საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 4 დეკემბრის N 647/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს რკინიგზამ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/288-10, 13.08.10) მასზე მინიჭებული სიხშირეების შპს ”ქართული სალოკომოტივო კომპანიასა” და შპს ”მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან” ერთობლივი გამოყენების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 4 დეკემბრის №647/13 გადაწყვეტილებით, შპს ”საქართველოს რკინიგზას”, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, მინიჭებული აქვს სიხშირეები ამავე გადაწყვეტილების დანართით განსაზღვრული ჩამონათვალის მიხედვით.
შპს ”საქართველოს რკინიგზა” ახორციელებს ერთობლივ სარემონტო-საამშენებლო და სატრანსპორტო საქმიანობას შპს ”ქართული სალოკომოტივო კომპანიასთან” ქ.ბათუმის საბარგო სადგურიდან შპს ”ბათუმის ნავთობ ტერმინალის” ტერიტორიამდე სარკინიგზო მონაკვეთზე, ხოლო შპს ”მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან” ერთად, მარაბდა-თეთრიწყაროს სარკინიგზო უბანზე, რაც დადასტურებულია კომისიაში წარმოდგენილი წერილებით და მხარეებს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებებით. შესაბამისად, აღნიშნულ სარკინიგზო უბნებზე რადიოსიხშირეების ერთობლივი გამოყენება აუცილებელია აღნიშნული სამუშაოების ოპერატიულად განხორციელების მიზნით და შპს ”საქართველოს რკინიგზის” გადაზიდვების, სალოკომოტივო, სალიანდაგო, ენერგეტიკის, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურებთან, ასევე სარეაბილიტაციო უბანზე განლაგებულ სადგურებთან კავშირის უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 4 დეკემბრის №647/13 გადაწყვეტილებაში და ქ.ბათუმის საბარგო სადგურიდან შპს ”ბათუმის ნავთობ ტერმინალის” ტერიტორიამდე და მარაბდა-თეთრიწყაროს სარკინიგზო უბნებზე, შპს ”ქართული სალოკომოტივო კომპანიას”, შპს ”მარაბდა-კარწახის რკინიგზას” და შპს ”საქართველოს რკინიგზას” მიეცეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულების რადიოსიხშირეების ერთობლივად გამოყენების უფლება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 4 დეკემბრის №647/13 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს „საქართველოს რკინიგზას” სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო შპს ”ქართულ სალოკომოტივო კომპანიას” ქ.ბათუმის საბარგო სადგურიდან შპს ”ბათუმის ნავთობ ტერმინალის” ტერიტორიამდე სარკინიგზო უბანზე და შპს ”მარაბდა-კარწახი რკინიგზას” მარაბდა-თეთრიწყაროს სარკინიგზო უბანზე, შპს „საქართველოს რკინიგზასთან” ერთობლივი გამოყენებისათვის, დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;”
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს რკინიგზისთვის” ჩაბარებისთანავე.
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა . სიხარულიძე |
