შპს ”ახალი ქსელებისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2010
მიღების თარიღი ივლისი 16, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 15 ივნისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათი და შპს ”ახალი ქსელების” მიმართ 2010 წლის 17 მარტს შედგენილი შემოწმების აქტები №40 და №41. მითითებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს ”ახალი ქსელები”, რომელსაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების სფეროში, რიგ სატელევიზიო არხებს გადასცემდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში 2010 წლის 12 ივლისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახალი ქსელების” სანქცირებასთან დაკავშირებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 12 ივლისს შპს ”ახალ ქსელებს” გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2010 წლის 16 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელების” გენერლური დირექტორი ა. იაშვილი და იურისტი ნ. ჟღენტი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ”ახალი ქსელების” მიმართ 2010 წლის 17 მარტს გაფორმებული №40 და №41 შემოწმების აქტების, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი რატიშვილის 2010 წლის 15 ივნისის სამსახურებრივი ბარათის, კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის ახსნა-განმარტების, კომისიის მიერ 2010 წლის 29 მარტს (№04/769-10) და 2010 წლის 20 აპრილს (№04/986-10) შპს ”ახალი ქსელებისათვის” და 2010 წლის 07 მაისს (№04/1108-10) შპს ”სისტემ ნეტისათვის” გაგზავნილი წერილების, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”სისტემ ნეტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების, შპს ”ახალი ქსელებიდან” კომისიაში 2010 წლის 12 აპრილს (№6/1135-10) და 2010 წლის 30 აპრილს (№6/1481-10) შემოსული წერილების, შპს ”სისტემ ნეტიდან” კომისიაში 2010 წლის 19 მაისს (6/1699-10) შემოსული წერილის, შპს ”ახალი ქსელების” 2010 წლის 16 ივლისის წერილობითი ახსნა-განმარტების, შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.შპს ”ახალი ქსელები” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემას.
2.შპს ”ახალ ქსელებს” უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3.2010 წლის 17 მარტს, შპს ”ახალი ქსელების” ოფისში, მდებარე ქ.ფოთი, წმინდა გიორგის №16 და აგრეთვე, შპს ”ახალი ქსელების” მომხმარებელთან,მისამართზე ქ.ფოთი, კოსტავას №8, ბინა №57 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროს გ.რატიშვილის, ამავე დეაპრტამენტის სპეციალისტ ი.მახარაძის მონაწილეობით, მომხმარებლებისა და შესამოწმებელი პირის თანამშრომელთა დასწრებით, განხორციელდა შპს ”ახალი ქსელების” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტები №40 და №41. შემოწმების აქტს №40 ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ი.მახარაძე და შპს ”ახალი ქსელების” თანამშრომლები ნ.სახოკია და მ.სახოკია. შემოწმების აქტს №41 ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ი.მახარაძე და შპს ”ახალი ქსელების” მომხმარებლები ე.ესიავა და გ.ხაზალია.
4. შემოწმების განხორციელების შემდეგ, შპს ”ახალმა ქსელებმა” 2010 წლის 12 აპრილს (№6/1135-10) კომისიას წარუდგინა წერილობითი განცხადება, რომლის თანახმად შპს ”ახალი ქსელები” არ ახორციელებს სატელევიზიო არხების ტრანსლირებას საქართველოში, არამედ შპს ”სისტემ ნეტთან” გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს მომხმარებელთა მომსახურებას, რის გამოც სატელევიზიო არხების ხელშეკრულებები მას არ გააჩნია.
2010 წლის 16 ივლისს კომისიის სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი ნ. ჟღენტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი განცხადების თანახმად, ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებას შპს ”ახალი ქსელები” ახორციელებდა მხოლოდ ტესტურ რეჟიმში და ემსახურებოდა ბოლო მომხმარებელს ქალაქებში - ზესტაფონი და ფოთი. იმავდროულად, შპს ”ახალი ქსელებს” მიაჩნია, რომ ლიცენზირებული არხების მოწოდებაზე ვალდებულება ეკისრებოდა შპს ”სისტემ ნეტს” და არა შპს ”ახალ ქსელებს”. დამატებით, 2010 წლის 30 აპრილის №6/1481-10 წერილით შპს ”ახალმა ქსელებმა” წარუდგინა კომისიას მასსა და შპს ”სისტემ ნეტთს” შორის 2009 წლის 01 მაისს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”ახალი ქსელების” განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ ახორციელებს ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებას და არ არის პასუხისმგებელი თავისი მომხმარებლებისათვის გადაცემული არხების კანონიერი გზით მიღებაზე. კომისია განმარტავს, რომ შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”სისტემ ნეტს” შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ”ახალი ქსელები” 2009 წლის 01 მაისიდან დღემდე უზრუნველყოფს თავის აბონენტებს სრული IPTV (აიპ-ტელევიზია) მომსახურებით და აფორმებს მომსახურების ხელშეკრულებებს თავის აბონენტებთან (ხელშეკრულების 1.1 და 2.1.2 პუნქტები). ხელშეკრულების თანახმად,შპს ”სისტემ ნეტი” უწევს IPTV სერვის მომსახურებას შპს ”ახალ ქსელებს” (ხელშეკრულების 1.1 პუნქტი).
კომისია განმარტავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით.
ამდენად, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”სისტემ ნეტს” შორის დადებული ხელშეკრულებით დასტურდება ის ფაქტი, რომ შპს ”ახალი ქსელები” საკუთარი ქსელის გამოყენებით ერთ წელზე მეტია თავის აბონენტებს უწევს სატრანზიტო მაუწყებლობის მომსახურებას მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
რაც შეეხება, მომსახურების ტესტურ რეჟიმში განხორციელებას, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს შპს ”ახალ ქსელებს” კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისაგან განახორციელოს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსხურება ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
5. ამას გარდა, კომისიამ გამოიკვლია შპს ”სისტემ ნეტის” მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები გაფორმებული მასსა (ან, სს”ეგრისს”, რომლის სამართალმემკვიდრეც არის შპს ”სისტემ ნეტი”) და შპს ”ტელერადიოკომპანია ევრიკას”, შპს ”ალანიას”, შპს”ტელეკომპანია რუსთავი-2”-ს, შპს ”ტელეიმედს”, შპს ”ტელეკომპანია თბილისს”, შპს ”ტელეკომპანია კავკასიას”, აჭარის ტელევიზიას, შპს ”ტელეკომპანია ”მზეს”, შპს ”ტელეკომპანია პირველ სტერეოს”, სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებელს”, შპს ”ალანიას” და შპს ”სტარინას ჰოლდინგს” შორის. ამას გარდა, კომისიის სხდომაზე შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ იქნა შპს ”სისტემ ნეტსა” და შპს ”სტარინას ჰოლდინგს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1-ის ცვლილებები.
ხელშეკრულებებისა და მათი დანართების ნამდვილობის და უფლებათა მესამე პირებზე გადაცემის კანონიერების შესწავლის გარეშე, კომისიამ გამოარკვია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებებით საერთოდ არ არის გათვალისწინებული შპს ”სისტემ ნეტისა” ან შპს ”ახალი ქსელებისათვის” საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების გადაცემა: ტელეიმედი, მაესტრო, საქართველო, Music Box Ru, Telemedia, iNTER+.
6. კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”ახალი ქსელების” შუამდგომლობას საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და არ ეთანხმება შპს ”ახალი ქსელების” განმარტებას იმის თობაზე, რომ მას მცირე დროში უხდებობდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის დოკუმენტების გაცნობა და კომისიაში წარდგენა. კომისია განმარტავს, რომ კომისიამ, საკითხის განსახილველად აუცილებელი ხელშეკრულებების წარდგენის თაობაზე წერილობითი მოთხოვნები შპს ”ახალ ქსელებს” გაუგზავნა 2010 წლის 29 მარტს და 2010 წლის 20 აპრილს. ასეთივე მოთხოვნა , 2010 წლის 07 მაისს კომისიამ გაუგზავნა შპს ”სისტემ ნეტს”. ამას გარდა, შემოწმების აქტების ასლები შპს ”ახალ ქსელებს” კომისიის მიერ გაეგზავნა და ჩაბარდა 2010 წლის 14 ივლისს. შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლები ესწრებოდნენ კომისიის 2010 წლის 16 ივლისის სხდომას, წარუდგინეს კომისიას წერილობით ჩამოყალიბებული მოსაზრება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და დამატებითი მტკიცებულება (ხელშეკრულების დანართის ცვლილება). ამდენად, კომისიამ უზრუნველყო შპს ”ახალი ქსელების” მონაწილეობა საქმეში, მისცა მას საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა და საქმის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.
7. კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”ახალი ქსელების” მოსაზრებას საკითხის ხანდაზმულობასთან და საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. კომისია განმარტავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” წერილობით განმარტებაში მითითებული სამართლებრივი ნორმებით - საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, წესრიგდება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ხანდაზმულობა და არა ”ელექტრონული კომუნიკაციების ” შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევების ხანდაზმულობა.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ”ახალი ქსელები” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, არამართლზომიერად გადასცემდა და ბოლო მომხმარებელს აწვდიდა შემდეგ სატელევიზიო არხებს: ტელეიმედი, მაესტრო, საქართველო, Music Box Ru, Telemedia, iNTER+.
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-6, მე-8 და მე-14 მუხლების, ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, კაბელით გადაცემა წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემას სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით, ხოლო მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) პუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად ნიშნავს უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მათი გამოყენება დაკავშირებულია მათი შემადგენელი რაიმე ნაწილის ციტირებასთან, სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევის მიზნით ილუსტრირებასთან, მიმდინარე მოვლენის მიმოხილვის მიზნით მათი ნაწყვეტების გამოყენებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
შპს ”ახალმა ქსელებმა” ვერ წარუდგინა კომისიას სატელევიზიო არხების - ტელეიმედი, მაესტრო, საქართველო, Music Box Ru, Telemedia, iNTER+ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, შესაბამისად, იგი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემდა მითითებულ სატელევიზიო არხებს, რაც ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევას წარმოადგენს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ახალი ქსელების” მიმართ კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №445/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციის სახით გამოყენებულია გაფრთხილება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (13/07/2010; №1/819-10) შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელების” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი აღემატება 10,000.00 ლარს და იგი შეადგენს 143,244.66 ლარს. კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელებს” ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დაეკისროს ჯარიმა შპს ”ახალ ქსელებს” 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2.უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;
3.უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” საქართველოს ტერიტორიაზე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების გარეშე ტრანსლირების (არამართლზომიერი ტრანზიტი) დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ახალი ქსელებისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ახალი ქსელებისთვის” ჩაბარების დღიდან;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. თოდრია) ავტორიზებული პირი შპს ”ახალი ქსელებისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე შესაბამისი მონაცემების ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
