წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელის“ სანქცირების შესახებ

ნომერი: 414 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 30 აგვისტოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათი (30.08.2010 N10/945-10), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიაში შემოსულია შპს „მაგთიკომის“ წერილი (12.08.2010 N6/2677-10) რომელიც ეხება შპს ”ჯეოსელის” მიერ საკუთარი მომხმარებლების მიერ განხორციელებული ზარების 5-წამიანი დამრგვალების წესს და კომპანია ითხოვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 16 და 20 აგვისტოს ჩატარებულ იქნა შემოწმება (შემოწმების აქტი №2 და მაგნიტური დისკი ”CD” თან ერთვის შემოწმების აქტს). შემოწმების დროს მოხდა დაკავშირება შპს ”ჯეოსელის” სააბონენტო სამსახურთან, სადაც ოპერატორმა დაადასტურა, რომ ”ლაი ლაის” ბრენდის აბონენტებისათვის დამრგვალება ზარებზე 5 წამიანია. აგრეთვე მოხდა ”ლაი ლაის” ერთ-ერთი აბონენტის ნომერის 893 552505 დეტალური ანგარიშის შესწავლა, სადაც დადასტურდა, რომ აბონენტის ზარები დამრგვალებულია 5 წამამდე (შემოწმების აქტი №3).

2010 წლის 19 აგვისტოს კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ შპს ”ჯეოსელს” გაეგზავნა წერილი (19.08.2010 №08/1926-10) და მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სატელეფონო ხმოვანი ზარის დამრგვალების წესის შესახებ. 2010 წლის 27 აგვისტოს შპს ”ჯეოსელიდან” კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი (27.08.2010 №6/2968/10),  საიდანაც ირკვევა რომ ”ლაი ლაის” აბონენტებისთვის მათ მიერ განხორციელებულ ზარებზე დამრგვალება 5 წამიანია. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ ტარიფები და ზარის დამრგვალების წესი შესაბამისობაშია ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მოთხოვნებთან.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ წერილისა და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2010 წლის 31 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ჯეოსელის“ სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით (31.08.2010 N03/2001-10) ეცნობა შპს „ჯეოსელს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე რომელსაც ესწრებოდა შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები დ.კაკაბაძე და ა.სადაღაშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსელი“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 105 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ მომსახურებაში გარკვევით ასახოს მისი შესაბამისი ღირებულება წამობრივი დამრგვალების წესით“ აღნიშნული დეფინიციის მიხედვით, წამობრივი დამრგვალება არ გულისხმობს აუცილებლად 1 წამის სიზუსტით დამრგვალებას და შესაბამისად, კომპანიას სრული უფლება აქვს განახორციელოს სატელეფონო საუბარზე დარიცხული საფასურის 5 წამიანი დამრგვალება.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ჯეოსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, შემდეგი სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე:

 ა) ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (GSM WCDMA);

ბ) ინტერნეტ მომსახურება (3G სხვა);

გ)მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

გ.ა ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

გ.ბ. საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

გ.გ. როუმინგული კავშირით მომსახურება

დ) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:

დ.ა ტექსტური შეწყობინების მომსახურება;

დ.ბ. მულტიმედიური მომსახურება;

დ.გ. ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);

დ.დ. მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

2. კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ შპს „ჯეოსელის“ მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელი“ საკუთარ აბონენტებს სთავაზობს სატელეფონო მომსახურებას, რომლის ღირებულებაც, ნებისმიერი ოპერატორის მიმართულებით განხორციელებული ზარისთვის ყოველ წუთზე შეადგენს 5 თეთრს. ამასთან შპს „ჯეოსელი“ მომხმარებლის მიერ განხორციელებული ზარების აღრიცხვა და შესაბამისი თანხების დარიცხვა ხორციელდება 5 წამიანი დამრგვალებით, რითაც ირღვევა ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი”.

3. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა შემოწმება და შედგენილ იქნა შემოწმების აქტები N2 და N3.

შემოწმების აქტში N2 აღნიშნულია რომ: 2010 წლის 16 აგვისტოს 13:33 საათზე სატელეფონო ნომრიდან 877488878 (ჯეოსელი) მოხდა ზარის განხორციელება შპს ”ჯეოსელის” საინფორმაციო სამსახურის ნომერზე 928, სადაც ოპერატორს დაესვა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენწამიანი დამრგვალება აქვს განხორციელებულ ზარებზე ”ლაი ლაის” აბონენტს.  ოპერატორმა განმარტა, რომ „ლაი ლაის“ აბონენტებისათვის განხორციელებულ ზარებზე დამრგვალება 5 წამიანია. ოპერატორთან საუბრისას განხორციელდა აუდიოჩაწერა. ჩატარებული შემოწმების შედეგად დადასტურდა, შპს ”მაგთიკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ წერილში  მითითებული გარემოება, რომ შპს ”ჯეოსელის” „ლაი ლაის“ აბონენტების განხორციელებული ზარები მრგვალდება 5 წმ-მდე.

შემოწმების აქტში N3 აღნიშნულია, რომ ლაილაის აბონენტის 893552505  დეტალური ანგარიშის შესწავლისას, აღმოჩნდა რომ სატელეფონო ნომერიდან 893552505, რომელსაც ჩართული აქვს 12 თეთრიანი სატარიფო პაკეტი, 7 აგვისტოს 14:14:48 საათზე განხორციელდა 51 წამიანი ზარი 855 151515 მიმართულებით, რა დროსაც,  893552505 აბონენტს ნაცვლად 51 წამის საფასურის - 10,2 თეთრისა დარიცხული აქვს 11 თეთრი ანუ 55 წამის ფასი;   როგორც ჩატარებული შემოწმების შედეგად გაირკვა, დასტურდება შპს ”მაგთიკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ წერილში  მითითებული გარემოება, რომ შპს ”ჯეოსელის” „ლაი ლაის“ აბონენტების მიერ განხორციელებული ზარები მრგვალდება 5 წმ-მდე (აქტს თან ახლავს ლაი-ლაის ნომრის დეტალური ზარების ამონაბეჭდი).

4. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შპს „ჯეოსელს“ გაეგზავნა წერილი და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა. 2010 წლის 27 და 30 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენილია შპს „ჯეოსელის“ წერილები (27.08.2010 N6/2968-10; 30.08.2010 N6/2977-10) რომლებშიც აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელის“ ყველა სატელეფონო ხმოვანი ზარის ღირებულება და წამობრივი დამრგვალების წესი, როგორც „ჯეოსელის“, ისე „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის, საჯაროდ არის გამოცხადებული შპს „ჯეოსელის“ ვებ გვერდზე. შესაბამისად, კომპანიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ გამოცხადებული ტარიფები და ზარის დამრგვალების წესი სრულად არის შესაბამისობაში ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მოთხოვნებთან. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ოპერატორის მიმართულებით განხორციელებული ზარებისთვის ყოველ წუთზე 5 თეთრიანი ღირებულების ტარიფი შპს „ჯეოსელს“ არასდროს გამოუცხადებია. შპს „ჯეოსელს“ 2010 წლის 15 აპრილიდან „ლაილაის“ აბონენტებისთვის გამოცხადებული აქვს 5 თეთრი პირველივე წუთიდან პირობით: „ესაუბრეთ ჯეოსელისა და „ლაილაის“ ყველა აბონენტს მხოლოდ 5 თეთრად პირველივე წუთიდან“.

5. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში დამატებითი მტკიცებულების სახით, შპს „მაგთიკომისგან“ 2010 წლის 27 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა CD დისკზე ჩაწერილი სატელეფონო საუბარი შპს „ჯეოსელის“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორთან. აღნიშნულ სატელეფონო საუბარში ოპერატორი ასევე ადასტურებს რომ „ლაილაის“ აბონენტებისთვის გათვალისწინებულია 5 წამიანი დამრგვალება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

 2. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ მომსახურებაში გარკვევით ასახოს მისი შესაბამისი ღირებულება წამობრივი დამრგვალების წესით“.

3. კომისია სადაოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს „ჯეოსელს“, როგორც „ჯეოსელის“ ასევე „ლაიალაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მომსახურების მიწოდებისას შპს „ჯეოსელის“ ინტერნეტ გვერდზე (www.geocell.ge) ასახული აქვს მომსახურების შესაბამისი ღირებულება და დამრგვალების წესი, მაგრამ კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ „ლაილაის“ აბონენტებისთვის მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას გათვალისწინებული 5 წამიანი დამრგვალების წესი, არღვევს  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, გაწეული მომსახურებისთვის (ხმოვანი შეტყობინების გადაცემისთვის) წამობრივ დამრგვალებასთან დაკავშირებით.

4. კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ჯეოსელის“ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეგლამენტიში აღნიშნული წამობრივი დამრგვალება არ გულისხმობს აუცილებლად 1 წამის სიზუსტით დამრგვალებას და შესაბამისად კომპანიას სრული უფლება აქვს განახორციელოს სატელეფონო საუბარზე დარიცხული საფასურის 5 წამიანი დამრგვალება, ვინაიდან წამობრივი დამრგვალება გულისხმობს, რომ მომსახურების მიმწოდებლის მიერ აბონენტისთვის  გადასახადის დარიცხვა უნდა განხორციელდეს გაწეული მომსახურების შესაბამისად. როგორც ჩატარებული შემოწმებისას, კერძოდ „ლაილაის“ აბონენტის 893552505  დეტალური ანგარიშის შესწავლისას აღმოჩნდა, მომხმარებელი იხდის მომსახურების საფასურს იმ ოდენობით მომსახურებისთვის, რაც მას  არ მიუღია (4 წამი საუბრისთვის).

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ  დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, თითოეული მომსახურებისთვის მისი შესაბამისი ღირებულების წამობრივი დამრგვალების წესით ასახვასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ იწვევს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტის დარღვევას. აღნიშნული კი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.

 შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელთა უფლებებისა და  კანონიერი ინტერესების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შპს „ჯეოსელს“ უნდა დაევალოს „ლაილაის“ აბონენტებისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის დარიცხული საფასურის 5 წამიანი დამრგვალების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან, კერძოდ აბონენტისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მოსახურების საფასურის დამრგვალება წამის სიზუსტით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის მე-2 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ჯეოსელს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა“, 7 კალენდარული დღის ვადაში, „ლაილაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მობილური ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას 5 წამიანი დამრგვალების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან, კერძოდ აბონენტისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მოსახურების საფასურის დამრგვალება წამის სიზუსტით.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს ”ჯეოსელისთვის”  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).     

კომისიის თავმჯდომარე                                                               ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                              ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                              კ.კვიტაიშვილი          

კომისიის წევრი                                                                             ა.სიხარულიძე                         

კომისიის წევრი                                                                           ი. მოსეშვილი                                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები