შპს „ჯეოსელის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2010
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა შპს „მობიტელმა“, შპს „ჯეოსელის“ მიერ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელე და რადიო ეთერის საშუალებებით ვრცელდება შპს „ჯეოსელის“ რეკლამა, სადაც კომპანია „ლაი ლაის“ ბრენდის მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პირობებს, კერძოდ, „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის ჩართვისას აბონენტი საჩუქრად მიიღებს 5000 SMS, სინამდვილეში კი აბონენტი „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის არჩევის დროს საჩუქრად იღებს 1000 SMS, ხოლო ყოველი მომდევნო ანგარიშის 5 ან მეტი ლარით შევსებისას იღებს კიდევ 1000 SMS, საბოლოოდ 5000 SMS მიღებისთვის აბონენტმა ჩართვიდან კიდევ 4-ჯერ უნდა შეავსოს ბალანსი 5 ან მეტი ლარით.
შპს „მობიტელს“ მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ აღნიშნული ქმედებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებლები და შესაბამისად, ირღვევა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, შესწავლილი იქნა შპს „ჯეოსელის“ მიერ გავრცლებული „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის რეკლამა, კერძოდ, შესწავლილ იქნა როგორც რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით გავრცელებული რეკლამა, ასევე ინტერნეტში განთავსებული რეკლამაც და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული მასალების საფუძველზე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 20 სექტემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ჯეოსელის“ სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით (20.09.2010 N03/2103-10) ეცნობა შპს „ჯეოსელს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე რომელსაც ესწრებოდა შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები დ.კაკაბაძე და ა.სადაღაშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ი.ესართია და შპს „რადიო საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ჩხიკვაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ DVD დისკზე ჩაწერილი სატელევიზიო რეკლამის მიხედვით შპს ”ჯეოსელი” მომხმარებელს სთავაზობს ”ლაი ლაის” სასტარტო პაკეტს, რომლის საფუძველზე მომხმარებელს საჩუქრად გადასცემს 5000 SMS-ს. სარეკლამო რგოლის დასასრულს წარწერით მითითებულია, რომ მომხმარებელს საჩუქრის მიღების პირობების გასაგებად შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 7033. შპს ”ჯეოსელის” 7033 საცნობარო ნომერზე დარეკვისას ირკვევა, რომ სასტატრო პაკეტის შეძენისას მომხმარებელს საწყის ეტაპზე უფასოდ მხოლოდ 1000 SMS-ით შეუძლია ისარგებლოს, ხოლო ყოველ მომდევნო უფასო 1000 SMS-ის მისაღებად ბალანსი დამატებით 5 ან მეტი ლარით უნდა შეავსოს. საბოლოოდ 5000 SMS-ის საჩუქრად მისაღებად აბონენტმა 4 -ჯერ უნდა შეავსოს ბალანსი 5 ან მეტი ლარით. იგივე ინფორმაცია არის განთავსებული შპს ”ჯეოსელის” ვებ გვერდზე;
DVD დისკზე ჩაწერილი რადიო რეკლამის მიხედვით შპს ”ჯეოსელი” მომხმარებელს სთავაზობს ”ლაი ლაის” სასტარტო პაკეტს, რომლის საფუძველზე მომხმარებელს საჩუქრად გადასცემს 5000 SMS-ს. სარეკლამო რგოლი მომხმარებელს არ აწვდის ინფორმაციას საჩუქარის (5000 SMS) მიღების პირობების ან ამ პირობების შესახებ ინფორმაციის მიღების აუცილებლობის შესახებ.
ვებ გვერდზე www.myvideo.ge შპს ”ჯეოსელის” განთავსებულ რეკლამაში მოცემულია: ”იჩქარეთ, ჩაერთეთ ლაილაიში 10 ოქტომბრამდე და მიიღეთ საჩუქრად 5000 SMS”, სადაც არ არის ინფორმაცია საჩუქრის მიღების პირობების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ”ჯეოსელის” მომხმარებელს აქვს 5000 SMS-ის უფასოდ მიღების შესაძლებლობა, მაგრამ კონკრეტული, მომხმარებლისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პირობებით. ეს პირობები არ არის ასახული რადიო რეკლამაში, ვებ-გვერდზე www.myvideo.ge განთავსებულ რეკლამაში, ხოლო სატელევიზიო რეკლამაში მხოლოდ წარწერაა მითითებული, რომ პირობების გასაგებად მომხმარებელმა უნდა დარეკოს ნომერზე 7033. შესაბამისად, მომსახურების შეთავაზების პირობები სათანადოდ არ არის ასახული რეკლამაში, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი.
კომისიის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის რეკლამაში არ არის ასახული ის დამატებითი არსებითი პირობები, რაც დაკამაყოფილებულ უნდა იქნას მომხმარებლის მიერ იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საჩუქრად 5000 SMS. აღნიშნულს კი შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ მიერ ირღვევა „რელამის შესახებ“ საქართველოს კანონი. შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილ იქნა რადიო „არ დაიდარდოს“ (შპს „რადიო საქართველო“) ეთერით გადაცემული შპს „ჯეოსელის“ „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის სარეკლამო რგოლის 2010 წლის 20 სექტემბრის აუდიო ჩანაწერი, რომლის საჯარო მოსმენაც განხორციელდა კომისიის სხდომაზე.
შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული „ლაი ლაი“ სასტარტო პაკეტის რეკლამა შესაბამისობაშია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონთან. რეკლამა არ შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობებს რეკლამირებადი მომსახურების შესახებ, ვინაიდან კომპანია მომხმარებელს ნამდვილად სთავაზობს 5000 SMS საჩუქრად. წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ დაკორექტირდა როგორც სატელევიზიო, ასევე რადიოს მეშვეობით გავრცელებული რეკლამა და 2010 წლის 20 სექტემბრიდან სატელევიზიო და რადიო ეთერით ვრცელდება იგივე შინაარსის რეკლამა, ოღონდ სარეკლამო რგოლიდან ამოღებულია სიტყვა „საჩუქრად“. რაც შეეხება ინტერნეტის საშუალებით გავრცელებულ რეკლამას, აღნიშნული რეკლამა არ გავრცელებულა შპს „ჯეოსელის“ მიერ და შესაბამისად, კომპანია ვერ აგებს პასუხს ინტერნეტის საშუალებით (www.myvideo.ge www.facebook.com) გავრცელებული რეკლამის შინაარსზე, ვინაიდან მათთვისაც გაუგებარია როგორ მოხვდა „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის რეკლამა ინტერნეტ სივრცეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ არ არსებობოს შპს „ჯეოსელის“ სანქიცრების საფუძველი.
კომისიის სხდომაზე შპს „რადიო საქართველოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ 2010 წლის 20 სექტემბრიდან კომპანიაში წარმოდგენი იქნა ახალი, დაკორექტირებული სარეკლამო რგოლი, საიდანაც ამოღებულ იქნა სიტყვა „საჩუქრად“ და 2010 წლის 20 სექტემბრიდან შპს „რადიო საქართველოს“ („ფორტუნა“, „ფორტუნა+“, „ავტორადიო“ „რადიო არ დაიდარდო“) რადიო ეთერით უკვე ვრცელდება აღნიშნული სარეკლამო რგოლი.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ჯეოსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, შემდეგი სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე:
ა) ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (GSM WCDMA);
ბ) ინტერნეტ მომსახურება (3G სხვა);
გ)მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
გ.ა ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
გ.ბ. საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
გ.გ. როუმინგული კავშირით მომსახურება
დ) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
დ.ა ტექსტური შეწყობინების მომსახურება;
დ.ბ. მულტიმედიური მომსახურება;
დ.გ. ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);
დ.დ. მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
2. შპს „ჯეოსელის“ მიერ ტელევიზიით („რუსთავი 2“, „ტელეიმედი“), რადიოთი („არ დაიდარდო“, „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „ავტო რადიო“) და ინტერნეტით (www.myvideo.ge www.facebook.com) ვრცელდება შპს „ჯეოსელის“ რეკლამა, სადაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის ჩართვის შემთხვევაში, საჩუქრად, 5000 SMS. საჩუქრის მიღების დამატებითი პირობები არ არის ასახული არც რადიოთი გავრცელებულ რეკლამაში და არც ინტერნეტში ვებ-გვერდზე www.myvideo.ge -სა და www.facebook.com -ზე განთავსებულ რეკლამაში, ხოლო სატელევიზიო რეკლამაში მხოლოდ წერილობითი ფორმითაა მითითებული, რომ პირობების გასაგებად მომხმარებელმა უნდა დარეკოს ნომერზე 7033. 2010 წლის 20 სექტემბრიდან როგორც სატელევიზიო, ასევე რადიო ეთერით ვრცელდება „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის სარეკლამო რგოლი, საიდანაც ამოღებულია სიტყვა „საჩუქრად“, რაც შეეხება ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულ რეკლამას, აღნიშნული რეკლამის შინაარსი არ შეცვლილა.
3. შპს „ჯეოსელის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სასტატრო პაკეტის შეძენისას მომხმარებელს საწყის ეტაპზე უფასოდ მხოლოდ 1000 SMS-ით შეუძლია ისარგებლოს, ხოლო ყოველ მომდევნო უფასო 1000 SMS-ის მისაღებად ბალანსი დამატებით 5 ან მეტი ლარით უნდა შეავსოს. საბოლოოდ 5000 SMS-ის საჩუქრად მისაღებად აბონენტმა 4 -ჯერ უნდა შეავსოს ბალანსი 5 ან მეტი ლარით. აღნიშნული დადასტურებულია და ირკვევა როგორც შპს „ჯეოსელის“ ვებ გვერდიდან (www.geocell.ge) ამოღებული მასალებით, ასევე სატელეფონო ნომერზე 7033 დარეკვისას მიღებული ინფორმაციით.
4. შპს „ჯეოსელის“ ვებ გვერდზე დაყრდნობით (www.geocell.ge) „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის ფასი შეადგენს 2 ლარს, რისი გადახდის შემდეგაც მომხმარებელი იღებს სიმ ბარათს, 2 ლარის სასაუბრო დროს და 5000 SMS; რეალურად კი სასტარტო პაკეტის ჩართვისას, მომხმარებელი საჩუქრად, ანუ უსასყიდლოდ იღებს მხოლოდ 1000 SMS. ის გარემოება, რომ რეკლამაში აღნიშნულ დანარჩენ 4000 SMS-ს მომხმარებელი მიიღებს ანგარიშის 5 ან მეტი ლარით ერთჯერადად ოთხჯერ შევსების შემდგომ, ანუ მთლიანობაში 4-ჯერ ბალანსის შევსებისას, არ არის აღნიშნული არც ტელევიზიით, არც რადიოთი და არც ინტერნეტით გავრცელებულ რეკლამაში.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამას წარმადგენს არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი რეკლამა განმარტებულია, როგორც რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ან/და მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, არასარწმუნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის თვისებების, შემადგენლობის, დამზადების ადგილის,წესის, თარიღის, დანიშნულების, სამომხმარებლო თვისებების, გამოყენების პირობების, სერტიფიკატის ნიშნების, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის, რაოდენობის, ბაზარზე საქონლის არსებობის, მისი აღნიშნული რაოდენობით მითითებულ ადგილზე და ვადაში შეძენის შესაძლებლობის, რეკლამის გავრცელებისას საქონლის ღირებულების (ფასის), ანაზღაურების დამატებითი პირობების, საქონლის მიტანის, დაბრუნების, შეკეთების, საგარანტიო ვალდებულებების, ვარგისიანობის ვადის, სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა, გერბი, ჰიმნი) გამოყენების უფლების,ოფიციალური აღიარების (მადლობის, პრიზების, დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება), გამოკვლევისა და გამოცდის შედეგების, საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეკალმის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება; ამავე დებულების მე-3 მუხლის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება არის მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ;
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ, ტელევიზიის, რადიოს და ინტერნეტის საშუალებით გავრცელებული „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის რეკლამა უდაოდ წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან რეკლამას, კერძოდ შპს „ჯეოსელის“ მიერ გავრცელებული რეკლამა არ ასახავს რეალურ და არსებით ინფორმაციას კომპანიის მიერ რეკლამირებადი მომსახურების თვისებებზე, კერძოდ, რეკლამაში არ არის აღნიშნული, რომ „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტიში ჩართვის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად არ იღებს საჩუქრად 5000 SMS, არამედ მომსახურების ჩართვის შემთხვევაში მომხმარებელს საწყის ეტაპზე საჩუქრად ანუ უსასყიდლოდ გადაეცემა მხოლოდ 1000 SMS, ხოლო ყოველ მომდევნო უფასო 1000 SMS-ის მისაღებად საჭიროა ბალანსის დამატებით 5 ან მეტი ლარით შევსება. საბოლოოდ 5000 SMS-ის საჩუქრად მისაღებად აბონენტმა 4 -ჯერ უნდა შეავსოს ბალანსი 5 ან მეტი ლარით. ის ფაქტი, რომ სარეკლამო რგოლი დაკორექტირდა და ამოღებულ იქნა სიტყვა „საჩუქრად“, არ ათავისუფლებს შპს „ჯეოსლეს“ პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან აღნიშნული არ ცვლის ფაქტობრივ გარემოებებს კომპანიის მიერ შეცდომაში შემყვანი რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში სადაოა რეკლამაში არ სიტყვის „საჩუქრად“ არსებობა, არამედ ის ფაქტი, რომ 5000 SMS „მიღება“ დაკავშირებულია დამატებით პირობებთან, რისი შესრულების გარეშეც მომხმარებელი ვერ მიიღებს რეკლამაში აღნიშნულ 5000 SMS-ს, ხოლო ეს დამატებითი პირობები, პოტენციური მომხმარებლისთვის (ანუ მისთვის ვინც აპირებს გახდეს შპს „ჯეოსელის“ „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის მომხმარებელი) უდაოდ წარმოადგენს მომსახურების მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად უმნიშვნელოვანეს და არსებით ინფორმაციას, რაც არ არის ასახული რეკლამაში. სარეკლამო რგოლში სიტყვა „საჩუქრის“ მითითების გარეშეც, მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის აღების შემთხვევაში, ავტომატურად, უსასყიდლოდ მიიღებს 5000 SMS-ს.
