მედია ცენტრ “ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოდიფიცირების, კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა მედია ცენტრმა ”ღია აფხაზეთისათვის” (№7/264-10, 22.07.2010), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B93 და №B96 ლიცენზიების (ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა) მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისთვის” ითხოვს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B93 ლიცენზიით გათვალისწინებული 107.2მჰც (ქ.ზუგდიდი), კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიით გათვალისწინებული 98.8 მჰც (ქ.თბილისი, ქ.გორი და ქ.ქუთაისი) და 105.0მჰც (ქ.ბათუმი) სიხშირეების კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირეებით შეცვლას, ვინაიდან იმპორტირებული ავტომანქანების მნიშვნელოვან ნაწილს გააჩნიათ რადიომიმღები, რომელსაც მხოლოდ კენტი სიხშირის მიღება შეუძლია, რის გამოც ავტომობილის მძღოლების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს საშუალება მოისმინოს მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” მომზადებული გადაცემები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 02 აგვისტოს №10/883-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ეთერში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნებით შესაძლებელია მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” კუთვნილი №B96 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირე 98.8მჰც შეიცვალოს 98.9მჰც სიხშირით, ლიცენზიით განსაზღვრულ ქალაქებში: თბილისი, გორი და ქუთაისი. რაც შეეხება მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიით გათვალისწინებულ სამაუწყებლო რადიოსიხშირეს ქ. ბათუმში - 105.0მჰც და კერძო მაუწყებლობის №B93 ლიცენზიით გათვალისწინებულ სამაუწყებლო რადიოსიხშირეს ქ.ზუგდიდში - 107.2მჰც, მათი კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირეებით ჩანაცვლება ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული რადიოსიხშრეების გავრცელების არეალში შეუძლებელი გახდება ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 22 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №279/22 ”ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე”, რომლის შესაბამისადაც სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე, შეჩერდა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისა და მოდიფიცირების ადმინისტრაციული წარმოება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილებას. მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” მოთხოვნას წარმოადგენს სიხშირული დიაპაზონის ცვლილება, კერძოდ, 98.8მჰც სიხშირის შეცვლა 98.9მჰც სიხშირით, რაც უზრუნველყოფს რადიომსმენელთა რიცხვის ზრდას, რაც თავისმხრივ არ გულისხმობს ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის გაზრდას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ”საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე- ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 27 ივლისის №10/861-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” №B96 რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირების, კერძოდ, 98.8მჰც სიხშირის 98.9მჰც სიხშირით შეცვლის (ლიცენზიით განსაზღვრულ ქალაქებში: თბილისი, გორი და ქუთაისი) დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის ნაწილობრივი მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა, კერძოდ, კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიით ქ. ბათუმში - 105.0მჰც და კერძო მაუწყებლობის №B93 ლიცენზიით ქ.ზუგდიდში - 107.2მჰც მინიჭებული სამაუწყებლო რადიოსიხშირეების კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირეებით შეცვლის თაობაზე, ვერ იქნება დაკმაყოფილებული, ვინაიდან აღნიშნული რადიოსიხშრეების გავრცელების არეალში შეუძლებელი გახდება ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნება, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის სხვა ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობას.
კომისიამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 98-ე მუხლების, აგრეთვე მე-100 მუხლის პირველი ნაწილის და 101-ე მუხლის მოთხოვნით, მოიწვია დაინტერესებული მხარე, კერძოდ, მედია ცენტრის ”ღია აფხაზეთისათვის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ბატონი დავით გომართელი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და ამ უკანასკნელს კომისიის სხდომაზე განემარტა მოთხოვნის ამ ნაწილის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი, რაც ასევე აისახა სხდომის ოქმში. მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ბატონი დავით გომართელი დაეთანხმა კომისიის პოზიციას.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, მე-100 და 115-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისთვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. უარი ეთქვას მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიით ქ. ბათუმში - 105.0მჰც და კერძო მაუწყებლობის №B93 ლიცენზიით ქ.ზუგდიდში - 107.2მჰც გათვალისწინებული სამაუწყებლო რადიოსიხშირეების კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირეებით შეცვლის მიზნით №B96 და №B93 ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
3. ზეპირი მოსმენის სხდომა ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გაიმართოს 2010 წლის 3 სექტემბერს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა მედია ცენტრ ”ღია აფხაზეთისათვის” (ნ.ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 პუნქტისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
6. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი: ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი: ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი: კ.კვიტაიშვილი
