”-სთვის და შპს ,,ახტელი”- სთვის, შპს ,,მაკროკომთან”, შპს ,,მაქსტელთან” და შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის, შპს ,,კავკასუს ონლაინთან” და შპს ,,გუდვილკომთან”

ნომერი: 31 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2010

მიღების თარიღი იანვარი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს ,,ახალმა ქსელებმა” და შპს ,,ახტელმა”  და   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვეს რიგ კომპანიებთან დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, ვინაიდან კომპანიებს მათ მიმართ ერიცხებათ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.

შპს ,,ახალი ქსელების” განცხადებით, შპს ,,გუდვილკომის”, შპს ,,კავკასუს ონლაინის”, შპს ,,მაკროკომის”, შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის\\\", შპს ,,მაქსტელის” და შპს ,,მაქსტელკომის” მხრიდან სისტემატიურად ირღვევა და არაჯეროვნად სრულდება მასთან გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად დაპირებებისა აღნიშნული კომპანიები არ იხდიან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე  წარმოშობილ დავალიანებას. აღნიშნული ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ კომპანიები ვერ შეძლებენ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებას.

შპს ,,ახალი ქსელების” განცხადებით, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შპს  ,,გუდვილკომს”  მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2008 წლის დეკემბრიდან, რაც 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს  1.048,03 ლარს.  შპს ,,კავკასუს ონლაინს”  მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2009 წლის ოქტომბრიდან, რაც  2009 წლის ნოემბრის მდგომარეობით  შეადგენს  84.101,17 ლარს.  შპს ,,მაკროკომს”  მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2008 წლის მაისიდან, რაც  2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 13.158,53 ლარს. შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს\\\" მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2008 წლის ნოემბრიდან, რაც 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 8.075,93 ლარს.  შპს ,,მაქსტელს” მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2008 წლის აგვისტოდან, რაც 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 6.862,18 ლარს, ხოლო  შპს ,,მაქსტელკომს” მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2008 წლის იანვრიდან, რაც  2009 წლის ივნისის მდგომარეობით შეადგენს 7.403,58 ლარს. აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნული ავტორიზებული პირები აღიარებენ ფინანსურ ვალდებულებას შპს ,,ახალი ქსელების” მიმართ, მაგრამ გაურკვეველია მათი პოზიცია ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

შპს ,,ახტელის’ განცხადებით, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შპს ,,გუდვილკომს” მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2009 წლის მაისიდან, რაც 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 3,570,13 ლარს. შპს ,,კავკასუს ონლაინს” მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2009 წლის აგვისტოდან, რაც 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 106,810,79  ლარს. შპს ,,მაკროკომს” მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება  2008 წლის მაისიდან, რაც  2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 8.135,63 ლარს.  შპს ,,მაქსტელს”  მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2009 წლის მაისიდან, რაც  2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 11.260,83 ლარს. შპს ,,მაქსტელკომს” მის  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2008 წლის იანვრიდან, რაც 2009 წლის ივნისის მდგომარეობით შეადგენს 1.903,28 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 12 იანვარს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობათ   ზემოაღნიშნულ კომპანიებს. მათ, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2010 წლის 12 იანვარს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ,,ახალმა ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” წარმომადგენლები ნ. ჟღენტი და მ. კაპანაძე, შპს ,,კავკასუს ონალაინის” წარმომადგენელი ვ. ცეცხლაძე, შპს ,,გუდვილკომის” წარმომადგენელი მ. გვერდწითელი, შპს  ,,მაქსტელის”  წარმომადგენელი  ს. კობახიძე,  შპს  ,,მაკროკომის” წარმომადგენელი თ. მოწონელიძე. მიუხედავად გაფრთხილებისა, შპს ,,მაქსტელკომისა” და შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” წარმომადგენლები კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ.  

აღნიშნულ სხდომაზე, შპს ,,ახალმა ქსელებმა” და შპს ,,ახტელმა” დააზუსტეს თავისი მოთხოვნები. კერძოდ, მოითხოვეს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა შპს ,,კავკასუს ონლაინის” და შპს ,,გუდვილკომის” მიმართ, ვინაიდან მათ შორის მოხდა შეთანხმება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1. შპს ,,მაკროკომმა” აღიარა შპს ,,ახალი ქსელებისადმი” ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 13.158.53 ლარის ოდენობით, ხოლო  შპს ,,ახტელის” მიმართ 8.869 ლარის ოდენობით და ითხოვა 7 სამუშაო დღე აღიარებული დავალიანების დასაფარავად, რასაც დაეთანხმნენ შპს ,,ახალი ქსელები” და შპს  ,,ახტელი”.

2. შპს ,,მაქსტელმა” აღიარა შპს ,,ახალმა ქსელებისადმი” ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან  წარმოშობილი შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 8787  ლარის ოდენობით, ხოლო  შპს ,,ახტელის” მიმართ 11533 ლარის ოდენობით და ითხოვა 7 სამუშაო დღე აღიარებული დავალიანების დასაფარავად, რასაც დაეთანხმნენ შპს ,,ახალი ქსელები” და შპს  ,,ახტელი”.

3.  შპს  ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფსა” და შპს  ,,ახალ ქსელებს”  შორის 2009 წლის 25 მაისის ურთიერთშეთანხმების ოქმის თანახმად, შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ შპს ,,ახალი ქსელების” მიმართ  აღიარებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან  წარმოშობილი შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება  2,952.46 ლარის ოდენობით. იქიდან გამომდინარე, რომ შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, შპს ,,ახალმა ქსელებმა” მოითხოვა სწორედ აღიარებული ფინანსური ვალდებულების საფუძველზე ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის ნებართვა თუ შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი” არ დაფარავდა აღნიშნულ დავალიანებას გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

4.  არ დასტურდება შპს ,,მაქსტელკომისათვის” შეტყობინების ჩაბარება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაზღვეული საფოსტო გზავნილით შეტყობინების ხელმეორედ გაგზავნა, ხოლო საკითხის განხილვის გადადება 2009 წლის 29 იანვრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-5  პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ახალი ქსელებისათვის” და შპს ,,ახტელისათვის” შპს ,,კავკასუს ონლაინთან”  გაფორმებული  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე; 

2. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ახალი ქსელებისათვის” და შპს ,,ახტელისათვის” შპს ,,გუდვილკომთან”  გაფორმებული  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე;

3. შპს ,,მაკროკომს”, შპს ,,ახალ ქსელებთან” და შპს ,,ახტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების, შპს ,,ახალი ქსელების”  მიმართ -13.158.53 ლარი  და შპს ,,ახტელის” მიმართ - 8.869 ლარი, შესასრულებლად მიეცეს ვადა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 სამუშაო დღე;

4. შპს  ,,მაკროკომის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში,  შპს ,,ახალ ქსელებს” და შპს ,,ახტელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,მაკროკომთან” გაფორმებული ურთერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

5. შპს ,,მაქსტელს”, შპს ,,ახალ ქსელებთან” და შპს ,,ახტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების, შპს ,,ახალი ქსელების”  მიმართ - 8787 ლარი  და შპს ,,ახტელის” მიმართ - 11533 ლარი, შესასრულებლად მიეცეს ვადა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 სამუშაო დღე;

6. შპს  ,,მაქსტელის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში,  შპს ,,ახალ ქსელებს” და შპს ,,ახტელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,მაქსტელთან” გაფორმებული ურთერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე აღნიშნული დავალიანების დაფარვამდე;

7.  შპს  ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს”,  შპს ,,ახალ ქსელებთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების, 2952.46  ლარის ოდენობით, შესასრულებლად მიეცეს ვადა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 სამუშაო დღე;

8. შპს  ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში  შპს ,,ახალ ქსელებს” მიეცეს თანხმობა შპს  ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” გაფორმებული ურთერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

9. შპს ,,მაქსტელკომს” ხელმეორედ გაეგზავნოს შეტყობინება დაზღვეული საფოსტო გზავნილით;

10. შპს ,,ახალი ქსელებისათვის” და შპს ,,ახტელისათვის”  შპს ,,მაქსტელეკომთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნოს 2010 წლის 29 იანვარს.

11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს ,,ახალი ქსელები”-სთვის, შპს  ,,ახტელი”- სთვის, შპს  ,,მაკროკომი”-სთვის,  შპს  ,,მაქსტელი”-სთვის, შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთი”-სთვის, შპს ,,კავკასუს ონლაინი”-სთვისა და შპს ,,გუდვილკომი”-სთვის გაგზავნა;

12.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

13. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში.

კომისიის წევრები:       სოფიო ბრიტანჩუკი

                                    არლო კვიტაიშვილი        

                                   კაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები