წვდომის მენიუ

შპს ,,ახალ ქსელები”-სთვის და შპს ,,ახტელი”-სთვის სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 32 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2010

მიღების თარიღი იანვარი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს ,,ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” (18.12.2009 №6/3911-09) და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვეს  სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” ურთიერთჩართვის ნაწილობრივი შეზღუდვა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების, კერძოდ, შპს ,,ახტელი”-ს მიმართ 552.055,88 ლარი  და შპს ,,ახალი ქსელები”-ს მიმართ 947.137,55 ლარი, დაფარვამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 12 იანვარს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და შეტყობინებით ეცნობა მხარეებს.  სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”, ასევე გადაეგზავნა შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” ერთობლივი განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა  გაიმართა  2010 წლის 12 იანვარს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს ,,გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს  ,,ახტელის” წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” წარმომადგენელმა  აღნიშნა, რომ მოითხოვს სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” ურთიერთჩართვის ნაწილობრივ შეზღუდვას იმ მოტივით, რომ  სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”  გააჩნია აღნიშნულ კომპანიებთან დავალიანება. კომპანიებმა წერილობით მოითხოვეს დავალიანების დაფარვა, თუმცა მათი მოთხოვნა სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა”  უპასუხოდ დატოვა.

სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” არ გააჩნია  შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” მიმართ დავალიანება. მან, ასევე აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ურთიერთჩართვიდან გამომდინარე ფინანსურ საკითხებზე მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა და განმარტა, რომ კომპანიებს შორის ამ ეტაპზე მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება არ არსებობს და მათ შორის ხორციელდება ფაქტობრივი ურთიერთჩართვა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი განცხადების და მტკიცებულებების გამოკვლევის, შესწავლის, მხარეთა შეპასუხებების და ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად  კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1. მოდავე მხარეებს შორის არ არსებობს წერილობითი ფორმით გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და კომპანიები ახორციელებენ ფაქტობრივ ურთიერთჩართვას კომისიის მიერ 2004 წელს დადგენილი პირობებით;

2. მხარეებს შორის  სასამართლოში მიმდინარეობს ქონებრივი დავა მათ შორის არსებული ურთიერთჩართვიდან გამომდინარე სხვადასხვა პერიოდებში ფინანსურ ვალდებულებათა შეუსრულებლობასთან დაკავშირებით;

3.  შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” მიერ წარმოდგენილ შედარების აქტებზე სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” ხელმოწერის მიუხედავად, ეს უკანასკნელი სადაოდ ხდის ურთიერთჩართვიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების მხარეთა მიერ შესრულების საკითხს, ვინაიდან მხარეთა შორის ფინანსური ვალდებულებები ექვემდებარება ურთიერთგამოქვითვას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისია არაა უფლებამოსილი განიხილოს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის არსებული ქონებრივი დავები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არსებითი საფუძველი ურთიერთჩართვის ნაწილობრივი შეზღუდვაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” მოთხოვნა სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” ურთიერთჩართვის ნაწილობრივ შეზღუდვაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ლ) ქვეპუნქტის, მე-6 და მე-7 მუხლებისა და 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  არ დაკმაყოფილდეს შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” მოთხოვნა სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” ურთიერთჩართვის ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე;

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოდავე მხარეებისათვის გაგზავნა;

3.   კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)  ერთი თვის ვადაში.

კომისიის წევრები:                                           ოფიო ბრიტანჩუკი               

                                                                         კარლო კვიტაიშვილი 

                                                                         აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები