წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია ”Первое Радио ”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ

ნომერი: 376 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის გარეშე ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ლიცენზიის გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა  50 000 (ორმოცდაათი ათასი)ლარის ოდენობით.

”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას ან შეთანხმებას ასეთის არარსებობის შემთხვევაში;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის  დეპარტამენტის მიერ სოფ. ანაკლიაში 2010 წლის 04 აგვისტოს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000103, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2010 წლის 04 აგვისტოს სოფ. ანაკლიას ტერიტორიაზე ჩატარდა  მონიტორინგი, რათა დადგენილიყო TV და FM სიხშირული დიაპაზონებით არამართლზომიერი სარგებლობისა და არალიცენზირებული სამაუწყებლო საქმიანობის ფაქტები.  გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის  ტერიტორიაზე ლიცენზიის  გარეშე, სამაუწყებლო სიხშირეზე FM 101.5 მჰც   მაუწყებლობს რუსეთის ფედერაციის  სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио”. სამართალდარღვევის ოქმს თან ერთვის შემოწმების მიმდინარეობის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაციის  სამაუწყებლო კომპანია “Первое Радио”-ს რადიომაუწყებლობის სიგნალი ვრცელდება სამაუწყებლო სიხშირეზე FM 101.5 მჰც.    

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის  დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციის  სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио”-ს მიმართ იგივე ქმედებისათვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიის მიერ არ ყოფილა გამოყენებული  ადმინისტრაციული პასუხსიმგებლობა.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2010 წლის 04 აგვისტოს, რომელიც კომისიას წარედგინა 2010 წლის 05 აგვისტოს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2010 წლის 12 აგვისტოს   16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2010 წლის 06 აგვისტოს,  რის შესახებაც რუსულ ენაზე შედგენილი  შეტყობინებით ეცნობა  რუსეთის ფედერაციის  სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио”-ს (06.08.2010 №03/1842-10). მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, რუსულ ენაზე. მხარეს ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2010 წლის 12 აგვისტოს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა რუსეთის ფედერაციის  სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио”-ს  წარმომადგენელი, კომისიაში ასევე არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

2010 წლის 12 აგვისტოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის ს.შავგულიძის სამსახურებრივი ბარათი (№10/916-10), რომლის თანახმად რუსეთის ფედერაციის  სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио” საქართველოში, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიებზე, ლიცენზიის გარეშე  რადიომაუწყებლობას ახორციელებს რადიოსიხშირე FM 101.6 მჰც-ის გამოყენებით. იმავდროულად, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი ნ.ასპანიძის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, რადიომონიტორინგის სისტემის ურთის მთის სტაციონარული სადგურის მონაცემებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის სამაუწყებლო კომპანია “Первое Радио”-ს რადიომაუწყებლობის სიგნალის ცენტრალურ სიხშირეს წარმოადგენს 101.6 მჰც, ხოლო 2010 წლის 4 აგვისტოს რადიომონიტორინგის მობილური სადგურით შესრულებული მონიტორინგის ჩატარების დროს, სოფელ ანაკლიასთან, რუსეთის სამაუწყებლო კომპანია “Первое Радио”-ს რადიოგადაცემების სმენადობა შესაძლებელი გახდა 101.5 მჰც სიხშირეზე,  ვინაიდან 101.6 მჰც სიხშირის სამუშაო ზოლის ფარგლებში არსებობდა სხვა, შედარებით მაღალი ენერგეტიკული დონის ხელშემშლელი სიგნალი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000103 ოქმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმზე დამსწრე პირების ხელმოწერების,  შემოწმების მიმდინარეობის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის,  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის ს.შავგულიძის სამსახურებრივი ბარათის, მასზე დართული აუდიო ჩანაწერისა და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის  სპეციალისტის წერილობითი ახსნა-განმარტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის  სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио” საქართველოში, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიებზე, ლიცენზიის გარეშე ახორციელებს რადიომაუწყებლობას, რაც წარმოადგენს, ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ”მაუწყებლობს შესახებ” საქართველოს კანონისა და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 50 000  (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио”-ს  მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 50 000  (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება, აგრეთვე ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირეებით სარგებლობა.

საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არა აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე, 228-მუხლის, 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის, ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио”-ს დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობისა და ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირეებით სარგებლობისათვის აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის  სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ  ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი- ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს რუსეთის ფედერაციის  სამაუწყებლო კომპანია “Первое  Радио”-ს   დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობა და ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირეებით სარგებლობა  საქართველოს ტერიტორიაზე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების რუსულ ენაზე თარგმანის უზრუნველყოფა და 7 დღის ვადაში გაგზავნა რუსეთის ფედერაციის  სამაუწყებლო  კომპანია “Первое  Радио”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 10 დღის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრი                                                                        სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                       აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები