შპს ”ლუნეტის” სანქცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2010
მიღების თარიღი ივლისი 20, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 13 ივლისს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000033, შედგენილი 2010 წლის 12 ივლისს ქ.თბილისში, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ლუნეტს“ კომისიის 2009 წლის 07 ივლისის №319/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 0005 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, საქართველო ტერიტორიაზე. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მინიჭებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ვადა ამოიწურა 2010 წლის 06 ივნისს და შპს ”ლუნეტი“ აგრძელებს ნუმერაციის რესურსით 0005 სარგებლობას მინიჭების გარეშე.
სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსი მ.გოთოშია და შპს „ლუნეტის“დირექტორი გ. ხონელია. სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულია შპს ”ლუნეტის“ დირექტორის გ.ხონელიას ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად შპს ”ლუნეტი” იყენებდა ნუმერაციის რესურსს 0005 კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა ეს ხდებოდა ტესტურ რეჟიმში.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
2010 წლის 14 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ლუნეტის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2010 წლის 20 ივლისი 16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”ლუნეტს”. მხარეს აგრეთვე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2010 წლის 20 ივლისს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ლუნეტის“ წარმომადგენელი, დირექტორი გ.ხონელია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000033 ოქმის, შპს „ლუნეტის“ დირექტორი გ.ხონელიას ახსნა-განმარტების და ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ლუნეტს“ კომისიის 2009 წლის 07 ივლისის №319/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 0005 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, საქართველო ტერიტორიაზე. გადაწყვეტილების თანახმად ნუმერაციის მინიჭების ვადა განისაზღვრა 2009 წლის 06 ივნისიდან 2010 წლის 06 ივნისამდე პერიოდით. ამდენად, მინიჭებული ნუმერაციის 0005 სარგებლობის უფლება შპს ”ლუნეტს” გაუვიდა 2010 წლის 06 ივნისს.
2. შპს „ლუნეტს“ 2010 წლის 12 ივლისამდე არ მოუმართავს განცხადებით ნუმერაციის რესურსი 0005-ით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე.
3. შპს „ლუნეტი“ 2009 წლის 06 ივნისიდან დღემდე მინიჭების გარეშე იყენებს ნუმერაციის რესურსს 0005.
4. რაც შეეხება ნუმერაციის რესურსის ტესტურ რეჟიმში სარგებლობას, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს შპს ”ლუნეტს” კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისაგან - ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მინიჭების საფუძველზე.
5. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.“ გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ლუნეტის“ მიერ ნუმერაციის რესურსით - 0005 სარგებლობა ხორციელდებოდა მინიჭების გარეშე, შპს „ლუნეტის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ლუნეტის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და უნდა აეკრძალოს მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით 0005 სარგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”ლუნეტს”-ს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2.უზრუნველყოს შპს ”ლუნეტმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
და ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. შპს „ლუნეტმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნუმერაციის რესურსით 0005 სარგებლობა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”ლუნეტისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
6.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ლუნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);
9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
