შპს „მაგთიკომის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2010
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ”მობიტელის” განცხადება (13.08.2010 №6/9736-10), რომელიც ეხება შპს ”მაგთიკომის” კუთვნილ ვებ გვერდზე (www.magticom.ge) მობილური საკომუნიკაციო მიწოდებისას გრანდიოზული ფასდაკლებისა და ახალი ტარიფის (წუთის ღირებულება “მაგთის” ქსელიდან საქართველოს ნებისმიერ სხვა ქსელზე - 18 თეთრი, “მაგთის“ ბრენდის აბონენტებისთვის „მაგთის“, „ბალის“ და „ბანის“ აბონენტებთან საუბრის ღირებულება-5 თეთრი) რეკლამირებას. წერილში აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ შესწავლილი იქნა შპს ”მაგთიკომის” ახალი ტარიფები და ნაცვლად ფასდაკლებისა, ზემოაღნიშნული ტარიფი წარმოადგენს მომსახურების საფასურის გაძვირებას ბოლო მომხმარებლისთვის. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ მაგალითად 5 წამის ხანგრძლივობის ზარზე აბონენტი 28.8 თეთრიანი ტარიფის პირობებში იხდიდა 2.4 თეთრს ყველა ქსელის აბონენტთან დარეკვისთვის, ხოლო ახალი ტარიფის პირობებში საქართველოს ნებისმიერ სხვა ქსელზე დარეკვისთვის, ახალი გრანდიოზული ფასდაკლების ტარიფით გადაიხდის 11.5 თეთრს, ხოლო „მაგთის“, „ბალის“, „ბანის“ და „მაგთი ფიქსის“ აბონენტებთან დაკავშირებისთვის - 10.4 თეთრს და ა.შ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ ახალ ტარიფებზე გრანდიოზული ფასდაკლების მითითებით მომხმარებელს აწვდის არასათანადო რეკლამას და შესაბამისად არღვევს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებს, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტს“, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და ზიანს აყენებს როგორც მომხმარებელს, ასევე ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიების ინტერესებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ განცხადება გადაეგზავნა შპს „მაგთიკომს“ და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა და „მაგთის“ აბონენტების მიერ განხორციელებული ზარების რაოდენობის და ტრაფიკის შესახებ CD დისკზე ჩაწერილი ცხრილის მიხედვით, შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 27 აგვისტოს შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის არგუმენტაცია. შპს „მაგთიკომი“ არ ეთანხმება შპს „მობიტელის“ განცხადებაში მოყვანილ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის გაუგებარია რატომ განიხილა შპს „მობიტელმა“ მხოლოდ და მხოლოდ გამოძახების 5 წამიანი შემთხვევა. თუ 5 წამიანი გამოძახების პირობებში მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა მეტია ვიდრე ეს იყო ძველი ტარიფების პირობებში, შედარებით ხანგრძლივი ზარის განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს უფრო დაბალი საფასურით. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ მომხმარებლისთვის უფრო მნიშვნელოვანია მათ მიერ განხორციელებულ ზარებზე დარიცხული საფასურის საშუალო მაჩვენებელი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ტარიფის შემოღებამდე, გაკეთდა ანალიზი შპს „მაგთიკომის“ შესაბამისი სამსახურის მიერ და დადგინდა, რომ 2010 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით ერთი ზარის საშუალო ხანგრძლივობამ (On-Net + Off-Net) შეადგინა 41.12 წმ, რომლის საშუალო ღირებულება ადრინდელი ტარიფის მიხედვით შეადგენდა 0.199 თეთრს, ხოლო ახალი ტარიფების მიხედვით შეადგენს 0.166 თეთრს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ახალი ტარიფი 16%-თ ნაკლებია ძველ ტარიფთან შედარებით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ ვერ გაიზიარებს შპს „მობიტელის“ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და შპს „მაგთიკომის“ მიერ კომპანიის ვებ გვერდზე განთავსებული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ზოგადა რეკლამა და მასში გადმოცემული გამონათქვამები თუ სლოგანები წარმოადგენს რეკლამირებადი საქონლისა თუ მომსახურების სუბიექტურ და აბსტრაქტულ შეფასებას და არ არის აუცილებელი წარმოადგენდეს რეკლამირებადი საქონლის ზუსტ შეფასებას. რეკლამა მხოლოდ მაშინ არის კანონსაწინააღმდეგო, თუ მას მცდარი და არასრული ინფორმაციის მიწოდებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. შესაბამისად, 16%-იანი ფასდაკლების პირობებში რეკლამაში ისეთი ფრაზის გამოყენება როგორიცაა „გრანდიოზული ფასდაკლება“ არც ერთ შემთხვევაში არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. აღნიშნული რეკალმა ასევე ვერ იქნება მიჩნეული „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ არასათანადო რეკლამად, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი იძლევა არასათანადო რეკლამის დეფინიციას, კერძოდ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამას წარმადგენს არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ახალი ტარიფის რეკლამირების დროს არ ყოფილა დარღვეული არც ერთი ზემოაღნიშნული მოთხოვნა და შესაბამისად, ვერც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი იქნებოდა დარღვეული. რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დარღვევას, განმცხადებელს მიაჩნია, რომ ვინაიდან ადგილი არ ჰქონია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, ვერც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი“ დაირღვეოდა, ვინაიდან, ავტორიზებული პირის მიერ აღნიშნული საკანონმდებლო აქტების დარღვევა ორგანულ კავშირშია და გამომდინარეობს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ „მაგთის“ ახალი ტარიფის რეკლამირებით არ იქნა დარღვეული არც ერთი საკანონმდებლო ნორმა და შესაბამისად, შპს „მობიტელის“ განცხადება უსაფუძვლოა და არ წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ სანქცირების საფუძველს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელისა“ და შპს „მაგთიკომის“ ზემოაღნიშნული განცხადებების საფუძველზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწობის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს „მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ახალი ტარიფები და წარმოდგენილ იქნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ: ახალი ტარიფების შემოღებამდე ”მაგთის” აბონენტების სტანდარტული ტარიფი შეადგენდა 28.8 თეთრს/წუთზე. ახალი ტარიფების მიხედვით შემოდის ზარის წამოწყების ღირებულება. ზარის ღირებულება „მაგთის“, „ბალის“, „მაგთიფიქსის“ და „ბანის“ მიმართულებით შეადგენს 5 თეთრს, ხოლო სხვა მობილური და ფიქსირებული ოპერატორების მიმართულებით 18 თეთრს წუთზე. დათვლილი იქნა თითოეული წამის ღირებულება 1 წუთის ფარგლებში ძველი და ახალი ტარიფების მიხედვით, როგორც შიდა ქსელში, ასევე სხვა ოპერატორების მიმართულებით ზარებზე (გაანგარიშება თან ერთვის წარმოდგენილ დასკვნას); გაანგარიშების შესაბამისად, გამოვლინდა, რომ ახალი ტარიფების მიხედვით შიდა ზარებზე აბონენტისთვის გადასახდელი თანხა იმატებს 25 წამის ჩათვლით ზარებისთვის, ხოლო იკლებს 26 წამის და მეტი ხანგრძლივობის ზარებისათვის ძველი ტარიფით გადასახდელ თანხასთან შედარებით. რაც შეეხება სხვა ქსელებზე ზარებს, აბონენტისთვის გადასახდელი თანხა იმატებს 56 წამამდე ხანგრძლივობის ზარებისთვის, ხოლო იკლებს 57 წამისა და მეტი ხანგრძლივობის ზარებისათვის ძველი ტარიფით გადასახდელ თანხასთან შედარებით.
