წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 405 / 8

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2010

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სტუდია მაესტრომ” ქ.თბილისში, სატელევიზიო ანძიდან სტუდიამდე და სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე 10გჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიოსარელეო კავშირისათვის 10104მჰც ± 14მჰც და 10480მჰც ± 14მჰც სიხშირული ზოლების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტუდია მაესტრო” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B87 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საკაბელო ტელემაუწყებლობას  ქ. თბილისში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები, რომლებიც მაუწყებლობენ საკაბელო ქსელით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისია  აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა 3,836.16 (სამი ათას რვაას ოცდათექვსმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”   და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) 10104 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - სტუდია (ფოთის ქ. №15/6); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;

ა.ბ) 10482 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: სტუდია (ფოთის ქ. №15/6) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;

2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 3,836.16 (სამი ათას რვაას ოცდათექვსმეტი ლარი და 16 თეთრი)  ლარის ოდენობით;

3. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2010 წლის 08 ოქტომბერი, 13:00 საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2010 წლის 20 სექტემბრის 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 192.00 (ას ოთხმოცდათორმეტი ლარი) ლარს.

6. სალიცენზიო პირობა:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება;

ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

-ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;

-კოდი: 220101830;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;                           

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ერთი ათასი ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;

9. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ”კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად  ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ  დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი”.

10. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ  გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

11. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

12. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

14. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი                                                                             ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ა.სიხარულიძე                                                                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები