შპს ”სისტემა+”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2010
მიღების თარიღი ივლისი 16, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 05 ივლისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათი და შპს ”სისტემა+”ის მიმართ 2010 წლის 02 ივლისს შედგენილი შემოწმების აქტი №46. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, შპს ”სისტემა+” სამაუწყებლო არხი ТНТ -ს სატელევიზიო პროგრამა Comedy Club-ს გადასცემდა არამართლზომიერად, სამაუწყებლო არხი ТНТ-სთან საქართველოს ტერიტორიაზე პროგრამა Comedy Club-ს რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენის გარეშე. შემოწმების აქტის ასლი და მასზე დართული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის მიერ შპს ”სისტემა+”-ს გაეგზავნა 2010 წლის 12 ივლისს, რომელიც მას ჩაბარდა 2010 წლის 13 ივლისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში 2010 წლის 12 ივლისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სისტემა+”-ს სანქცირებასთან დაკავშირებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 12 ივლისს შპს ”სისტემა+”-ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, რომელიც მას ჩაბარდა 2010 წლის 13 ივლისს.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2010 წლის 16 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს ”სისტემა+”-ის წარმომადგენელი. 2010 წლის 16 ივლისს (№6/2302-10) კომისიაში შემოვიდა შპს ”სისტემა+”-ის დირექტორის, მ. ბერუაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, მისთვის ცნობილია 2010 წლის 16 ივლისს კომისიის სხდომაზე შპს ”სისტემა+”-ის საკითხის განხილვის თაობაზე და როგორც ეს განცხადებაშია აღნიშნული, იგი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს კომისიის სხდომაზე დასწრებას. ამასთან ერთად, შპს ”სისტემა+”-ის დირექტორი არ შუამდგომლობს კომისიის სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე და განცხადებაში აღნიშნავს, რომ იგი არ ეთანხმება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შპს ”სისტემა+”-ისთვის დაკისრების საკითხს. ამას გარდა, შპს ”სისტემა+”-ის დირექტორმა განცხადებას დაურთო თავისი თანამშრომლის, მორიგე ოპერატორის გ. ბატკუაშვილის 2010 წლის 03 ივლისის წერილობითი ასხნა-განმარტება.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, კომისიამ იმსჯელა შპს “სისტემა+”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის მის დაუსწრებლად განხილვის თაობაზე და მიიჩნია, რომ კომისიის მიერ შესრულებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 95-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შპს ”სისტემა+”-ს ჩაბარდა 2010 წლის 13 ივლისს. მასვე, 2010 წლის 13 ივლისს ჩაბარდა შემოწმების აქტის ასლი და მისი დანართი - შემოწმების მიმდინარეობის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი. შპს ”სისტემა+”-ის მიერ წარმოდგენილია საკუთარი მოსაზრება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და აღძრული არ არის შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. ამდენად, დაინტერესებულ პირს ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, მიიღებულია ზომები მისი საქმეში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და მას მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი შპს ”სისტემა+”ის დაუსწრებლად.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ”სისტემა+”-ის მიმართ 2010 წლის 02 ივლისს გაფორმებული №46 შემოწმების აქტის, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილის სამსახურებრივი ბარათის, კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ.რატიშვილის და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტ მ. აროშიძის ახსნა-განმარტებების, ჩატარებული შემოწმების აუდიო-ვიდეო ჩანაწერის, 2009 წლის 24 სექტემრის № P-19-2009 სალიცენზიო ხელშეკრულების, აგრეთვე შპს ”სისტემა+”-ის დირექტორის 2010 წლის 16 ივლისის (№6/2302-10) წერილობითი განცხადების, შპს ’სისტემა+”ის თანამშრომლის გ. ბატკუაშვილის წერილობითი ახსნა-განმარტების და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.შპს ”სისტემა +” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 24.12.2008, ავტორიზებული საქმიანობის სახე-ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება),რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემას;
2.შპს ”სისტემა+”-ს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
3.2010 წლის 02 ივლისს, შპს ”სისტემა +”-ის სათაო სადგურში, მდებარე თბილისი, ა.წერეთლის 55/1 კორპუსი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილის, ამავე დეაპრტამენტის სპეციალისტ მ. აროშიძის მონაწილეობით და შპს ”სისტემა +”-ის სადგურის მორიგე ოპერატორ გ. ბატკუაშვილის დასწრებით განხორციელდა შპს ”სისტემა +”-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №46. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი მ. აროშიძე. შემოწმების აქტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა შპს ”სისტემა +”-ის სადგურის მორიგე ოპერატორმა გ. ბატკუაშვილმა და მანვე ხელი შეუშალა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლებს მოეწვიათ ორი მოწმე, რომლებიც დაადასტურებდნენ გ. ბატკუაშვილის მიერ შემოწმების აქტზის ხელმოწერაზე უარის თქმის ფაქტს. კერძოდ, შპს ”სისტემა +”-ის სადგურის მორიგე ოპერატორმა გ. ბატკუაშვილმა ჩაკეტა სადგურში შესასვლელი კარი. კომისიის შემოწმების მიმდინარეობა დაფიქსირებულია აუდიო-ვიზუალური გადაღების საშუალებით და აუდიო-ვიდეო მასალა თან ერთვის შემოწმების აქტს.
შპს ”სისტემა+”-ის მორიგე ოპერატორი გ. ბატკუაშვილის 2010 წლის 03 ივლისის ახსნა-განმარტების თანახმად, კომისიის თანამშრომლები ნამდვილად გამოცხადდნენ შპს ”სისტემა+”-ის სადგურზე 2010 წლის 02 ივლისს და მოახდინეს შპს ”სისტემა +”-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შემოწმება. ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ უცხო პირების შემოსვლით აღელვებულმა გ. ბატკუაშვილმა უარი განაცხადა შემოწმების აქტის ხელმოწერაზე. კომისია აღნიშნავს, რომ თავისი შინაარსით გ. ბატკუაშვილის განცხადება ადასტურებს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ”სისტემა +”-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შემოწმების ჩატარების და მის მიერ შემოწმების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის ფაქტს.
კომისია განმარტავს, რომ შემოწმების აქტი №46 შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, შემოწმება განხორციელდა ავტორიზებუყლი პირი შპს ”სისტემა +”-ის სადგურის მდებარეობის ადგილას, შესამოწმებული პირის წარმომადგენლი, მორიგე ოპერატორი გ. ბატკუაშვილის დასწრებით. ის ფაქტი, რომ გ. ბატკუაშვილის მიერ შემოწმების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მიუხედავად, შემოწმების აქტში არ არის მითითებული 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა, კომისიის აზრით არ წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის იმ არსებითი ხასიათის დარღვევას, რომლის არარსებობის პირობებში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კომისიას მიაჩნია, რომ შემოწმების აქტი, შემოწმების მიმდინარეობის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერთან, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ.რატიშვილის და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტ მ. აროშიძის ახსნა-განმარტებებთან, შპს ”სისტემა+”-ის მორიგე ოპერატორ გ.ბატკუაშვილის 2010 წლის 03 ივლისის წერილობით ახსნა-განმარტებასთან ერთად შემოწმების აქტის სისწორის საკმარის და უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს.
კომისიამ აგრეთვე შეისწავლა კომისიაში წარმოდგენილი ღია სააქციო საზოგადოება ”THT –Телесеть” და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2009 წლის 24 სექტემბერს დადებული და შპს ”სისტემა+”-სა და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2009 წლის 09 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებები და გამოარკვია, რომ მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს ”სისტემა +”-ს მოპოვებული არა აქვს სამაუწყებლო არხი “THT”-ს სატელევიზიო გადაცემა Comedy Club-ის საქართველოში რეტრანსლირების უფლება.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კომისამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ”სისტემა +” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემდა სამაუწყებლო არხი “THT”-ს სატელევიზიო გადაცემა Comedy Club-ს.
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-6, მე-8 და მე-14 მუხლების, ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, კაბელით გადაცემა წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემას სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით, ხოლო მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) პუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად ნიშნავს უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მათი გამოყენება დაკავშირებულია მათი შემადგენელი რაიმე ნაწილის ციტირებასთან, სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევის მიზნით ილუსტრირებასთან, მიმდინარე მოვლენის მიმოხილვის მიზნით მათი ნაწყვეტების გამოყენებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
შპს ”სისტემა+”-მა კომისიას ვერ წარუდგინა სამაუწყებლო არხი “THT”-ს სატელევიზიო გადაცემა Comedy Club-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულება, შესაბამისად, იგი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემდა სამაუწყებლო არხი “THT”-ს სატელევიზიო გადაცემა Comedy Club-ს, რაც ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევას წარმოადგენს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”სისტემა+”-ის მიმართ კომისიის 2010 წლის 10 მაისის №222/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციის სახით გამოყენებულია ჯარიმა ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ავტორიზებული პირის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 30000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (13/07/2010; №10/819-10) შესაბამისად, შპს ”სისტემა+”-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი არ აღემატება 30,000.00 (ათი ათასი) ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”სისტემა+”-ს ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს მითიტებული ნორმით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობის, 30,000.00 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-18 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დაეკისროს ჯარიმა შპს ”სისტემა+”-ს 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2.უზრუნველყოს შპს ”სისტემა+”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;
3.უზრუნველყოს შპს ”სისტემა+”-მა სამაუწყებლო არხი “THT”-ს სატელევიზიო გადაცემა Comedy Club-ის საქართველოს ტერიტორიაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულების გარეშე გადაცემის(არამართლზომიერი ტრანზიტი) დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”სისტემა+”ისთვის, დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სისტემა+”-ისათვის ჩაბარების დღიდან;
7.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. თოდრია) ავტორიზებული პირი შპს ”სისტემა +”-სათვის აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე შესაბამისი მონაცემების ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