შპს ”მაგთიკომის” მიერ ზარების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა შემდეგი:
1. ”მაგთის” შიდა ზარების რაოდენობა 2010 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით შეადგენს 325 339 716 ზარს, მათ შორის 26 წამამდე ზარები შეადგენს ზარების 48,4 %-ს;
2. ”მაგთის” გამავალი ზარები სხვა ოპერატორის მობილურ ქსელში 2010 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით შეადგენს 195 554 879 ზარს, 56 წამამდე ზარები შეადგენს ზარების 80,4 %-ს;
3. ”მაგთის” გამავალი ზარები სხვა ოპერატორის ფიქსირებულ ქსელში 2010 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით შეადგენს 23 850 776 ზარს, 56 წამამდე ზარები შეადგენს ზარების 81,5 %-ს;
4. ყველა სახის გამავალი ზარების (შიდა, სხვა მობილურ ქსელში, საერთაშორისო, ფიქსირებული, ინტერაქტიული და სხვა) საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 42 წამს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი ტარიფების დადგენის შედეგად აბონენტისთვის ძვირდება ქსელის შიდა ზარების დაახლოებით - 48,4 %, სხვა ქსელებზე გამავალი ზარების - 80,95%, ხოლო ფასდაკლება შეეხება შესაბამისად შიდა ზარების 51.6%-ს, ხოლო სხვა ქსელებზე ზარების 19.05%-ს.
ამდენად, შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ დადასტურებულ იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 31 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „მაგთიკომის“ სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით (31.08.2010 N03/1999-10) ეცნობა შპს „მაგთიკომს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოებაში არსებული მასალები და განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე რომელსაც ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ბატონი ანდრია აბაშიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას;
2. შპს „მაგთიკომის“ მიერ კომპანიის ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.magticom.ge) განთავსებულია და ამავე დროს, ტელევიზიით („რუსთავი 2“, „იმედი“ და ა.შ) ვრცელდება შპს „მაგთიკომის“ რეკლამა, სადაც კომპანია „მაგთის“ ბრენდის აბონენტებს სთავაზობს ახალ ტარიფებს და გრანდიოზულ ფასდაკლებას. კერძოდ, შეთავაზებულია 1 წუთის ღირებულება „მაგთის“ ქსელიდან საქართველოს ნებისმიერ სხვა ქსელზე - 18 თეთრი, „მაგთის“ აბონენტებისთვის „მაგთის“, „ბალის“ და „ბანის“ აბონენტებთან შიდა ქსელში საუბრის ღირებულება - 5 თეთრი; ზარის წამოწყების საფასური 10 თეთრი.
3. შპს „მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ახალი სატარიფო გეგმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ახალი ტარიფების დადგენის შედეგად აბონენტისთვის ძვირდება შიდა ზარების დაახლოებით - 48,4 %, სხვა ქსელებზე გამავალი ზარების - 80,95%-ს, ხოლო ფასდაკლება შეეხება, შესაბამისად, მხოლოდ შიდა ქსელის ზარების 51.6%-ს და სხვა ქსელებზე ზარების 19.05%-ს.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „ელექტრონული კომუნკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
3. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამას წარმადგენს არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
4. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი რეკლამა განმარტებულია, როგორც რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.
5. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, არასარწმუნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის თვისებების, შემადგენლობის, დამზადების ადგილის,წესის, თარიღის, დანიშნულების, სამომხმარებლო თვისებების, გამოყენების პირობების, სერტიფიკატის ნიშნების, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის, რაოდენობის, ბაზარზე საქონლის არსებობის, მისი აღნიშნული რაოდენობით მითითებულ ადგილზე და ვადაში შეძენის შესაძლებლობის, რეკლამის გავრცელებისას საქონლის ღირებულების (ფასის), ანაზღაურების დამატებითი პირობების, საქონლის მიტანის, დაბრუნების, შეკეთების, საგარანტიო ვალდებულებების, ვარგისიანობის ვადის, სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა, გერბი, ჰიმნი) გამოყენების უფლების,ოფიციალური აღიარების (მადლობის, პრიზების, დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება), გამოკვლევისა და გამოცდის შედეგების, საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ.
6. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.
7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეკალმის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისთვის.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება; ამავე დებულების მე-3 მუხლის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება არის მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ;
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომპანიის ვებ გვერდზე ინტერნეტში და ტელევიზიით გავრცელებული რეკლამა „მაგთის“ აბონენტებისთვის ახალი ტარიფების შემოღების თაობაზე წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან რეკლამას. კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული რეკლამა არ ასახავს რეალურ ინფორმაციას კომპანიის მიერ რეკლამირებად მომსახურებაზე. კერძოდ, რეკლამაში აღნიშნულია, რომ კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გრანდიოზულ ფასდაკლებას, აღნიშნული კი არ შეესაბამება რეალობას ვინაიდან, ტარიფის დაანგარიშების შედეგად გამოვლინდა, რომ ახალი ტარიფების დადგენის შედეგად აბონენტისთვის რეალურად ძვირდება შიდა ზარების დაახლოებით - 48,4 %, სხვა ქსელებზე გამავალი ზარების - 80,95%, ხოლო ფასდაკლება შეეხება მხოლოდ შიდა ზარების 51.6%-ს და სხვა ქსელებზე ზარების 19.05%-ს. სხვა ქსელზე გამავალ ზარებზე მომხმარებლისთვის მომსახურების 80,95%-თ, ხოლო შიდა ზარებზე - 48,4%-თ გაძვირება ვერ ჩაითვლება „გრანდიოზული ფასდაკლებად“, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ფასდაკლება შეეხება შიდა ზარების 51.6%-ს, ხოლო სხვა ქსელებზე ზარების 19.05%-ს. კომისია განმარტავს, რომ შპს „მაგთიკომის“ რეკლამაში ტარიფები მითითებულია წუთობრივი სიზუსტის ადეკვატურად, მაგრამ კომპანია, სარგებლობს რა მომხმარებლის ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობით, მხედველობაშია ის გარემოება, რომ მომხმარებელი არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული ზარების წამობრივი დამრგვალების ვალდებულების თაობაზე, ზარების წამობრივი ხანგრძლივობის სტატისტიკური მონაცემების და მათ მიერ რეალურად მიღებულ მომსახურებისა და საფასურის დარიცხვის წესის შესახებ, ახალ სატარიფო გეგმას მომხმარებელს სთავაზობს, როგორც გრანდიოზულ ფასდაკლებას, რითაც შეცდომაში შეჰყავს აბონენტი საქონლის თვისებებისა (განსაკუთრებით ზარის წამოწყების ტარიფიკაციის ნაწილში) და ღირებულების (ფასის) თაობაზე. შესაბამისად, რეკლამა შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს საქონლის ღირებულებისა (ფასის) და ანაზღაურების შესახებ.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მაგთიკომის“ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირეიბთ, რომ შპს „მაგთიკომის“ გაანგარიშების შედეგად, ერთი ზარის საშუალო ხანგრძლივობამ შეადგინა 41.12 წმ., რომლის საშუალო ღირებულება ადრინდელი ტარიფის მიხედვით შეადგენდა 0.199 თეთრს, ხოლო ახალი ტარიფების მიხედვით შეადგენს 0.166 თეთრს. მართალია კომისიის აპარატის კონკურენციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული გაანგარიშების მიხედვით, „მაგთის“ აბონენტების მიერ 28.8 ტარიფის პირობებში 41 წმ. ხანგრძლივობის საუბრის ღირებულება შპს „მაგთიკომის“ შიდა ქსელში შეადგენდა 19.69 თეთრს, ხოლო ახალი 5 თეთრიანი ტარიფის პირობებში (ზარის წამოწყების 10 თეთრის გათვალისწინებით) 13.42 თეთრს, მაგრამ სხვა ქსელის აბონენტებთან საუბრისას 41.წმ ხანგრძლივობის საუბრის ღირებულება ძველი ტარიფით შეადგენდა 20.16 თეთრს, ხოლო ახალი ტარიფის პირობებში (ზარის წამოწყების 10 თეთრის გათვალისწინებით) შეადგენს 22.6 თეთრს. აღნიშნული გაანგარიშება ნათლად ადასტურებს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ახალი ტარიფი სხვა ქსელის აბონენტებთან საუბრისას ვერ ჩაითვლება 16%-თ ნაკლებ ტარიფად ძველ ტარიფთან შედარებით. გასათვალისწინებელია, რომ რეკლამაში არ ხდება დიფერენცირება ახალი ტარიფის შემოღების შედეგად შიდა და გერე ქსელში განხორციელებულ ზარებზე არსებულ ფასდაკლებასთან და გაძვირებასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად იწვევს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
კომისია დამატებით განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ მომსახურებაში გარკვევით ასახოს მისი შესაბამისი ღირებულება წამობრივი დამრგვალების წესით“. შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაგთის“ აბონენტებისთვის ახალი ტარიფების შემოღების შედეგად, დგინდება ზარის წამოწყების ღირებულება, რომელიც შეადგენს 10 თეთრს. ზარის წამოწყების მომსახურების ცალკე გამოყოფა და მისი ტარიფიკაცია 10 თეთრით, თუ ის მობილური სატელეფონო მომსახურების შემადგენელი ნაწილია, არღვევს ზემოაღნიშნულ კანონისმიერ მოთხოვნას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის ცალკე მომსახურების სახეა, მომხმარებლის მიერ სატელეფონო ზარის წამოწყების, მაგრამ სატელეფონო ზარის განუხორციელებლობის შემთხვევაში, საფასურის დაურიცხაობა არათანაბარ პირობებში აყენებს მომხმარებელს ერთი და იგივე მომსახურების (ზარის წამოწყების) მიღებისას, იმის გათვალისწინებით, განახორციელა თუ არა მან სატელეფონო საუბარი.
კომისიის სხდომაზე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ვერ განმარტა რეკლამაში მითითებული ზარის წამოწყების საფასური 10 თეთრი წარმოადგენს ზარის წამოწყების მომსახურებისთვის დაწესებულ საფასურის, თუ ის მობილური სატელეფონო მომსახურების ნაწილია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლისთვის გაუგებარი რჩება „რეკლამირებადი საქონლის“ თვისებები.
„რეკალამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.
კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა, რომ შპს „მაგთიკომის“ ახალი ტარიფის რეკლამასთან დაკავშირებით არ დგას რეკლამის მწარმოებლისა და რეკლამის გამავრცელებელის ბრალეულობის საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას დადასტურებულად მიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“, როგორც რეკლამის დამკვეთის მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეკლამის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ვალდებულება.
შპს „მაგთიკომის“, როგორც ავტორიზებული პირის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები, აღნიშნული კი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს პასუხისმგებლობის საფუძველს.
შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომს“ უნდა დაევალოს „მაგთის“ახალი ტარიფის რეკლამის ტელევიზიით გადაცემის შეჩერება და ინტერნეტში კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება ან კორექტირება იმგვარად, რომ მასში ასახული იყოს აღნიშნული მომსახურების ტარიფებთან და პირობებთან დაკავშირებული არა შეცდომაში შემყვანი, რეალური და სანდო ინფორმაცია.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-8 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-20 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „მაგთიკომს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ 7 კალენდარული დღის ვადაში „მაგთის“ ახალი ტარიფის რეკლამის ტელევიზიით გადაცემის შეჩერება და ინტერნეტში კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება ან ზემოაღნიშნული რეკლამის კორექტირება იმგვარად, რომ მასში ასახული იყოს აღნიშნული მომსახურების ტარიფებთან, პირობებთან და თვისებებთან დაკავშირებული არა შეცდომაში შემყვანი, რეალური და სანდო ინფორმაცია.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს ”მაგთიკომისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
