წვდომის მენიუ

მოქალაქეების დარეჯან ნიკოლაიშვილის და გურამ ძიძიგურის ერთობლივი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: 319 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2010

მიღების თარიღი ივლისი 09, 2010

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2010 წლის 19 მაისს განცხადებით (19.05.2010 N10/591-10) მიმართა კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”)  მოქალაქე დარეჯან ნიკოლაიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც კომისიისგან ითხოვს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ არსებულ სადაო საკითხებთან დაკავშირებით.

    საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ვინაიდან საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს აბონენტმა ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები მისი ინტერესების დასაცავად, საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის სამსახური აცილებას აცხადებს აღნიშნული საქმის წარმოებისას წარმოადგინოს მომხმარებელთა ინტერესები.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2010 წლის 11 ივნისის N 270/30 გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2010 წლის 19 მაისის განცხადების საფუძველზე, მოქალაქეების დარეჯან ნიკოლაიშვილისა და გურამ ძიძიგურის ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით.

კომისიის 2010 წლის 11 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ერთ-ერთი განმცხადებელი და მოქალაქე დარეჯან ნიკოლეიშვილის უფლებამოსილი წარმომადგენელი - გურამ ძიძიგური, ამ უკანასკნელის მიერ დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, დავის საგანი და მოდავე მხარეები. კერძოდ, მოქალაქე გურამ ძიძიგურის განცხადებით, განსახილველ დავასთან დაკავშირებით, მხარეებს წარმოადგენენ: დარეჯან ნიკოლეიშვილი, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც არის გურამ ძიძიგური და ასევე თავად გურამ ძიძიგური. მხარემ დააზუსტდა ასევე მოპასუხე მხარე და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნაცვლად დაასახელა  შპს „სილქნეტი“; დავის საგანი  განისაზღვრა შემდეგნაირად:

1. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების (სატელეფონო მომსახურება, ინტერნეტ მომსახურება) პირობების დარღვევა და მომხმარებლისთვის არასრული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება;

2. 2009 წლის 1 აგვისტოდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ინტერნეტ მომსახურების არაჯეროვნად მიწოდება;

3. 2009 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლის არაჯეროვანი სატელეფონო მომსახურების მიწოდება.  

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2010 წლის 9 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ერთ-ერთი განმცხადებელი და მოქალაქე დარეჯან ნიკოლეიშვილის უფლებამოსილი წარმომადგენელი - გურამ ძიძიგური და შპს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე.

კომისიის სხდომაზე შპს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ შპს „სილქნეტი“ წარმოადგენს არასათანადო მხარეს დავაში. კერძოდ, განმცახდებლების მიერ დასახელებულ სადაო პერიოდში 2009 წლის 1 აგვისტოდან 2009 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით და 2009 წლის ივნისიდან 2009 წლის დეკემბრამდე, როგორც სატელეფონო ისევე ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირს წარმოადგენდა სს „გაერთიანებული ტელეკომი“ და არა შპს „სილქნეტი“.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოქალაქე გურამ ძიძიგურმა დაადასტურა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებეი:

1. განმცხადებლებს 2009 წლის ოქტომბრის თვიდან შეზღუდული ჰქონდათ მომსახურების მიწოდება და სატელეფონო ნომერი ცალმხრივად გათიშული იყო დავალიანების გამო;

2. 2010 წლის თებერვლიდან განმცხადებლებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან შეუწყდათ მომსახურების მიწოდება;

3. სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და მოქალაქე დარეჯან ნიკოლეიშვილს შორის არ არსებობდა სატელეფონო მომსახურების მიწოდების თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება;

4. დავალიანების ნაწილი განმცხადებელს მიაჩნდა სადაოდ, მაგრამ მის მიერ დავალიანების არც უდაო ნაწილის გადახდა მომხდარა;

ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმოდგენილი მასალების, ასევე მხარეთა ახსნა განმარტებებისა და შუამდგომლობების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი განიხილოს დავა მომხმარებელსა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახეურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირს შორის;

2. კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები პირდაპირი გადაპირების წესით გადაეცა შპს „სილქნეტს“; მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, ამავე გადაწყვეტილების მე-16 პუნქტის შესაბამისად, შპს „სილქნეტს“ დაეკისრა ვალდებულება უზრუნველეყო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა შეფერხების გარეშე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობებით, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მანძილზე, ან შეეთავაზებუნა უკეთესი სახელშეკრულებო პირობები;

3. მოქალაქეების დარეჯან ნიკოლეიშვილი და გურამ ძიძიგური წარმოადგენდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ აბონენტებს და სარგებლობდნენ აღნიშნული კომპანიის მიერ მიწოდებული ადგილობრივ სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებებით;

4. სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და მოქალაქე დარეჯან ნიკოლეიშვილს შორის არ არსებობდა სატელეფონო მომსახურების მიწოდების თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება;

5. 2009 წლის 12 ოქტომბრიდან მოქალაქეებს დარეჯან ნიკოლეიშვილს და გურამ ძიძიგურს შეეზღუდათ ადგილობრივი სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტ მომსახურების მიწოდება დავალიანების არსებობის გამო, ხოლო 2009 წლის 1 თებერვლიდან, დავალიანების გადაუხდელობის გამო, საერთოდ შეუწყდათ მომსახურების მიწოდება;

გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქეები დარეჯან ნიკოლეიშვილი და გურამ ძიძიგური აღარ იმყოფებოდნენ სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობებში 2009 წლის 1 თებერვლიდან, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ აბონენტებისთვის მომსახურების უწყვეტად გაწევის ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებით, ვერ გავრცელდება შპს „სილქნეტზე“, რომელმაც ადგილობრივი საკომუნიკაციო და ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზაცია კომისიაში გაიარა 2010 წლის 10 მარტს.

სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან არ ყოფილა დარღვეული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენის მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების შეზღუდვისა და მომსახურების შეწყვეტის წესები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, საკუთარი განცხადების შესაბამისად, ავტორიზაცია გაუუქმდა 2010 წლის 16 აპრილს. შესაბამისად, კომპანია აღარ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და განმცხადებლების მიერ მოპასუხე მხარედ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ჩანაცვლების შემთხვევაშიც კი, კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას განიხილოს დავა. შესაბამისად, აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით, შპს „სილქნეტი“ წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ხოლო სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ მიმართებაში, კომისიას არ აქვს დავის განხილვის უფლებამოსილება. შესაბამისად, განმცხადებლებს მიეცათ წინადადება იდაონ სასამართლო წესით სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  მოქალაქეების დარეჯან ნიკოლაიშვილისა და გურამ ძიძიგურის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება.

            ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტებისა და IX თავის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მოქალაქეების დარეჯან ნიკოლაიშვილსა და გურამ ძიძიგურს ერთობლივი განცხადება არ დაკმაყოფილდეს, ხოლო კომისიასთან მოქმედი  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2010 წლის 19 მაისს განცხადების (19.05.2010 N10/591-10) საფუძველზე დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა)  წინამდებარე გადაწყვეტილების მოქალაქეების დარეჯან ნიკოლაიშვილის, გურამ ძიძიგურისა და შპს „სილქნეტისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

            კომისიის თავმჯდომარე                                            ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები                                                      კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები