წვდომის მენიუ

შპს ,,I სტერეოს” სანქცირების თაობაზე

ნომერი: 411 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის  დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (11.08.2010. №10/914-10), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2010 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით შპს ,,I სტერეოს”, რომელიც წარმოადგენს B19 და B20  სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს (2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილებით შპს  ,,I სტერეოს” გადაეცა №1375 ლიცენზია (მოქმდების ვადა: 3.10.2013) საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე, რომელიც კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა ნომერი B20. კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს ,,I სტერეოს” №325 ლიცენზია (მოქმედების ვადა: 31.12.2011) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა ნომერი B19),  გააჩნია №B20 სამაუწყებლო ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 40,890.58 ლარის ოდენობით. აღნიშნული დადასტურებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით (ბოლო ინფორმაცია მიღებულია 2010 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით). ამასთანავე, კომპანიის სიტყვიერი შეტყობინებით, 2010 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით, ზემოაღნიშნული თანხა ბიუჯეტში არ არის  ჩარიცხული. აღნიშნულით, შპს ,,I სტერეოს” მიერ დაირღვა №B20 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები და კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რომლითაც შპს  ,,I სტერეოს” დაევალა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (184007,67 ლარი) გადახდა გრაფიკის მიხედვით. აღნიშნული, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (11.08.2010. №10/914-10) საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2010 წლის 26 აგვისტოს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,I სტერეოს” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 3 სექტემბერს. აღნიშნულის თაობაზე, შპს ,,I სტერეოს” დაზღვეული საფოსტო გზავნილით შეტყობინება გაეგზავნა და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 20 აგვისტოს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,I სტერეოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიას დღემდე გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება, რაც გამოწვეულია იმით, რომ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის აგრესიის შედეგად კომპანია ყველაზე მეტად დაზარალდა. განადგურდა კომპანიის ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, ქ.გორში, ასევე ლილოში, ქედაში, ურთაზე. აღნიშნული დასტურდება სახელმწიფო კომისიის მიერ გადაღებული მასალებით. იმის გამო, რომ შეესრულებინა სალიცენზიო პირობები და მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულება - არ შეეწყვიტა მაუწყებლობა, კომპანიამ ყველა ინვესტიცია მიმართა განადგურებული ობიექტების აღსადგენად. ქვეყნის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი სახელმწიფოს დახმარება აღმოეჩინა ომის შედეგად  დაზარალებული კომპანიებისთვის. მას იმედი ჰქონდა, რომ შპს ,,I სტერეოს” ჩამოაწერდნენ აღნიშნულ დავალიანებას,  თუმცა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით მხოლოდ ორი კომპანია, შპს ,,რუსთავი 2” და შპს ,,იმედი” გათავისუფლდა დღგ-სა და სოციალური გადასახადისაგან. ამავე დროს, ომის შემდგომ შპს ,,I სტერეოს” 3-ჯერ შეუმცირდა შემოსავალი, რომელსაც ის იღებდა და იღებს ,,მედია ჰაუსთან” დადებული ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, მან მოითხოვა სალიცენზიო გადასახდელის ჩამოწერა, ხოლო შემდგომ გადავადება.  დ.ზილფიმიანმა კომისიას, ასევე მიუთითა, რომ კომისია თავად უნდა ზრუნავდეს სამაუწყებლო კომპანიების ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში.  ასევე მაn მიუღებლად მიიჩნია კომისიის მხრიდან სამართლებრივი ნორმების მითითება ოფიციალურ დოკუმენტებში.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

1. კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილებით შპს  ,,I სტერეოს” გადაეცა №1375 ლიცენზია (მოქმდების ვადა: 3.10.2013) საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე, რომელიც კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა №B20;

2. კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით, შპს  ,,I სტერეოს” სალიცენზიო პირობად განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (184007,67 ლარი) გადახდა კომისიის ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკით, კერძოდ:

20445,29 - ლარი - 2004 წლის 3 ნოემბერი

20445,29 - ლარი - 2005 წლის 3 ნოემბერი

20445,29 - ლარი - 2006 წლის 3 ნოემბერი

20445,29 - ლარი - 2007 წლის 3 ნოემბერი

20445,29 - ლარი - 2008 წლის 3 ნოემბერი

20445,29 - ლარი - 2009 წლის 3 ნოემბერი

20445,29 - ლარი - 2010 წლის 3 ნოემბერი

20445,29 - ლარი - 2011 წლის 3 ნოემბერი

20445,29 - ლარი - 2012 წლის 3 ნოემბერი;

3. 2010 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით შპს ,,I სტერეოს” გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 40,890.58 ლარის ოდენობით;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ფუნქციები და სპეციალური უფლებამოსილება განსაზღვრულია ,,მაუწყებლობის შესახებ”, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონებით, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებით” და სხვა ნორმატიული აქტებით. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, კომისიის უფლებამოსილებას აღემატება მაუწყებლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლება. შესაბამისად, კომისია ვერ დააკმაყოფილებს  შპს ,,I სტერეოს” უფლებამოსილი წარმომადგენლის დ.ზილფიმიანის შუამდგომლობას   კომპანიისათვის სალიცენზიო გადასახდელის ჩამოწერის თაობაზე, რომელიც, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებაა, ხოლო მეორე მხრივ, სალიცენზიო ვალდებულებაა, რომლის შესრულების კონტროლს ახორციელებს კომისია.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,I სტერეოს” მიერ დაირღვა №B20 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები და კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რომლითაც შპს  ,,I სტერეოს” დაევალა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (184007,67 ლარი) გადახდა ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს. შესაბამისად, შპს ,, I სტერეოს” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას წერილობითი გაფრთხილება. ამასთანავე, შპს ,,I სტერეოს” უნდა  მიეცეს 14 კალენდარული დღე კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული ფინანსური დავალიანების დასაფარავად. კომპანიას უნდა განემარტოს, რომ დარღვევის განსაზღვრულ ვადაში  აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სანქციები და აღსრულების უზრუნველყოფის კანონისმიერი ზომები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე,  99-ე, 162-ე და 167-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის,  71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს ,,I სტერეოს”  №B20 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო პირობისა და კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს ,,I სტერეომ” უზრუნველყოს 14 კალენდარული დღის ვადაში კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება და №B20 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 40,890.58 ლარის ოდენობით,  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდიდან 3 კალენდარული დღეში კომისიაში წარმოდგენა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) შპს ,,I სტერეოსათვის”  წინამდებარე გადაწყვეტილების  გაგზავნა  დაზღვეული საფოსტო გზავნილით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) წინამდებარე გადაწყვეტილებით შპს ,,I სტერეოსათვის” დაკისრებული სანქციის თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში  შეტანა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „I სტერეოსათვის“ ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                          ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                         სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                         კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                         ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                         აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები