კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ (წერილი №1327/01, 19.03.2010), შეცვლილი თანამგზავრიდან, თანამგზავრის ადმინისტრაციის მიერ მინიჭებულ ახალ სიხშირეზე ხელშემშლელი ეთერული ზედდების წარმოქმნის შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ სატელიტური მიმღები ანტენა განლაგებულია ქ.თბილისის სატელევიზიო გადამცემ ცენტრში, მთაწმინდის პლატოზე, ხოლო თანამგზავრიდან მიღების ახალი სიხშირე (12601.5 მჰც) ამ თანამგზავრის ადმინისტრაციის მიერ იქნა გამოყოფილი.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 2 ივნისის №10/619-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, მონიტორინგის მობილური ჯგუფის მიერ სატელევიზიო გადამცემი ცენტრის ტერიტორიაზე (მთაწმინდის პლატო, სატელევიზიო ანძა) ჩატარებული გაზომვების შედეგად დადასტურებულ იქნა სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” ინფორმაცია ხელშეშლის არსებობის შესახებ. გამოირკვა, რომ ხელშეშლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სატელევიზიო გადამცემ ცენტრში განთავსებული შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკასთვის“ კომისიის 2005 წლის 1 აპრილის №198/13 გადაწყვეტილებით მინიჭებულ სიხშირეზე (12605მჰც ± 14მჰც) მოქმედი რადიოსარელეო ხაზის გადამცემი, ამასთან, ხელშეშლები წარმოიქმნება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკასთვის“ მინიჭებულ 7860მგჰც სიხშირეზე მოქმედი რადიოსარელეო ხაზის გასხივების მიმართულებაც.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია სსიპ ”საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკას“ შორის სიხშირული ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდეს შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკასთვის“ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო ხაზის გასხივების მიმართულების შეცვლა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკას“ მიერ კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების გასხივების მიმართულების ექსპერიმენტალური ცვლილების მეშვეობით განეიტრალებულ იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამგზავრული მიღების არხის მიმართ ხელშემშლელი ზემოქმედება.
კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით, კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოქმედების ვადით, შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკასთვის“ მინიჭებული სიხშირე 7860მგჰც, რომელიც გამოიყენება რადიოსამაუწყებლო სიგნალის სტუდიიდან ანძამდე მისაწოდებლად შემდგომში გამოყენებულ უნდა იქნას სატელევიზიო სიგნალის სტუდიიდან ანძამდე მისაწოდებლად, №B17 ლიცენზიის ვადით, ხოლო №B18 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსამაუწყებლო სიგნალის სტუდიიდან ანძამდე მისაწოდებლად უნდა განისაზღვროს ახალი სიხშირული ზოლი (სავარაუდოდ - 10655მჰც ± 14მჰც), №B18 ლიცენზიის ვადით.
კომისიამ 2010 წლის 19 აპრილს მიმართა შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკას“ წერილით (№06/978-10) სიხშირისა და გასხივების მიმართულების შეცვლის საჭიროების თაობაზე, რაზეც შემოსულია შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” 2010 წლის 5 მაისის №6/1500-10 თანხმობის წერილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” კუთვნილი №5 ლიცენზიის მოდიფიცირება. კერძოდ, №5 ლიცენზია გაიყო ორ ლიცენზიად, №B17 კერძო საერთო ტელემაუწყებლობის და №B18 კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიებად. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკას“ მიენიჭა რადიოსარელეო კავშირისათვის განკუთვნილი სიხშირე (7860 მგჰც სიხშირე, სიმძლავრე 2 ვტ.) სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, №B18 ლიცენზიის მოქმედების ვადით. გამომდინარე იქიდან, რომ საეთერო ხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკასთვის“ მინიჭებული სიხშირის შეცვლა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილების განხორციელება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცვლილება უნდა განხორციელდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2010 წლის 2 ივლისის №304/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე „კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით“. კომისიის მიერ სიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭება ხორციელდება გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2010 წლის 30 ივლისს 16.00 საათზე.
საკითხის ზეპირი მოსმენის საფუძველზე, კომისიამ მიიჩნია, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებიდან ამოღებულ უნდა იქნას მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, ამავე დროს უნდა დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკასთვის“ რადიოსარელეო კავშირისათვის კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირის სანაცვლოდ შესაბამისი სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნას გ) ქვეპუნქტი;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა მართვის დეპარტამენტს შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკასთვის“ რადიოსარელეო კავშირისთვის შესაბამისი სიხშირეების გამოყოფა და სათანადო წესით მინიჭება №B17 ლიცენზიის ვადით, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით მინიჭებული სიხშირის სანაცვლოდ;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის 2010 წლის 6 აგვისტოს №372/19 გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკასთვის“ (ნ.ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი: ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი: ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი: კ.კვიტაიშვილი
