წვდომის მენიუ

შპს "ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” სანქცირების თაობაზე

ნომერი: 334 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2010

მიღების თარიღი ივლისი 20, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა  აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 13 ივლისს  წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000034, შედგენილი 2010 წლის 12 ივლისს ქ.თბილისში, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” კომისიის 2009 წლის 07 ივლისის №320/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 0007 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, საქართველო ტერიტორიაზე. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მინიჭებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ვადა ამოიწურა 2010 წლის 27 ივნისს და შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისი” აგრძელებს ნუმერაციის რესურსი 0007-ით სარგებლობას, მინიჭების გარეშე.

სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მ.გოთოშია და შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” იურისტი გ.ზედელაშვილი.

სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულია შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” იურისტის გ.ზედელაშვილის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისიმ” ვერ მიმართა კომისიას  ნუმერაციის რესურსის 0007 ხელახლა მინიჭების განცხადებით კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საქართველოში არ ყოფნის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

2010 წლის 14 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2010 წლის 20 ივლისი 16:00 საათი,  რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის”. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2010 წლის 20 ივლისს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” წარმომადგენელი, იურისტი გ.ზედელაშვილი, რომელმაც აღნიშნა რომ  შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისიმ” ვერ მიმართა კომისიას  ნუმერაციის რესურსის 0007  ხელახლა მინიჭების განცხადებით კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შვებულებაში ყოფნის გამო და წარუდგინა კომისიას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტების  თანახმად,  2010 წლის 23 ივნისიდან 2010 წლის 30 ივნისამდე შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” გენერალური დირექტორი დ.კილაძე  კუთვნილი შვებულებით იმყოფებოდა ბარსელონაში, ესპანეთი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის  მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000034 ოქმის და ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალების  შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” კომისიის 2009 წლის 07 ივლისის №320/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 0007 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, საქართველო ტერიტორიაზე. გადაწყვეტილების თანახმად ნუმერაციის მინიჭების ვადა განისაზღვრა 2009 წლის 27ივნისიდან 2010 წლის 27 ივნისამდე პერიოდით. ამდენად, მინიჭებული ნუმერაციის 0007 სარგებლობის უფლება შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” გაუვიდა 2010 წლის 27 ივნისს.

2. შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” შემოწმების ჩატარების დროისათვის (2010 წლის 12 ივლისი) არ მიუმართავს კომისიისათვის განცხადებით ნუმერაციის რესურსი 0007-ით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე.

3. შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისი” 2009 წლის 27 ივნისიდან დღემდე, მინიჭების გარეშე იყენებს ნუმერაციის რესურსს 0007.

4. რაც შეეხება ნუმერაციის რესურსის მინიჭების თაობაზე განცხადების კომისიაში დაგვიანებით წარდგენას შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისი”-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საქართველოში არ ყოფნის გამო, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის”  კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისაგან - ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით მხოლოდ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მინიჭების საფუძველზე.

     მას გარდა, იურიდიული პირის გენერალური დირექტორის შვებულებაში ყოფნა  და მისი  ესპანეთში გამგზავრება, კომისიამ არ მიიჩნია იურიდიული პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.

5. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.“ გამომდინარე იქიდან, რომ შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” მიერ ნუმერაციის რესურსით - 0007 სარგებლობა ხორციელდებოდა მინიჭების გარეშე, შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და   უნდა აეკრძალოს მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით 0007  სარგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე და 38-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისის” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;

2. უზრუნველყოს შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისიმ”  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისიმ” დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნუმერაციის რესურსით 0007 სარგებლობა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს \"ფარმაცევტული კომპანია ჯიპისისთვის” ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                             ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                           სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                           კარლო კვიტაშვილი

კომისიის წევრი                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                         ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები