საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მომხმარებელ ი. ხახუტაშვილსა და, მეორე მხრივ, შპს ,,ახალ ქსელებსა” და შპს ,,ლაგს” შორის დავის განხილვისა და არსებით
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2010
მიღების თარიღი იანვარი 12, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 3 დეკემბერს, შპს ,,ახალი ქსელების” მომხმარებელის (აბონენტის) ი. ხახუტაშვილის განცხადების (01.10.2009) საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) განცხადებით (№9/163-09 – 03.12.09) მიმართა კომისიას.
საზოგადოებრივ დამცველის სამსახურის განმარტებით, ი. ხახუტაშვილი (მცხ. ქ. თბილისი, გურიელის ქ №19), სადაოდ ხდის შპს ,,ახალი ქსელების” მიერ მისთვის საკომუნიკაციო მომსახურების (ტელეფონის ნომერი - 324314) გათიშვის კანონიერებას. კერძოდ, ი. ხახუტაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ იგი არის შპს ,,ახალი ქსელების” აბონენტი. ამასთან, შპს ,,ახალ ქსელებთან” გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას არ აქვს უფლება შეუზღუდოს მომსახურება სხვა კომპანიისადმი არსებული დავალიანების გამო. მომხმარებლის განცხადებით, მას 2009 წლის თებერვალში გააჩნდა შპს ,,ლაგის” მიმართ დავალიანება 40 ლარის ოდენობით, რაც 2009 წლის 24 თებერვალს დაფარა, თუმცა შეგნებულად არ გადაიხადა შპს ,,ლაგის” მიერ მომსახურების აღსადგენად მოთხოვნილი 5 ლარი, ე.წ. ,,ჩართვის” ღირებულება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შპს ,,ლაგისადმი” არსებული დავალიანების გამო, შპს ,,ახალმა ქსელებმა” საკუთარ აბონენტს შეუწყვიტა საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება. საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყოს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ მომხმარებელ ი. ხახუტაშვილის ინტერესების დასაცავად. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი კომისიის მიერ განხილულ უნდა იქნას, რადგან ირღვევა მომხმარებელთა უფლებები.
კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2009 წლის 3 დეკემბერის №9/163-09 მომართვის საფუძველზე, კომისიამ 2009 წლის 25 დეკემბერს მიიღო №708/23 გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, მომხმარებელ ი. ხახუტაშვილსა და, მეორე მხრივ, შპს ,,ახალ ქსელებსა” და შპს ,,ლაგს” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე და ზეპირი მოსმენის დღედ განსაზღვრა 2010 წლის 8 იანვარი. ამავე გადაწყვეტილებით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ჩართულ იქნა აღნიშნულ წარმოებაში ი. ხახუტაშვილის ინტერესების დამცველად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 8 იანვარს, კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, მომხმარებელ ი. ხახუტაშვილს დაევალა კომისიისათვის წარმოედგინა დავასთან დაკავშირებული მტკიცებულებები, კერძოდ, შპს ,,ლაგისთვის” დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს კი დაევალა კომისიაში დაცულ CDR-ებზე დაყრდნობით, რომელშიც ასახულია სატელეფონო ზარების ტრაფიკი, დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი შპს ,,ახალი ქსელების” მხრიდან ი.ხახუტაშვილისათვის სატელეფონო მომსახურების ორმხრივად გათიშვას. ამავე სხდომაზე ზეპირი მოსმენის გაგრძელებისა და გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 12 იანვარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 12 იანვარს გამართულ კომისიის სხდომაზე, მხარეებმა წარმოადგინეს მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. კერძოდ, შპს ,,ახალმა ქსელებმა” წარმოადგინა ტელეფონის ნომრის (324314) დეტალური ამონაწერი (ბილინგი), ხოლო ი. ხახუტაშვილმა წარმოადგინა შპს ,,ლაგისთვის” დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, შესწავლის, მხარეთა შეპასუხებებისა და ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად კომისიამ გამოარკვია, რომ ი. ხახუტაშვილისათვის სატელეფონო მომსახურების ორმხრივი შეზღუდვა არ მომხდარა სადაო პერიოდში, კერძოდ, 2009 წლის თებერვალში. კომისიამ, ასევე გამოარკვია, რომ ი. ხახუტაშვილს შპს ,,ლაგის” მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 40 ლარის ოდენობით, რომელიც გადაიხადა ვადის დარღვევით (2009 წლის 24 თებერვალს). აღნიშნულის გამო შპს ,,ლაგმა” მომხმარებელ ი. ხახუტაშვილს დააკისრა 5 ლარიანი ტარიფის გადახდა იმ მომსახურებისათვის, რომელსაც ამავე კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით გამორთვა-ხელახლა ჩართვის მომსახურება ჰქვია. მომხმარებელ ი. ხახუტაშვილის განცხადებით, მას შპს ,,ლაგისგან” მომსახურების აღდგენა არ მოუთხოვია.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მომსახურების მისაღებად საჭიროა სათანადო აქცეპტის გაკეთება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაზე. ამასთანავე, კომისიას მიაჩნია, რომ მიღებული მომსახურებისათვის დარიცხული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისა და სატელეფონო მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად შეიძლება დადგინდეს გარკვეული საფასური, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მომსახურებას. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი, კერძოდ, შპს ,,ლაგი” ვალდებული იყო სატელეფონო მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებული ხარჯების მომხმარებლის მიერ ანაზღაურების ვალდებულების თაობაზე სათანადოდ და გასაგებად ეცნობებინა საკუთარი მომხმარებლისათვის, მიეწოდებინა მისთვის სარწმუნო და სრული ინფორმაცია, რასაც შპს ,,ლაგის” მხრიდან ადგილი არ ჰქონდა. რაც შეეხება მომსახურების აღდგენას, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს მხარეთა შორის დადებული და იმავდროულად შეჩერებული ხელშეკრულების განახლების პროცედურად, და თუ ეს უკანასკნელიც საჭიროებს გარკვეული ხარჯების გაღებას მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან, აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, შპს ,,ლაგს” სარწმუნოდ და სრულად უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია მომხმარებელ ი. ხახუტაშვილისათვის. ამდენად, კომისიას მიიჩნია, რომ ე.წ. ტელეფონის გათიშვა-ხელახლა ჩართვის მომსახურება არ არსებობს, შესაბამისად, სატელეფონო მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებული ხარჯების (ტელეფონის ჩართვა-გამორთვის) არსებობის შემთხვევაში, მისი ოდენობისა და გადახდის ვალდებულება შპს ,,ლაგის” მხრიდან სათანადო წესით უნდა ეცნობოს მის მომხმარებლებს. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული შპს ,,ლაგის” მიერ განსაზღვრული იყო, როგორც მომსახურება, ხოლო აღნიშნული მომსახურება მომხმარებელ ი. ხახუტაშვილს არ მოუთხოვია, შპს ,,ლაგმა” აღნიშნული ,,მომსახურებისათვის” დაკისრებული 5 ლარიანი ტარიფი უნდა მოუხსნას მომხმარებელს.
შპს ,,ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენილი 2009 წლის საბილინგო მონაცემებისა და კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სატელეფონო ტრაფიკების ადგილზე შემოწმების საფუძველზე კომისიისათვის მიცემული ახსნა-განმარტებაზე დაყდნობით, კომისიამ დაუდასტურებლად მიიჩნია შპს ,,ახალი ქსელების” მხრიდან მომხმარებელ ი. ხახუტაშვილისათვის სატელეფონო მომსახურების ორმხრივად გათიშვის ფაქტი, შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ი.ხახუტაშვილის მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა. ამასთანავე კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ახალმა ქსელებმა” საკუთარ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების კორექტირება უნდა მოახდინოს იმდაგვარად, რომ სარწმუნო და სრული ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდების, შეზღუდვისა და შეწყვეტის ყველა გარემოების თაობაზე, მათ შორის სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეული მომსახურებისათვის დარიცხული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაევალოს შპს ,,ლაგს” სატელეფონო მომსახურების შეზღუდვისა და მომსახურების განახლების ხარჯების თაობაზე (ოდენობა, გადახდის ვადა, გადამხდელი სუბიექტი) მომხმარებლების სათანადო და სრული ინფორმირება და გატარებული ღონისძიებების თაობაზე კომისიისათვის ინფორმაციის მიწოდება 10 კალენდარული დღის ვადაში;
2. განემარტოს შპს ,,ლაგს”, რომ მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს მომსახურების აღდგენისათვის დადგენილი ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება თუ მომხმარებელი წინასწარ არ არის ინფორმირებული ამის თაობაზე;
3. გათავისუფლდეს მომხმარებელი ი. ხახუტაშვილი შპს ,,ლაგის” მიერ დაკისრებული სატელეფონო მომსახურების ჩართვა-გამორთვის 5 ლარიანი ტარიფის გადახდისაგან;
4. დაევალოს შპს ,,ახალ ქსელებს” 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს მომხმარებლებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებების კორექტირება და საკუთარი აბონენტების ყველა შესაძლო გზით ინფორმირება მომსახურების მიწოდების, შეზღუდვისა და შეწყვეტის ყველა გარემოებების თაობაზე;
5. არ დაკმაყოფილდეს მომხმარებელ ი. ხახუტაშვილის მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის (3000 ლარის ოდენობით) ანაზღაურების თაობაზე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოდავე მხარეებისათვის და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისათვის გაგზავნა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში.
კომისიის წევრები: სოფიო ბრიტანჩუკი
კარლო კვიტაიშვილი
აკაკი სიხარულიძე
