ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2010
მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით შემცირდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური კომპანიებისათვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები 14.8 თეთრიდან 8 თეთრამდე, დღგ-ს ჩათვლით.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფების შემცირებისა, და აქედან გამომდინარე, მობილური მომსახურების საცალო ტარიფების შემცირების შესაძლებლობისა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური კომპანიების მიერ რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა. არსებულ მობილურ ქსელებში ტრაფიკის და შემოსავლების ზრდა შესაბამისად არ აისახება საცალო ტარიფების ოდენობაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე არსებობს შესვლის დაბრკოლება, უპირველესად, თავისუფალი სიხშირული რესურსების არარსებობის გამო. სიხშირული რესურსები განაწილებულია ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შორის და ამ გარემოების გამო ფაქტიურად შეუძლებელია ახალი მობილური ქსელის აგება და მობილური მომსახურების მიწოდება მსურველი ავტორიზებული პირის მიერ.
გარდა ამისა, საქართველოში არ არის განვითარებული მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის მომსახურება, აგრეთვე რაიმე სხვა სახით არ არის უზრუნველყოფილი არსებული მობილური ქსელის ელემენტებთან და რესურსებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება, რაც ხელს შეუწყობდა კონკურენციის განვითარებას საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების კონკურენტული ფასების შეთავაზებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე -5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით, კომისია უფლებამოსილია დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება როგორც მომსახურების მთლიანი ბაზრის, ისე მისი ცალკეული სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართის (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების ძირითადი კლასიფიკატორი) მე-2 პუნქტის ”ბ.ა” ქვეპუნქტი ითვალისწინებს საცალო მომსახურების ბაზარის (ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება) მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების სახეებიდან მოძრავ სატელეფონო (ხმოვან) მომსახურებას, როგორც ერთ-ერთ სეგმენტს. აღნიშნული კლასიფიკატორი გამოიყენება ბაზრის შესაბამისი სეგმენტების წინასწარი განსაზღვრის მიზნით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით ჩაატაროს ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზი.
ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის განსახორციელებლად ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუცილებელია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და ზეპირი მოსმენის ჩატარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ კვლევისა და ანალიზის სრულყოფილად ჩატარებისთვის აუცილებელია ავტორიზებული პირებისგან მოხდეს დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა. ამასთან, კვლევის და ანალიზის ჩასატარებლად საჭიროა ავტორიზებული პირებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. აღნიშნული გარემოების გამო, კომისიას მიაჩნია, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური 3 თვიანი ვადა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის, VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 5 ნოემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
4. დაევალოთ ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შესასწავლად ინფორმაციის მოწოდება კომისიის მიერ წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
