შპს „გლობალ ტელეკომსა” და შპს ”იმკომს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N70 ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 20, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „გლობალ ტელეკომმა“ (09.08.2010 №7/278-10) და წარმოუდგინა შპს ”იმკომთან” 2010 წლის 28 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს „გლობალ ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N70 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”იმკომისათვის” გადაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ ტელეკომი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N70 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 178XXX - 179XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2006 წლის 11 აგვისტოდან 1 (ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 10 აგვისტოს №10/906-10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისია აღნიშნავს, რომ გადაპირება არ ეწინააღმდეგება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტს. კერძოდ შპს „გლობალ ტელეკომი“ ფლობს 2000 სააბონენტო ნომერს ქ.თბილისში, რაც ქ.თბილისში არსებული შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 0,25%-ს შეადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „გლობალ ტელეკომის“ მიერ სრულად არის შესრულებული სალიცენზიო ვალდებულებები.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გადაპირების შემთხვევაში, მომხმარებლებისა და შპს „გლობალ ტელეკომთან” ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების გათვალისწინებით, შპს „იმკომს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება მომსახურების მიწოდება წყვეტის გარეშე განახორციელოს აბონენტებისა და ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის შპს „გლობალ ტელეკომის“ მიერ გაფორმებული, მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს ”გლობალ ტელეკომსა” და შპს „იმკომს“ შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N70 ლიცენზიის გადაპირება და შპს ”იმკომზე” ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N70 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”იმკომი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 178XXX - 179XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
დ) შპს „იმკომი“ ვალდებულია აბონენტებისა და ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის მომსახურების მიწოდება წყვეტის გარეშე განახორციელოს შპს „გლობალ ტელეკომის“ მიერ გაფორმებული, მოქმედი ხელშეკრულების პირობებით და ტარიფებით.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”გლობალ ტელეკომისათვის” ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე, დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, გარდა პირველი პუნქტისა, დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი: ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი: ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი: ა.სიხარულიძე