კერძო მაუწყებლობის № B13 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს “ივერია ინტერ-მედიამ” (N6/2752-10, 16.08.2010) და შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიამ“ (№6/2949-10, 24.08.2010), შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის № B13 ლიცენზიის შპს „ივერია ინტერ- მედიასთვის“ დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის № B13 ლიცენზიის შპს “ივერია ინტერ-მედიასთვის” დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
გ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი.
ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ინტერ-მედია“ არ ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში, შესაბამისად, კომპანია აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვით (18.08.2010 წ.) კომპანია არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის NB13 ლიცენზიის შპს „ივერია ინტერ-მედიასთვის“ დროებით სარგებლობაში გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ და შპს „ივერია ინტერ-მედიას“ მისცეს წინასწარი თანხმობა, კერძო მაუწყებლობის NB13 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს თანხმობა შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის NB13 ლიცენზიის შპს „ივერია ინტერ-მედიასთვის“ დროებით სარგებლობაში გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს „ივერია ინტერ-მედიამ“, კერძო მაუწყებლობის NB13 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის დროებით სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) შპს „ივერია ინტერ-მედიას“ მიერ კერძო მაუწყებლობის NB13 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
დ) სალიცენზიო პირობების და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს შპს „ივერია ინტერ-მედიას“ 2010 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;
ე) შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიასა” და შპს „ივერია ინტერ-მედიასათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიასთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
