სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2010
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს კომისია, საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებთან ერთობლივად შეარჩევს კონკურსის საფუძველზე, რის თაობაზეც იღებს გადაწყეტილებას კონკურსის გამოცხადების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, კომისიის 2010 წლის 30 ივლისის N355/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი. ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები და საკონკურსო საბჭოს შემადგენლობა.
გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკურსი გამოცხადდა 2010 წლის 30 ივლისიდან; კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის საკონკურსო განაცხადის მიღების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 2 აგვისტოს 10 საათიდან 23 აგვისტოს 19:00 საათამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
ა) შპს „კეთ ენდ კეთ მედია” (20.08.2010 N11/06-10);
ბ) შპს „მედიაპრო ჯორჯია“ (23.08.2010 N11/07-10);
გ) სს „განთექ თექნოლოჯი ბილიშიმ ჩოზუმლერი“ (23.08.2010 N11/08-2010);
კომისიის 2010 წლის 30 ივლისის N355/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკონკურსო განაცხადები და თანდართული დოკუმენტაცია გადაეცა საკონკურსო საბჭოს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო საბჭოს მიერ 2010 წლის 27 აგვისტოს მიღებულ იქნა საკონკურსო საბჭოს დასკვნა (თან ერთვის), საკონკურსო წინადადებათა შეფასების თაობაზე, რომლის შესაბამისადაც, საკონკურსო საბჭოს მიერ, კომისიის 2010 წლის 30 ივლისის N355/10 გადაწყვეტილებით დადგენილი საკონკურსო პირობების შესაბამისად შეფასებულ იქნა კონკურსში მონაწილეთა საკონკურსო განაცხადები და თანდართული დოკუმენტაცია.
საკონკურსო საბჭოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ:
1. შპს „კეთ ენდ კეთ მედიას” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისიწნებულ მოთხოვნებს. კერძოდ, კომპანიის მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი საკონკურსო პირობების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისა და ადმინისტრირების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონკურსო საბჭოს მიერ კენჭისყრის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისა და ადმინისტრირების კრიტერიუმების მიხედვით, შპს „კეთ ენდ კეთ მედიას“ დისკვალიფიკაციის თაობაზე.
2. საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობების შეფასების შედეგად, დადგინდა, რომ სს „განთექ თექნოლოჯი ბილიშიმ ჩოზუმლერის“ მიერ შემოთავაზებული სატარიფო პირობები, კერძოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველსაყოფად, მათ მფლობელობაში არსებულ ყოველ სააბონენტო ნომერზე ადმინისტრატორისთვის ყოველწლიურად გადასახდელი ტარიფი არ შეესაბამებოდა კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-10 მუხლის ი) პუნქტისა და კომისიის 2010 წლის 30 ივლისის N355/10 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სატარიფო პირობებს, რის გამოც საკონკურსო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველსაყოფად, მათ მფლობელობაში არსებულ ყოველ სააბონენტო ნომერზე ადმინისტრატორისთვის ყოველწლიურად გადასახდელი ტარიფის კრიტერიუმით სს „განთექ თექნოლოჯი ბილიშიმ ჩოზუმლერის“ დისკვალიფიკაციის თაობაზე.
3. საკონკურსო საბჭოს მიერ, საკონკურსო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასების შემდგომ, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით, დამტკიცდა კონკურსანტ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ რეიტინგული მაჩვენებელი და მის საფუძველზე სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების მიზნით, კომისიას წარედგინა შპს „მედიაპრო ჯორჯია“.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კომისია საკონკურსო საბჭოს დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში, საკონკურსო საბჭოს 2010 წლის 27 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე, გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს შპს „მედიაპრო ჯორჯია“ და ამ უკანასკნელთან უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე.
კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის, კომისიის 2010 წლის 30 ივლისი N355/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-6 მუხლის 28-ე პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული საკონკურსო საბჭოს 2010 წლის 27 აგვისტოს დასკვნა და აღნიშნული დასკვნა მიჩნეულ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მედიაპრო ჯორჯია“;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი):
ა) შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ 100,000.00 (ასი ათასი) ლარზე 6 თვიანი საბანკო გარანტიის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ, 5 დღის ვადაში, შპს „მედიაპრო ჯორჯიასთვის“ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების პროექტის გაგზავნის უზრუნველყოფა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე შპს „მედიაპრო ჯორჯიასა“ და კომისიას შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
4. უზრუნველყოს შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, კომისიაში 6 თვიანი საბანკო გარანტიის წარმოდგენა 100,000.00 (ასი ათასი) ლარზე, კომისიის 2010 წლის 30 ივლისის N355/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):
ა) შპს „კეთ ენდ კეთ მედიასა” და სს „განთექ თექნოლოჯი ბილიშიმ ჩოზუმლერის“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიების 10 სამუშაო დღის ვადაში კომპანიებისთვის უკან დაბრუნების უზრუნველყოფა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების კონკურსში მონაწილეთათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
6. დაევალოს კომისიის პრესმდივანს, კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
