წვდომის მენიუ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის №1370 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №454/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 394 / 2

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2010

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდმა“ (წერილი №7/257-10, 14.07.2010), №1370 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თხოვნით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2010 წლის 23 ივლისის №345/23 გადაწყვეტილების შესაბამისად,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ №1370 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №454/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №454/1 გადაწყვეტილების საფუძველზე „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ ფლობს №1370 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა ქ. თბილისში ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის რაიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი და არსებული ტექნიკური პროექტების შესაბამისად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 4 ნოემბრის №686/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ №1370 ლიცენზიით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალის (სამოქმედო ზონის) მოდიფიცირება და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა ქ.თბილისში“.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობით სხვა შინაარსი ჩაიდო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიათა დეფინიციებში, ხოლო სამაუწყებლო ლიცენზიის სახეებად განისაზღვრა კერძო და სათემო. ამ მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები, რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახე და სახეობა (საერთო თუ სპეციალიზებული მაუწყებლობა) ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.

კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად და მაუწყებელთაგან მიღებული წერილობითი დაზუსტების საფუძველზე, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განახორციელა სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელებული მოდიფიცირება არ შეხებია „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ კუთვნილ №1370 ლიცენზიას, ვინაიდან კომისიაში ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნა ლიცენზიის მოდიფიცირების, კანონთან შესაბამისობაში მოყვანისა და ლიცენზიის სახისა და სახეობის დაზუსტების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდმა“ მიმართა 2010 წლის 14 ივლისს (წერილი №7/257-10) და მოითხოვა, მისი კუთვნილი №1370 ლიცენზიის  კერძო, სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე: დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში სახეზეა არა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილება, არამედ სახეზეა, უკვე ძალადაკარგული, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის სახისა და სახეობის დღეს მოქმედ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვა ვერ გავრცელდება „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ კუთვნილი №1370 ლიცენზიის მოდიფიცირებაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ლიცენზიის ისეთ ცვლილებას, რომელიც არ გამოიწვევს სახის, სახეობისა ან ლიცენზიით გათალისწინებული გეოგრაფიული არეალის (სამოქმედო ზონის) ცვლილებას. მოდიფიცირების განხორციელების შემთხვევაში №1370 ლიცენზია, სხვა სამაუწყებლო ლიცენზიების მსგავსად, მოყვანილი იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 23 ივლისის N345/23 გადაწყვეტილების შესაბამისად,საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2010 წლის 20 აგვისტოს 16.00 საათზე.   ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ უფლებამოსილი წამომადგენელი კ. ტაბატაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ N1370 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები; შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ №1370 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №454/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  და  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ №1370 ლიცენზია და მიენიჭოს ნომერი №B108;

2. შევიდეს ცვლილებები კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №454/1 გადაწყვეტილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.კერძო მაუწყებლობის №B108 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების ზონა: საკაბელო ტელემაუწყებლობა ქ. თბილისში;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 19 სექტემბერი.“

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისათვის“ გაგზავნა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე)

ა) სათანადო მოანცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის უზრუნველყოფა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                 ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი                                                                            ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი                                                                            ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი                                                                            ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები