წვდომის მენიუ

შპს ,,ჯეოსელისთვის“ სს ,,გლობალ ერთთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 388 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ,,ჯეოსელმა“ და   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა სს „გლობალ ერთთან“ დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, ვინაიდან აღნიშნულ კომპანიას მის მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.

შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებით, სს ,,გლობალ ერთის” მხრიდან სისტემატიურად ირღვევა და არაჯეროვნად სრულდება მხარეებს შორის 2003 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ სს „გლობალ ერთი“ არ იხდის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე  წარმოშობილ დავალიანებას და 2010 წლის 9 ივლისის მდგომარეობით სს „გლობალ ერთს“, შპს „ჯეოსელის“ მიმართ ერიცხება დავალაინება 832,617.13 (რვაას ოცდათორმეტი ათას ექვსას ჩვიდმეტი ლარი და ცამეტი თეთრი). განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დავალიანების დაფარვის გრაფიკზე შეთანხმება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სს „გლობალ ერთის“ მიერ არ სრულდებოდა აღნიშნული გრაფიკის შედეგად დავალიანების დაფარვისთვის დადგენილი პირობები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელისთვის“ სს „გლობალ ერთთან“ 2003 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა სს „გლობალ ერთს“, გადაეგზავნა ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული მასალები და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „გლობალ ერთის“ და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე სს „გლობალ ერთის“ მიერ წარმოდგენილ იქნა წერილი (13.08.2010 N6/2714-10) სადაც აღნიშნულია, რომ სს „გლობალ ერთის“  მიერ 2010 წლის 13,21 და 29 ივლისს განხორციელდა ჯამურად 235,233.83 ლარის გადახდა (გადახდის დამადასტურებელი საბუთები თან ახლავს წერილს) და დავალიანებამ შეადგინა 597,437.30 ლარი. ზემოაღნიშნულ თანხას დაემატა მიმდინარე თვის დავალიანება და სს „გლობალ ერთის“ დავალიანებამ შპს „ჯეოსელის“ მიმართ მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 803,333.17 ლარი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შპს „ჯეოსელსა“ და სს „გლობალ ერთს“ შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება და გაფორმდა ხელშეკრულება ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ. 12 აგვისტოსვე სს „გლობალ ერთის“ მიერ განხორციელდა 221,709.48 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი დავალიანების დაფარვას სს „გლობალ ერთი“ განახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. შპს „ჯეოსელსა“ და სს „გლობალ ერთს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება მხარეებს შორის  2003 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქმედ ხელშეკრულებას წარმოადგენს და მხარეებს არ გაუხდიათ ხელშეკრულების მოქმედების ვადის საკითხი სადაო.

2. შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „ჯეოსელსა“ და სს „გლობალ ერთს“ შორის 2010 წლის 9 ივლისს გაფორმებული შედარების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „გლობალ ერთს“, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2010 წლის 9 ივლისის მდგომარეობით შპს „ჯეოსელის“ მიმართ გააჩნია დავალაინება 832,617.13 (რვაას ოცდათორმეტი ათას ექვსას ჩვიდმეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

3. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა სს „გლობალ ერთსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის გაფორმებული, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ, რომლის შესაბამისადაც, 2010 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სს „გლობალ ერთს“ შპს „ჯეოსელის“ მიმართ ერიცხება დავალიანება 803,333.17 ლარის ოდენობით; ხელშეკრულებაში ასევე განსაზღვრულია დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის გრაფიკი. ამავე დროს, კომისიაში სს „გლობალ ერთის“ მიერ წარმოდგენილ იქნა დავალიანების ნაწილის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

4. კომისიის სხდომაზე მხარეებმა კომისიისგან მოითხოვეს, მორიგების დამტკიცება მხარეებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ამავე დროს, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სს „გლობალ ერთის“ მიერ არ იქნება შესრულებული მხარეებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ, შპს „ჯეოსელს“ უნდა მიეცეს თანხმობა შეაჩეროს სს „გლობალ ერთთან“ 2003 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი ურთიერთჩართვა.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილნი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება, ხოლო კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება.

კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა მხარეთა შორის 2010 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ და გამოარკვია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია სს „გლობალ ერთსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის მორიგების  დამტკიცება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „გლობალ ერთის“ მიერ  დარღვეულ იქნება სს „გლობალ ერთსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ 2010 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, ან გაიზრდება შპს „ჯეოსელის“ მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება,  შპს ,,ჯეოსელს” უნდა მიეცეს თანხმობა სს ,,გლობალ ერთთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე, აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისმე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და 42-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად, გადაწყვიტა

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს სს „გლობალ ერთსა“ შპს „ჯეოსელს“ შორის მორიგება, მხარეებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს, ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

2. სს  ,,გლობალ ერთის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში აღნიშნული მორიგების დარღვევის ან შპს „ჯეოსელის“ მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში,  შპს ,,ჯეოსელს” მიეცეს თანხმობა სს ,,გლობალ ერთთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე , აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისთვის” და სს „გლობალ ერთისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში.

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                    

 ა.სიხარულიძე                                                                                                                                      

 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები