რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია ООО ”Предприятие ”Авторадио”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 12, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის გარეშე ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ლიცენზიის გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 50 000 (ორმოცდაათი ათასი)ლარის ოდენობით.
”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას ან შეთანხმებას ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ სოფ. ანაკლიაში 2010 წლის 04 აგვისტოს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000104, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2010 წლის 04 აგვისტოს სოფ. ანაკლიას ტერიტორიაზე ჩატარდა მონიტორინგი, რათა დადგენილიყო TV და FM სიხშირული დიაპაზონებით არამართლზომიერი სარგებლობისა და არალიცენზირებული სამაუწყებლო საქმიანობის ფაქტები. გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიაზე ლიცენზიის გარეშე, სამაუწყებლო სიხშირეზე FM 105.2 მჰც მაუწყებლობს რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио”. სამართალდარღვევის ოქმს თან ერთვის შემოწმების მიმდინარეობის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио”-ს მიმართ იგივე ქმედებისათვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიის მიერ არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხსიმგებლობა.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2010 წლის 04 აგვისტოს, რომელიც კომისიას წარედგინა 2010 წლის 05 აგვისტოს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2010 წლის 12 აგვისტოს 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2010 წლის 06 აგვისტოს, რის შესახებაც რუსულ ენაზე შედგენილი შეტყობინებით ეცნობა რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио”-ს (06.08.2010 №03/1841-10). მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, რუსულ ენაზე. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2010 წლის 12 აგვისტოს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио”-ს წარმომადგენელი, კომისიაში ასევე არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
2010 წლის 11 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио”-ს განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио” არ ახორციელებს რადიომაუწყებლობას საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო სიხშირეზე FM 105.2 მჰც.
2010 წლის 12 აგვისტოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის ს.შავგულიძის სამსახურებრივი ბარათი (№10/916-10), რომლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიებზე, რადიოსიხშირე FM 105.2 მჰც-ის გამოყენებით რადიომაუწყებლობას ახორციელებს ე.წ. ”Абхазское Радио”. სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ამსახველი აუდიო ჩანაწერი, რომლის თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიებზე, ”Абхазское Радио”-ს რადიომაუწყებლობის სიგნალი ვრცელდება რადიოსიხშირეზე: FM 105.2 მჰც. (FM 105.199 მჰც). მონიტორინგის ამსახველი აუდიო ჩანაწერის თანახმად, იმავე რადიოსიხშირეზე ”Абхазское Радио”-ს ეთერში გადიოდა რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио”-ს გადაცემები.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსს მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსიხშირეზე FM 105.2 მჰც რადიოსამაუწყებლო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის დადგენა მოითხოვს დეტალურ კომპლექურ შეწავლას და ხელახლა გადამოწმებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000104 ოქმის, შემოწმების მიმდინარეობის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათისა და მასზე დართული აუდიო ჩანაწერის შეფასების შედეგად გაირკვა საქმეში არსებული მტკიცებულებების წინააღმდეგობრიობა და რომ კომისიაში წარმოდგენილი არ არის რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио”-ს მიერ საქართველოში, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიებზე, რადიოსიხშირე FM 105.2 მჰც-ის გამოყენებით რადიომაუწყებლობის ფაქტის დამადასტურებელი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
იმავდროულად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსიხშირეზე FM 105.2 მჰც რადიოსამაუწყებლო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის დადგენის მიზნით უნდა დაევალოს კომპლექსური (რადიოსიხშირულ, შინაარსობრივი) მონიტორინგის ჩატარება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის, 230-237-ე მუხლების და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე, 38-ე, 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио”-ს მიმართ, მის მიერ საქართველოში, კეროდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიებზე, რადიოსიხშირე FM 105.2 მჰც-ის გამოყენებით არამართლზომიერად რადიომაუწყებლობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსიხშირეზე FM 105.2 მჰც რადიოსამაუწყებლო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის დადგენის მიზნით კომპლექსური მონიტორინგის ჩატარება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების რუსულ ენაზე თარგმანის უზრუნველყოფა და 7 დღის ვადაში გაგზავნა რუსეთის ფედერაციის სამაუწყებლო კომპანია “Предприятие ”Авторадио”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 10 დღის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
