„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის №1370 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №454/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2010
მიღების თარიღი ივლისი 23, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდმა“ (წერილი №7/257-10, 14.07.2010), №1370 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №454/1 გადაწყვეტილების საფუძველზე „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ ფლობს №1370 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა ქ. თბილისში ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის რაიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი და არსებული ტექნიკური პროექტების შესაბამისად.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 4 ნოემბრის №686/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ №1370 ლიცენზიით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალის (სამოქმედო ზონის) მოდიფიცირება და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა ქ.თბილისში“.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობით სხვა შინაარსი ჩაიდო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიათა დეფინიციებში, ხოლო სამაუწყებლო ლიცენზიის სახეებად განისაზღვრა კერძო და სათემო. ამ მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები, რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახე და სახეობა (საერთო თუ სპეციალიზებული მაუწყებლობა) ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად და მაუწყებელთაგან მიღებული წერილობითი დაზუსტების საფუძველზე, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განახორციელა სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელებული მოდიფიცირება არ შეხებია „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ კუთვნილ №1370 ლიცენზიას, ვინაიდან კომისიაში ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნა ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდმა“ მიმართა 2010 წლის 14 ივლისს (წერილი №7/257-10) და მოითხოვა, მისი კუთვნილი №1370 ლიცენზიის კერძო, სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე: დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
ამასთან ერთად კომისია, აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში სახეზეა არა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილება, არამედ სახეზეა, უკვე ძალადაკარგული, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის სახისა და სახეობის დღეს მოქმედ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვა ვერ გავრცელდება „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ კუთვნილი №1370 ლიცენზიის მოდიფიცირებაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ლიცენზიის ისეთ ცვლილებას, რომელიც არ გამოიწვევს სახის, სახეობისა ან ლიცენზიით გათალისწინებული გეოგრაფიული არეალის (სამოქმედო ზონის) ცვლილებას. მოდიფიცირების განხორციელების შემთხვევაში №1370 ლიცენზია, სხვა სამუწყებლო ლიცენზიების მსგავსად, მოყვანილი იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, ტელე-ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე–8 პუნქტით, რომლის თანახმადაც “თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს” და დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლი ნორმა ძალაშია 2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე და 76-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ №1370 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №454/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2010 წლის 20 აგვისტოს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისათვის“ (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
