წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 450 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2010

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ლიცენზიის მფლობელებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ქცევის კოდექსს. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

    კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცდა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი”, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელთა მიერ მომსახურების გაწევის, პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.  ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 67-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი (სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის გარდა, რომელიც ახორციელებს მაუწყებლობას ყველა სამაუწყებლო ზონაში),  ვალდებულია ამ კოდექსის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს თვითრეგულირების სისტემის შექმნა, საჩივრის განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის დადგენა და ამოქმედება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (14.09.2010. №10/987-10), რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილების შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს  2010 წლის 12 მარტამდე უნდა უზრუნველეყოთ თვითრეგულირების სისტემის შექმნა, საჩივრის განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის დადგენა და ამოქმედება და  მიღებული  ზომების შესახებ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. 2010 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, თვითრეგულირების სისტემის შექმნის, საჩივრის განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურების დადგენისა და ამოქმედების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია მხოლოდ ინდ. მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს” (კომისიის 2003 წლის 16 მაისის №204/1 გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს” მიეცა №1351 ლიცენზია (მოქმედების ვადა: 16.05.2013.) საკაბელო საერთო რადიომაუწყებლობაზე, რომელიც კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა ნომერი B85).  კომისიის 2010 წლის 9 ივლისის № 04/1505-10 წერილით, ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს” დამატებით ეთხოვა მიღებული ზომების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში  წარმოდგენა, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. აღნიშნული უმოქმედობა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით წარმოადგენს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” დარღვევას, რაც ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (14.09.2010. №10/987-10) საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2010 წლის 17 სექტემბერს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 24  სექტემბერს, რის შესახებ ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს” შეტყობინება გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, შტყობინებით, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის  24 სექტემბერს, კომისიის სხდომაზე ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძის” უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე.  ვინაიდან, ინდ. მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს” შეტყობინება, რომლითაც მას ეცნობა კომისიის სხდომის თაობაზე სადაც განიხილებოდა საკითხი მისი სანქცირების შესახებ,  ჩაბარდა 2010 წლის 19 სექტემბერს,  კომისიამ მიიჩნია, რომ იგი უფლებამოსილია 2010 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე განიხილოს ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძის” სანქცირების საკითხი.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2003 წლის 16 მაისის  №204/1  გადაწყვეტილებით  ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს”  გადაეცა  №1351 ლიცენზია (მოქმედების ვადა: 16.05.2013) საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე, რომელიც  კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა ნომერი B85;

2. კომისიის 2003 წლის 16 მაისის  №204/1  გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს” განესაზღვრა სალიცენზიო  ვალდებულებები. კერძოდ: გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის  ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს” დაეკისრა ვალდებულება დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა; გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  მას დაეკისრა ვალდებულება კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვილი ნებისმიერი ინფორმაცია, ხოლო გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ;

3.  2010 წლის 9 ივლისს,  კომისიის №04/1505-10 წერილით ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს”  განემარტა, რომ მაუწყებელი ვალდებულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას და მისი შეუქმნელობა ამავე კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, კანონდარღვევაა. ამასთან ერთად, მას დამატებით ეთხოვა თვითრეგულირების სისტემის შექმნის, საჩივრის განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურების დადგენისა და ამოქმედების შესახებ ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა;

4. 2010 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს” ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია;

  კომისიას მიაჩნია, რომ იდ. მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძის” მიერ  დაირღვა  კომისიის 2003 წლის 16 მაისის  №204/1  გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა), გ) და ლ) ქვეპუნქტები და B85 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 67-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი. კერძოდ, მან არ შექმნა თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, არ დაადგინა და არ აამოქმედა საჩივრის განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ წარუდგინა კომისიას.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია აღნიშნავს, ვინაიდან ინდ. მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძის”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ იყო, ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა წერილობით გაფრთხილდეს. ამასთან, ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს”  უნდა  მიეცეს 10 კალენდარული დღე  დარღვევის ნებაყოფლობით აღმოფხვრის მიზნით და განემარტოს, რომ დარღვევის განსაზღვრულ ვადაში  ნებაყოფლობით აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სანქციები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე,  99-ე, 162-ე და 167-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და  მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის,  მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 67-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება ინდ.მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძეს”  ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 67-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  კომისიის 2003 წლის 16 მაისის  №204/1  გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა), გ) და ლ) ქვეპუნქტების, B 85 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების  დარღვევის  გამო;

2. ინდ. მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძემ”   10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, საჩივრის განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურების დადგენა და ამოქმედება და  მიღებული ზომების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ინდ. მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძისათვის”  წინამდებარე გადაწყვეტილების  გაგზავნა  დაზღვეული საფოსტო გზავნილით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) წინამდებარე გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძისათვის”  დაკისრებული სანქციის თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში  შეტანა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე ,,რამაზ ჩხიკვაძისათვის” ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                          ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                         სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                          კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                          ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები