შპს ”ნორმასთვის”ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2010
მიღების თარიღი ივლისი 23, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 08 ივლისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათი და შპს ”ნორმას” მიმართ 2010 წლის 08 ივლისს შედგენილი შემოწმების აქტი №47. მითითებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს ”ნორმა”, რომელსაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების სფეროში, სატელევიზიო არხი Культура-ს (ლოგო: РоссияК ) პროგრამა ”მხატვრული ფილმი” გადასცემდა საკაბელო ქსელით არამართლზომიერად, ამ პროგრამის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენის გარეშე.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 2010 წლის 12 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ნორმას” სანქცირებასთან დაკავშირებით.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 12 ივლისს შპს ”ნორმას” გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
კომისიის 2010 წლის 16 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ”ნორმას” წარმოამდგენელი. კომისიაში შემოსული წერილობითი განცხადებით (2010 წლის 16 ივლისის №6/2303/10) შპს ”ნორმას” დირექტორმა იშუამდგომლა საქმის გადადების თაობაზე მისი ადვოკატის დაკავებულობის მოტივით. კომისიამ დააკმაყოფილა შპს ”ნორმას” დირექტორის შეამდგომლობა და გადადო საკითხის განხილვა 2010 წლის 23 ივლისს, 16:00 სთ-ზე, რის თაობაზეც შპს ”ნორმას” დირექტორს ეცნობა ტელეფონოგრამით, რომელიც გადაეცა მას სატელეფონო ნომერზე: 893 353658. ამას გარდა, კომისიის სხდომის დროისა და ადგილის შესახებ შპს ”ნორმას” ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა ფოსტით.
კომისიის სხდომა გაიმართა 2010 წლის 23 ივლისს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ”ნორმას” დირექტორი ა. ვირაბოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ის საკაბელო ქსელით გადასცემდა სატელევიზიო არხ Культура-ს (ლოგო: РоссияК ) საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან 2008 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. რაც შეეხება მითითებული არხის პროგრამას ”მხატვრული ფილმი”, შპს ”ნორმა” მის გადაცემას ახორციელებდა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე და კომისიას მისთვის რომ ეცნობებინა მითითებული პროგრამის გადაცემის არამართლზომიერების შესახებ, დაუყოვნებლივ შეწყვეტდა მის ჩვენებას. ა. ვირაბოვმა იშუამდგომლა შპს ”ნორმასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემსუბუქების თაობაზე.
შპს ”ნორმას” დირექტორმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარის გ.ბერუაშვილის 2010 წლის 22 ივლისის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს, როგორც ტელეარხ Культура-ს უფლებამოსილ წარმომადგენელს საქართველოში რაიმე პრეტენზია შპს ”ნორმას” მიმართ არ გააჩნია. წერილს თან ერთვის 2010 წლის 26 აპრილით დათარიღებული რუსულ ენაზე შესრულებული დოკუმენტის (მინდობილობა) ქსეროასლის ქართული თარგმანი. საქართველოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია მხოლოდ ქართულ თარგმანზე მთარგმნელის ხელმოწერის სინამდვილე და არა წარმოდგენილი დოკუმეტის სინამდვილე ან/და მისი თარგმანის სისწორე. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი წერილი კომისიამ გამოიკვლია მხოლოდ მისი შენაარსის, სხვა მტკიცებულებებთან მისი შესაბამისობის გათვალისწინებით და მასზე დართული მინდობილობის ასლის ნამდვილობის დამატებითი გამორკვევის გარეშე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ”ნორმას” მიმართ 2010 წლის 08 ივლისს გაფორმებული №47 შემოწმების აქტის, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის 2010 წლის 08 ივლისის სამსახურებრივი ბარათის, კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტ მ.აროშიძის ახსნა-განმარტებების, ჩატარებული შემოწმების აუდიო-ვიდეო ჩანაწერის, 2009 წლის 31 აგვისტოს №5844-1/2220 სალიცენზიო ხელშეკრულების, 2008 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების, რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიო სამაუწყებლო კომპანიის (ВГТРК) 2010 წლის 05 აპრილის №49/2200/23 წერილის, აგრეთვე შპს ”ნორმას” დირექტორ ა.ვირაბოვის მიერ შემოწმების დროს მიცემული ახსნა-განმატრების და შემოწმების აქტზე მისი ხელმოწერის, საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარის გ.ბერუაშვილის 2010 წლის 22 ივლისის წერილის, შპს ”ნორმას” წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.შპს ”ნორმა” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 15/05/2006, ავტორიზებული საქმიანობის სახე-ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემას.
2. შპს ”ნორმა” უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. 2010 წლის 08 ივლისს, შპს ”ნორმას” სათაო ოფისში, მდებარე ქ.თბილისი, ვაზისუბნის მე-3 მკრ.რაიონი, კვ.2, კორპუსი 15, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროს გ. რატიშვილის, ამავე დეაპრტამენტის სპეციალისტ მ. აროშიძის მონაწილეობითა და შპს ”ნორმას” დირექტორ ა.ვირაბოვის დასწრებით განხორციელდა შპს ”ნორმას” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №47. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი მ. აროშიძე და შპს ”ნორმას” დირექტორი ა.ვირაბოვი. შემოწმების მიმდინარეობა დაფიქსირებულია აუდიო-ვიზუალური გადაღების საშუალებით და ვიდეო მასალა თან ერთვის შემოწმების აქტს. 2010 წლის 08 ივლისის №47 შემოწმების აქტის თანახმად, შპს ”ნორმა” საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემდა სატელევიზიო არხი Культура-ს (ლოგო: РоссияК ) სატელევიზიო გადაცემას ”მხატვრული ფილმი”.
4. კომისიაში წარმოდგენილი 2009 წლის 31 აგვისტოს (№5844-1/2220) რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიო სამაუწყებლო კომპანიასა (ВГТРК) და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის, აგრეთვე, 2008 წლის 01 აპრილს, შპს ”ნორმასა” და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის დადებული ხელშეკრულებების, რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიო სამაუწყებლო კომპანიის (ВГТРК) 2010 წლის 05 აპრილის (№49/2200/23) წერილის შესწავლით კომისიამ გამოარკვია, რომ შპს ”ნორმას” მოპოვებული არა აქვს სატელევიზიო არხი Культура-ს (ლოგო: РоссияК ) პროგრამა ”მხატვრული ფილმის” საქართველოში რეტრანსლირების უფლება.
კერძოდ, სახელმწიფო ტელე და რადიო სამაუწყებლო კომპანიასა (ВГТРК) და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის შორის 2009 წლის 31 აგვისტოს (№5844-1/2220) დადებული ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების თანახმად, დანართი №1 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და არის სატელევიზიო არხი Культура-ს პროგრამების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო ტელე და რადიო სამაუწყებლო კომპანია (ВГТРК) უგზავნის საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს კვარტალში ერთხელ.
რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიო სამაუწყებლო კომპანიის (ВГТРК) 2010 წლის 05 აპრილის (№49/2200/23) წერილის თანახმად, ყველა ორგანიზაციას და ფირმას, რომელიც სარგებლობს სატელევიზიო პროგრამა Культура-ს ჩვენების უფლებით ეცნობათ სატელევიზიო პროგრამა Культура-ს იმ გადაცემათა ჩამონათვალი, რომელთა ჩვენების უფლებას ანიჭებდა მათ რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიო სამაუწყებლო კომპანია. აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებული არ არის პროგრამა ”მხატვრული ფილმი”. შესაბამისად, რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიო სამაუწყებლო კომპანიის (ВГТРК ) მხრიდან ადგილი არ ჰქონდა სატელევიზიო არხი Культуа-ს პროგრამა ”მხატვრული ფილმის” რეტრანსლირების უფლების გადაცემას საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირისთვის.
5. კომისიამ აგრეთვე გამოიკვლია საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარის 2010 წლის 22 ივლისის (№204) წერილი და დაადგინა, რომ მითითებული წერილი თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ტელეარხი Культура-ს პროგრამა ”მხატვრული ფილმის” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლაციის ნების დართვას, შესაბამისად იგი არ წარმოადგენს მითითებული პროგრამის საქართველოს ტეროტორიაზე რეტრანსლირების სამართლებრივ საფუძველს როგორც საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის, ისე შპს ”ნორმასთვის”.
6. შპს ”ნორმას” დირექტორ ა.ვირაბოვის მიერ შემოწმების დროს და კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ შპს ”ნორმა” საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან ზეპირი შეთანხმებით ახორციელებდა სატელევიზიო არხი Культура-ს (ლოგო: РоссияК ) პროგრამა ”მხატვრული ფილმის” რეტრანსლირებას. მანვე აღიარა, რომ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის უფლებამოსილი პირებისგან მისთვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა ზეპირი შეთანხმება სატელევიზიო არხ Культура-სთან(ლოგო: РоссияК ) გადაცემა ”მხატვრული ფილმის” ჩვენებასთან დაკავშირებით, რის გამოც შპს ”ნორმა” არ იცავდა სახელმწიფო ტელე და რადიო სამაუწყებლო კომპანიასა (ВГТРК) და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამაუწყებლო პროგრამების ბადეს.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან ზეპირი შეთანხმების არსებობის პირობებშიც, შპს ”ნორმა” როგორც ავტორიზებული პირი ვალდებული იყო დაეცვა კანონისმიერი მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე უცვლელი სახით გადაწცა მხოლოდ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სატელევიზიო არხები და პროგრამები. კომისია აგრეთვე განმარტავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის თანახმად მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი ავტორიზებული პირია ვალდებული დაიცვას ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების” შესახებ საქართველოს კანონი და სწორედ მან უნდა აგოს პასუხი ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ”ნორმა” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემდა სატელევიზიო არხი Культура-ს (ლოგო: РоссияК) პროგრამას ”მხატვრული ფილმი”.
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-6, მე-8 და მე-14 მუხლების, ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, კაბელით გადაცემა წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემას სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით, ხოლო მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) პუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად ნიშნავს უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მათი გამოყენება დაკავშირებულია მათი შემადგენელი რაიმე ნაწილის ციტირებასთან, სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევის მიზნით ილუსტრირებასთან, მიმდინარე მოვლენის მიმოხილვის მიზნით მათი ნაწყვეტების გამოყენებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
შპს ”ნორმამ” ვერ წარუდგინა კომისიას სატელევიზიო არხი Культура-ს (ლოგო: РоссияК ) პროგრამა ”მხატვრული ფილმის” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულება, შესაბამისად, იგი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემდა სატელევიზიო არხი Культура-ს (ლოგო: РоссияК ) სატელევიზიო პროგრამას ”მხატვრული ფილმი”, რაც ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევას წარმოადგენს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ნორმას” მიმართ კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს №394/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციის სახით გამოყენებულია გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (13/07/2010; №10/819-10) შესაბამისად, შპს ”ნორმას” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი არ აღემატება 10,000.00 (ათი ათასი) ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ნორმას” ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 10,000.00 (ათი ათასი) ლარის გადახდა, რაც ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალურ ოდენობას შეადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-18 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დაეკისროს ჯარიმა შპს ”ნორმას” 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2.უზრუნველყოს შპს ”ნორმამ” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;
3.უზრუნველყოს შპს ”ნორმამ” სატელევიზიო არხი Культура-ს (ლოგო: РоссияК ) სატელევიზიო გადაცემა ”მხატვრული ფილმის” საქართველოს ტერიტორიაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულების გარეშე გადაცემის(არამართლზომიერი ტრანზიტი) დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ნორმასთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ნორმასთვის” ჩაბარების დღიდან;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. თოდრია) ავტორიზებული პირი შპს ”ნორმასთვის” აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე შესაბამისი მონაცემების ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