კომისია სადაოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ აბონენტები „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის აღების შემთხვევაში მართლაც უსასყიდლოდ იღებს 5000 SMS და ეს SMS-ები უფასოა მომხმარებლისთვის, მაგრამ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შპს „ჯეოსელის“ რეკლამა არ ასახავს მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანეს დამატებით, არსებით პირობებს და შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ მიერ გავრცელებულ რეკლამას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებლები, რეკლამირებადი მომსახურების თვისებების შესახებ, რეკლამა არ შეიცავს მონაცემებს, საქონლის ღირებულებისა (ფასის) და ანაზღაურების დამატებითი პირობების შესახებ, რადგან რეკლამაში არ არის მითითებული, რომ მომხმარებელი 5000 SMS საჩუქრად მიიღებს მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ სასტარტო პაკეტის ჩართვის შემდეგ 4-ჯერ შეავსებს ბალანსს 5 ან მეტი ლარით.
უდავოა, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ მომხმარებელისთვის მიწოდებული მომსახურების პირობები არ შეესაბამება მის მიერ ტელევიზიით, რადიოთი და ინტერნეტით გავრცელებული რეკლამით გათვალისწინებულ პირობებს. არა არსებითია აღნიშნულ სარეკლამო რგოლებს შორის არსებული განსხვავებაც, კერძოდ: ტელევიზიით გავრცელებული რეკლამის ბოლოს ხდება მითითება საჩუქრის მიღების პირობების თაობაზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაზე და მითითებულია შპს „ჯეოსელის“ სატელეფონო ნომრები და ვებ გვერდის მისამართი: 7033, 770177, www.geocell.ge, ხოლო აღნიშნულის მითითება არ ხდება არც რადიოთი და არც ინტერნეტით გავრცელებულ სარეკლამო რგოლებში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე გადამოწმდა ინტერნეტ გვერდზე www.myvideo.ge შპს „ჯეოსელის“ „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის რეკლამის განთავსების ფაქტი და გაირკვა, რომ ვიდეო პორტალ www.myvideo.ge-ზე შპს „ჯეოსელის“ რეკლამა განთავსებულ იქნა სარეკლამო სააგენტო „ჯეოპლუსის“ მიერ, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრთან“ (ITDC) სარეკლამო ბანერის განთავსებაზე. შპს „ჯეოპლუსს“ კი თავის მხრივ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „ჯეოსელთან“ აღნიშნული სარეკლამო რგოლის ინტერნეტ სივრცეში განთავსებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ დასტურდება შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლების განცხადება, რომ ინტერნეტ სივრცეში შპს „ჯეოსელს“ არ განუთავსებია „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის რეკლამა.
კომისია აღნიშნავს, რომ „რეკალამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე. კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა, რომ შპს „ჯეოსელის“ „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის რეკლამასთან დაკავშირებით არ დგას რეკლამის მწარმოებლისა და რეკლამის გამავრცელებლის ბრალეულობის საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“, როგორც რეკლამის დამკვეთის მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეკლამის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ვალდებულება.
შპს „ჯეოსელის“, როგორც ავტორიზებული პირის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები, აღნიშნული კი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს პასუხისმგებლობის საფუძველს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილებით, შპს „ჯეოსელის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმას, თუ რას წარმოადგენს დარღვევის შინაარსი, კერძოდ ეს არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევა.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი აღემატება 30,000.00 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელს“, ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.
კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შპს „ჯეოსელს“ უნდა დაევალოს ტელევიზიითა და რადიოთი, აგრეთვე ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის სარეკლამო რგოლის შეჩერება ან/და მისი კორექტირება იმგვარად, რომ მასში ასახული იყოს აღნიშნული მომსახურების ტარიფებთან და პირობებთან დაკავშირებული რეალური და არსებითი ინფორმაცია და მომხმარებლისთვის გასაგები იყოს „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული პაკეტით სარგებლობის პირობები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-8 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-20 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაჯარიმდეს შპს „ჯეოსელი“ 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა“ 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;
3. დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა“ „ლაი ლაის“ სასტარტო პაკეტის სარეკლამო რგოლის, ტელევიზიით, რადიოთი და ინტერნეტით გადაცემის შეჩერება ან/და მისი კორექტირება იმგვარად, რომ მასში ასახული იყოს აღნიშნული მომსახურების მიღების პირობები, მათ შორის ტარიფებთან, მომსახურების მიღებისა და გადახდის დამატებით პირობებთან, მომსახურების თვისებებთან დაკავშირებული რეალური და არსებითი ინფორმაცია;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს ”ჯეოსელისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისთვის;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
