წვდომის მენიუ

შპს „მობიტელის“ სანქცირების შესახებ

ნომერი: 354 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2010

მიღების თარიღი ივლისი 30, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 13 ივლისს კომისიას განცხადებით მომართა შპს „მაგთიკომმა“, შპს „მობიტელის“ მიერ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება შპს „მობიტელის“ რეკლამა, სადაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ზარების განხორციელებას საქართველოში ნებისმიერი ოპერატორის მიმართულებით მხოლოდ 9 თეთრად. რეალურად შპს „მობიტელის“ მომხმარებელი ყოველ კალენდარულ დღეს პირველ ორ წუთს საუბრობს წუთში 18 თეთრად და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა საშუალება ისარგებლოს რეკლამაში აღნიშნული ტარიფით. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ აღნიშნული ქმედებით ირღვევა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი, კერძოდ შპს „მობიტელს“ აღნიშნული რეკლამის მეშვეობით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და შესაბამისად, ზიანს აყენებს როგორც მომხმარებლებს, ასევე ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიების ინტერესებს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა მონიტორინგი და 2010 წლის 21 ივლისს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N2, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესწავლილ იქნა რამდენად შეესაბამებოდა რეალურ მონაცემებს შპს „მობიტელის“ მიერ გავრცელებული სატელევიზიო  რეკლამა, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელის“ ქსელიდან საქართველოს ყველა მიმართულებით განხორციელებულ ყველა სატელეფონო ზარზე წუთის ღირებულება არის 9 თეთრი.  შემოწმების დროს, 2010 წლის 21 ივლისს შპს „მობიტელის“ ქსელიდან განხორციელდა სატელეფონო ზარი სს „სილქნეტის“ მიმართულებით (ამონაწერი თან ერთვის შემოწმების ოქმს), ჩაწერილ და შესწავლილ იქნა ტელევიზიით გასული შპს „მობიტელის“ სამაუწყებლო რეკლამა, ამოღებულ და შესწავლილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია შპს „მობიტელის“ ვებ-გვერდიდან.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „მობიტელის“ მიერ ტელევიზიით გადაცემული რეკლამის შინაარსი არ შეესაბამება რეალობას, კერძოდ, რეკლამაში აღნიშნულია, რომ ზარის საფასური ყველა მიმართულებით შეადგენს 9 თეთრს, სინამდვილეში კი ყოველი დღის განმავლობაში საუბრის პირველი ორი წუთის საფასური შეადგენს 18 თეთრს. შესაბამისად, მომხმარებელი აღნიშნული რეკლამის მეშვეობით იღებს არასწორ ინფორმაციას.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების აქტისა და თანდართული მასალების საფუძველზე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2010 წლის 23 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „მობიტელის“ სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით (23.07.2010 N03/1663-10) ეცნობა შპს „მობიტელს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 30 ივლისის სხდომაზე რომელსაც ესწრებოდა შპს „მობიტელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ბატონი ი.ესართია. სხდომას ასევე ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „მობიტელის“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, შემდეგი სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე:

 ა) ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (GSM);

ბ) ინტერნეტ მომსახურება;

გ)მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

გ.ა ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

გ.ბ. საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

გ.გ. როუმინგული კავშირით მომსახურება

დ) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:

დ.ა ტექსტური შეწყობინების მომსახურება;

დ.ბ. მულტიმედიური მომსახურება;

დ.გ. ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);

დ.დ. მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

2. შპს „მობიტელის“ მიერ ტელევიზიით ვრცელდება შპს „მობიტელის“ რეკლამა, სადაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ზარების განხორციელებას მხოლოდ 9 თეთრად, საქართველოში, ნებისმიერი ოპერატორის მიმართულებით. სარეკლამო რგოლში არ არის აღნიშნული, რომ  დღეში პირველი ორი წუთის ღირებულება შეადგენს 18 თეთრს;

3. შპს „მობიტელის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული  სატარიფო გეგმის „ფრეში“ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სატარიფო გეგმის პირობებში მომხმარებელი საქართველოში ნებისმიერი მიმართულებით საუბრობს 9 თეთრად, მაგრამ,  ყოველ კალენდარულ დღეს პირველ ორ წუთს საუბრობს წუთში 18 თეთრად და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა საშუალება ისარგებლოს რეკლამაში აღნიშნული ტარიფით. აღნიშნულს ადასტურებს 2010 წლის 21 ივლისს სს “სილქნეტის“ მიმართულებით განხორციელებული სატელეფონო ზარის დეტალური ამონაწერი, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დასტურდება შპს „მობიტელის“ ვებ გვერდიდან ამოღებული მასალებითაც. კერძოდ, შპს „მობიტელის“ ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.beeline.ge) აღნიშნულია შემდეგი:

„სატარიფო გეგმაზე «ფრეში» გადასვლის ნომერი - 0674 12 022. გადასვლის ღირებულება შეადგენს 5 ლარს.

1. სასტარტო ბალანსი – თანხა, რომელიც იქნება დარიცხული აბონენტის ანგარიშზე ჩართვის შემდეგ.

2. დღეში საუბრის პირველი 2 წუთი - 18 თეთრი

3.საერთაშორისო ზარებზე მოქმედებს წუთობრივი ტარიფიცირება.

4. დსთ-ს ქვეყნები: სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ბელორუსია, თურქმენეთი“.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამას წარმადგენს არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი რეკლამა განმარტებულია, როგორც რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, არასარწმუნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის თვისებების, შემადგენლობის, დამზადების ადგილის,წესის, თარიღის, დანიშნულების, სამომხმარებლო თვისებების, გამოყენების პირობების, სერტიფიკატის ნიშნების, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის, რაოდენობის, ბაზარზე საქონლის არსებობის, მისი აღნიშნული რაოდენობით მითითებულ ადგილზე და ვადაში შეძენის შესაძლებლობის, რეკლამის გავრცელებისას საქონლის ღირებულების (ფასის), ანაზღაურების დამატებითი პირობების, საქონლის მიტანის, დაბრუნების, შეკეთების, საგარანტიო ვალდებულებების, ვარგისიანობის ვადის, სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა, გერბი, ჰიმნი) გამოყენების უფლების,ოფიციალური აღიარების (მადლობის, პრიზების, დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება), გამოკვლევისა და გამოცდის შედეგების, საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეკალმის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისთვის.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება; ამავე დებულების მე-3 მუხლის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება არის მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ;

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ ტელევიზიით გავრცელებული სატარიფო გეგმა „ფრეშის“ რეკლამა წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან რეკლამას, კერძოდ შპს „მობიტელის“ მიერ ტელევიზიით გავრცელებული რეკლამა არ ასახავს რეალურ ინფორმაციას კომპანიის მიერ რეკლამირებად მომსახურებაზე, კერძოდ, რეკლამაში არ არის აღნიშნული, რომ სატარიფო გეგმა „ფრეშით“ სარგებლობისას მომხმარებელი საუბრობს წუთში 9 თეთრად საქართველოში ნებისმიერი მიმართულებით, მაგრამ,  აღნიშნული სატარიფო გეგმით სარგებლობისთვის, მომხმარებელი ყოველ კალენდარულ დღეს პირველ ორ წუთს საუბრობს წუთში 18 თეთრად. შესაბამისად, შპს „მობიტელის“ მიერ გავრცელებულ რეკლამას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებლები, რეკლამირებადი მომსახურების თვისებების შესახებ, ამავე დროს, რეკლამა შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს, საქონლის ღირებულებისა (ფასის) და ანაზღაურების დამატებითი პირობების შესახებ, როდესაც რეკლამაში არ არის მითითებული, რომ  დღის განმავლობაში პირველი ორი წუთის ღირებულება 18 თეთრია. ამავე დროს, შპს „მობიტელის“ მიერ  მომხმარებელისთვის მიწოდებული მომსახურება არ შეესაბამება მის მიერ მასობრივი ინფორმაციიას საშუალებებით გავრცელებული რეკლამით გათვალისწინებულ პირობებს,

„რეკალამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე. 

კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა, რომ შპს „მობიტელის“ სატელეფონო პაკეტი „ფრეშის“ რეკლამასთან დაკავშირებით არ დგას რეკლამის მწარმოებლისა და რეკლამის გამავრცელებელის ბრალეულობის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მობიტელის“, როგორც რეკლამის დამკვეთის მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეკლამის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ვალდებულება.

შპს „მობიტელის“, როგორც ავტორიზებული პირის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის კერძოდ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები, აღნიშნული კი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა  და  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს პასუხისმგებლობის საფუძველს, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომელიც ითვალისწინებს, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელთა უფლებებისა და  კანონიერი ინტერესების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შპს „მობიტელს“ უნდა დაევალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით გადაცემული ტარიფი „ფრეშის“ სარეკლამო რგოლის შეჩერება ან მისი კორექტირება იმგვარად, რომ მასში ასახული იყოს აღნიშნული მომსახურების ტარიფებთან და პირობებთან დაკავშირებული რეალური ინფორმაცია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2010 წლის 30 ივლისის სხდომაზე აღიარებულ იქნა დარღვევის ფაქტი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-8 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-20 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „მობიტელს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ ტარიფი „ფრეშის“ სარეკლამო რგოლის ტელევიზიით გადაცემის შეჩერება ან მისი კორექტირება იმგვარად, რომ მასში ასახული იყოს აღნიშნული მომსახურების ტარიფებთან და პირობებთან დაკავშირებული რეალური ინფორმაცია.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”მობიტელისთვის”  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                              ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                              კ.კვიტაიშვილი         

კომისიის წევრი                                                                                          ა.სიხარულიძე                          

კომისიის წევრი                                                                           ი. მოსეშვილი              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები