წვდომის მენიუ

შპს ”რადიო საქართველოსათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 44 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2010

მიღების თარიღი იანვარი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

    „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  71-ე მუხლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოიყენოს  ამ კანონით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 22 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (22.12.2009 №10/776-09), 2009 წლის 21 დეკემბრის №16 შემოწმების აქტი და შპს ”რადიო საქართველოს” 2009 წლის 7 დეკემბრის №6/3735-09 და 2009 წლის 16 დეკემბრის №6/3890-09 წერილები და შპს ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის ზედამხედველობის სამსახურის” 1998 წლის 1 დეკემბრის №490 22/04-11 წერილი.

 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიაში 2009 წლის 7 დეკემბერს  შპს ”რადიო საქართველოს”  მიერ წარმოდგენილ წერილის (№6/3735-09) საფუძველზე, რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ, 2009 წლის 21 დეკემბერს ქ. თბილისში, 1045 მჰც - 1055 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ჩატარდა რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”რადიო საქართველო” სარგებლობს 1047მჰც და 1053 მჰც სიხშირეებით შესაბამისი  მინიჭების გარეშე, რაც დაფიქსირდა №16 შემოწმების აქტში.

მითითებული შემოწმების მასალების საფუძველზე,  2010 წლის 18 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო საქართველოს“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე და მას გაეგზავნა შეტყობინება   2010 წლის 26 იანვარს კომისიის სხდომაზე მითითებული საკითხის განხილვის თაობაზე. ამასთან ერთად, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები.  2010 წლის  21 იანვარს  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ შპს ”რადიო საქართველოს”  გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლები.

2010 წლის 26 იანვარს გამართულ კომისიის სხდომაზე, შპს „რადიო საქართველოს” ინტერესების წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ  შპს ”რადიო საქართველო”  სარგებლობდა 1047მჰც და 1053 მჰც სიხშირეებით შესაბამისი მინიჭების გარეშე და იშუამდგომლა ჯარიმის ოდენობის შემცირების თაობაზე.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების  გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასებისა და  ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

შპს  „რადიო საქართველო“  არის   კერძო მაუწყებლობის  NB63, B64, B65, B66 B78 და N89 ლიცენზიების მფლობელი. სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით,  კომისიის 2007 წლის 10 აგვისტოს №455/13 გადაწყვეტილებით, შპს ”რადიო საქართველოს” მინიჭებული აქვს სიხშირე 12220მჰც± 7მჰც, გატარების ზოლით 14 მჰც ქ. თბილისში,  რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (მარშალ გელოვანის №2) – მთაწმინდის ანძამდე შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით, 2010 წლის 11 თებერვლამდე, ხოლო 2009 წლის 11 დეკემბრის № 677/13 გადაწყვეტილებით, მას მინიჭებული აქვს რადიოსიხშირეები: 22414 მჰც ± 14 მჰც და 23422 მჰც ± 14 მჰც;   22526 მჰც ± 14 მჰც და 23534 მჰც±14 მჰც; (თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც), გასხივებული სიმძლავრით 1 ვატამდე,  ქ.თბილისში, სტუდიიდან  (მარშალ გელოვანის №2) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სტერეო სიგნალების მიწოდებისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

მითითებული  რადიოსიხშირეების გარდა სხვა რადიოსიხშირეები  შპს ”რადიო საქართველოს” მინიჭებული არა აქვს. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „რადიო საქართველო“ რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის ქ.თბილისში მინიჭების გარეშე იყენებს სიხშირეებს  - 1047მჰც და 1053 მჰც.  აღნიშნული  ფაქტი დასტურდება კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის შედეგებით და კომისიაში შპს „რადიო საქართველო“ მიერ წარმოდგენილი წერილით (07.12.2009 N6/3735-09).  კერძოდ,  მითითებულ წერილში შპს ”რადიო საქართველოს” დირექტორი, გურამ ჩიგოგიძე აღნიშნავს, რომ 1998 წლიდან დღემდე საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ზედამხედველობის სამსახურთან და შემდეგ კომისიასთან შეთანხმებით, მისი კომპანია  ახორციელებს რადიომაუწყებლობას   სიხშირეების 1047მჰც:1053 მჰც გამოყენებით.

მოგვიანებით, თავის 2009 წლის 16 დეკემბრის №6/3890-09 წერილში შპს ”რადიო საქართველოს” წარმომადგენელი განმარტავს, რომ  2009 წლის 7 დეკემბრის წერილში  დაშვებული  მექანიკური შეცდომის გამო მითითებული აქვს, რომ მაუწყებლობის მიზნით  რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით სარგებლობდა რადიოსიხშირეებით  1047მჰც:1053 მჰც.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”რადიო საქართველოს” განმარტებას დაშვებული შეცდომის თაობაზე,  რადგან ეს განმარტება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული წარმოების სხვა წერილობით მტკიცებულებებს და შპს ”რადიო საქართველოს” წარმომადგენლის  ზეპირ ახსნა-განმარტებას რომელთა მეშვეობით უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ შპს „რადიო საქართველო“ რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის ქ.თბილისში იყენებს სიხშირეებს  - 1047მჰც და 1053 მჰც.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.  ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა  აკრძალულია.

გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო მაუწყებელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით, ხოლო შპს „რადიო საქართველო“, რადიოსიხშირეებით 1047მჰც და 1053 მჰც სარგებლობს კომისიის მიერ აღნიშნული სიხშირის მინიჭების გარეშე, შპს „რადიო საქართველოს“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის დარღვევას, ხოლო ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „რადიო საქართველოს“ მიმართ კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის №672/18   გადაწყვეტილებით გამოყენებულია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილება, ამ ეტაპზე მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია. მითითებული ნორმის შესაბამისად, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და  საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის სამსახურებრივი ბარათის (2010 წლის 22 იანვრის №10/59-10) შესაბამისად, კომისიაში წარდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს ”რადიო საქართველოს” 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავალის 0,5% შეადგენს 13,053.07 და შესაბამისად, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა 13,053.07  (ცამეტი ათას ორმოცდა ცამეტი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის  ოდენობით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  71-ე , 72-ე და 75-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 54-ე და 167-ე მუხლებისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-15, მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  დაჯარიმდეს შპს „რადიო საქართველო“ 13,053.07 ლარით (ცამეტი ათას ორმოცდა ცამეტი ლარი და შვიდი თეთრი)  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის  დარღვევის  გამო, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის;

2. უზრუნველყოს შპს „რადიო საქართველომ“ მინიჭების გარეშე რადიოსიხშირეებით  1047მჰც და 1053მჰც   სარგებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. უზრუნველყოს შპს”რადიო საქართველომ” ჯარიმის 13,053.07 (ცამეტი ათას ორმოცდა ცამეტი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნინო ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების შპს ”რადიო საქართველოსათვის” გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის  შპს ”რადიო საქართველოსათვის” ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (იოსებ აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კახი ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                             ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                           სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                         ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები