შპს ”ლუნეტისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2010
მიღების თარიღი ივლისი 23, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (13.07.2010 №7/250-10) მიმართა შპს ”ლუნეტმა” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 0005 (ნული-ნული-ნული-ხუთი) ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ლუნეტს” კომისიის 2009 წლის 7 ივლისის №319/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი - 0005 (ნული-ნული-ნული-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 2010 წლის - 6 ივნისამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
შპს ”ლუნეტი” ახორციელებს მომხმარებლების საინფორმაციო მომსახურებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ლუნეტის” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ოთხნიშნა კომბინაციით - 0005 (ნული-ნული-ნული-ხუთი) სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”ლუნეტს” ნუმერაციის რესურსი 0-0-0-5 (ნული-ნული-ნული-ხუთი) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ლუნეტს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-0-5 (ნული-ნული-ნული-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2010 წლის - 23 ივლისიდან, 2011 წლის 23 ივლისამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;
2. შპს ”ლუნეტი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ლუნეტის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ლუნეტს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2010 წლის 23 ივლისიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
