წვდომის მენიუ

შპს ,,ინტელ ფონსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის თაობაზე

ნომერი: 47 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2010

მიღების თარიღი იანვარი 29, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 30 ნოემბერს, შპს ,,ინტელ ფონის” სახელით დავით თუშიშვილმა განცხადებით (№6/3619-09 30.11.09) მიმართა კომისიას შპს ,,ინტელ ფონსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არსებული უთანხმოების თაობაზე და მოითხოვა კომისიას მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება ( სტილი დაცულია).

კომისია აღნიშნავს, რომ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ შეამოწმა აღნიშნული განცხადების ამავე კოდექსის 78-ე მუხლითა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და გამოარკვია, რომ იგი არ აკმაყოფილებდა  აღნიშნული ნორმების მოთხოვნებს. კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი დავით თუშიშვილის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე, კომისიის უწყებრივ რეესტრში 2009 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად არ იყო დარეგისტრირებული დავით თუშიშვილი. ამავე დროს, განცხადებაში არ იყო მითითებული კონკრეტული მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებდა მოთხოვნას, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. 

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. აღნიშნული დებულების საფუძველზე, კომისიამ განმცხადებელს მოთხოვნის დასაზუსტებლად და დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტის) წარმოსადგენად  განუსაზღვრა ვადა 2009 წლის 11 დეკემბრამდე, რის თაობაზეც მას ეცნობა კომისიის 2009 წლის 4 დეკემბერის № 03/2865-09 წერილით. განმცხადებელს, ასევე ეცნობა, რომ მის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 და მე-5  ნაწილების  შესაბამისად, განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება და თუ დადგენილ ვადაში ის არ წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილი იქნებოდა გამოეტანა გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 4 დეკემბერის № 03/2865-09 წერილით განმცხადებელს, ასევე განემარტა, რომ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, რისთვისაც კომისიას მიმართავს   განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) განმცხადებლის გვარი, სახელი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სამეწარმეო რეესტრის ან დაფუძნების აქტის მონაცემები, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;

გ) იმ პირის დასახელება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება;

დ) განმცხადებლის მოთხოვნა;

ე) ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს განმცხადებელი თავის მოთხოვნას;

ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

ამასთანავე, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის მიუხედავად განმცხადებელმა  კომისიაში არ წარმოადგინა  წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, ასევე არ დააკონკრეტა მოთხოვნა და ფაქტობრივი გარემოებები, არ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5  ნაწილის  შესაბამისად განცხადება განუხილველად  უნდა ყოფილიყო დატოვებული,  ხოლო წარმოდგენილ განცხადებაზე  ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ინტელ ფონის” განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 25 დეკემბერს, რის თაობაზე  შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ინტელ ფონს”  და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლების მოთხოვნის უფლება.

        კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ინტელ ფონის” დირექტორი დავით თუშიშვილი და მისი წარმომადგენელი კ.ბობოხიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ეთანხმება კომისიას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ინტელ ფონის” კომისიაში წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ითხოვა ერთკვირიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. კომპანიის წარმომადგენელმა, ასევე განმარტა, რომ იურისტის არ ყოლის გამო კომპანიამ ვერ შეძლო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსება.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ინტელ ფონს” არ ყავდა იურისტი და კომპანიამ ხარვეზის შევსებისა და კომისიაში საქმის წარმოების მიზნით დაიქირავა იურისტი, ამასთანავე შპს ,,ინტელ ფონს”  ჰქონდა განცხადების  განხილვის ინტერესი, რასაც ადასტურებდა კომპანიის დირექტორისა და მისი წარმომადგენლის კომისიის სხდომაზე გამოცხადება, მათ მიერ მიცემული ახსნა-განმარტება  და შუამდგომლობა ვადის გაგრძელების თაობაზე  განცხადების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით,  კომისიამ, მისი ფუნქციებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოთხოვნისა და ფაქტობრივი გარემოებების დასაკონკრეტებლად, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტის) წარმოსადგენად  შპს ,,ინტელ ფონი”- სათვის მიეცა ახალი ვადა 2010 წლის 16 იანვრამდე. ამასთანავე განმცხადებელს სხდომაზევე განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 და მე-5  ნაწილების  შესაბამისად, განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ჩაითვლება, ხოლო თუ დადგენილ ვადაში ის არ დააკონკრეტებს მოთხოვნასა და ფაქტობრივ გარემოებებს, არ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, კომისია უფლებამოსილი იქნება გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს, კომისიის მიერ მითითებული ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, შპს ,,ინტელ ფონმა” განცხადებით მიმართა კომისიას სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” დავის განხილვის მოთხოვნით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” მოითხოვს  2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე განხორციელებული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულების გადახდას. შპს ,,ინტელ ფონის” განცხადებით აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა. მართალია, შპს ,,ინტელ ფონი” მისი მომხმარებლების დაკავშირებას ახორციელებს საკუთარი კუთვნილი ციფრული ავტომატური სატელეფონო სადგურიდან, საიდანაც სიგნალი მიეწოდება სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” სატელეფონო სადგურის ჩართვის წერტილს და შემდგომ შესაბამის აბონენტს, მაგრამ 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონი” ახორციელებდა მისი საკომუნიკაციო საშუალებების ტექნიკური აღჭურვილობის განახლებასა და რეპროგრამირებას. შესაბამისად, სატელეფონო სადგური გათიშული იყო  ქსელიდან და ამ პერიოდის განმავლობაში მისი აბონენტების სატელეფონო სიგნალის გატარება შეჩერებული იყო სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” სატელეფონო სადგურის მიმართულებით. შესაბამისად, სადაო პერიოდში ვერ მოხდებოდა შპს ,,ინტელ ფონის” საკომუნიკაციო ელემენტების გამოყენება, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” აბონენტის გამოძახება, სიგნალის გადაცემა და კომუტაცია.  მისი განცხადებით, უცხოეთის ქვეყნებთან დაკავშირებისას გამორიცხულია მისი სიგნალის გაგზავნა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” სადგურში, ვინაიდან შპს ,,ინტელ ფონს” თავად გააჩნია საკუთარი საკომუნიკაციო კავშირი საზღვარგარეთ, რომლის ერთი წუთის ღირებულება იწყება 7 თეთრიდან, ხოლო სს ,,გაერთიენებული ტელეკომიდან” ღირს 50 თეთრი. შპს ,,ინტელ ფონის” განცხადებით, სადაო პერიოდში დარიცხული მომსახურების თანხა მნიშვნელოვნად აღემატება წინა თვეების მაჩვენებლებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სადაო პერიოდში შესაძლოა ადგილი ჰქონდა მესამე პირების მხრიდან უკანონო ჩართვას, რომლის კონტროლი ეკისრება სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”, ვინაიდან ურთიერთჩართვის წერტილი იმყოფება მის ფართზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 21 იანვარს, შპს ,,ინტელ ფონის” განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით გადაეგზავნა სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”. ამასთანავე  შეტყობინებით ეცნობა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2010 წლის 29 იანვარს, 16 საათზე, კომისიაში გაიმართებოდა მოსამზადებელი სხდომა და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 21 იანვარს, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს ,,ინტელ ფონის” განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა. კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის 2010 წლის 25 იანვრის დასკვნის შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრის თვეში,  სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს ,,ინტელ ფონიდან” სს ,,გაერთიანებულ ტელეკომში” შევიდა 136  762  წთ., ხოლო მისგან შპს ,,ინტელ ფონში” შევიდა 2 685 წთ. შპს ,,ინტელ ფონის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მისგან სს ,,გაერთიანებულ ტელეკომში” შევიდა 23 052 წთ., ხოლო სს ,,გაერთიანებული ტელეკომიდან” მასთან შევიდა 1 921 წთ. 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონს” ჰქონდა ტრაფიკის გატარების ტექნიკური პრობლემა, მაგრამ შპს ,,ინტელ ფონიდან” გამავალი ტრაფიკი შეზღუდული იყო მხოლოდ 2009 წლის 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. შპს ,,ინტელ ფონიდან” გამავალი ზარები ფიქსირდება სს ,,გაერთიანებული ტელეკომიდან” გამავალ საერთაშორისო ტრაფიკში.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 29 იანვარს, მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელი ლ.გიორგაძე, შპს ,,ინტელ ფონის” დირექტორი დ.თუშიშვილი და წარმომადგენელი კ.ბობოხიძე.

კომისიის სხდომაზე,  შპს ,,ინტელ ფონის” დირექტორმა მხარი დაუჭირა თავის განცხადებას და მოითხოვა, რომ კომისიას   სს ,,გაერთიანებულ ტელეკომისათვის” აეკრძალა  2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონისათვის” დარიცხული თანხის გადახდის მოთხოვნა..

კომისიის სხდომაზე, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ შპს ,,ინტელ ფონის” მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან  საკომუნიკაციო  სადგურებს შორის კავშირი ხორციელდება PRI სიგნალიზაციის გამოყენებით, რომელიც სადაო პერიოდში გათიშული არ იყო. ამასთანავე შპს ,,ინტელ ფონს”  სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” არ უცნობებია ტექნიკური აღჭურვილობის გადაიარაღების თაობაზე და არ მოუთხოვია არხის გათიშვა. სწორედ ამ არხის მეშვეობით მოხდა შპს ,,ინტელ ფონის” მიერ სატელეფონო ზარების განხორციელება/დასრულება სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” ქსელში. სს ,,გაერთიანებული ტელეკომი”  არ არის ვალდებული გააკონტროლოს ყველა ოპერატორის სიგნალი, კერძოდ, სიგნალი საიდან მოდის, ოპერატორის ქსელში ხომ არ მოხდა სხვა პირების უკანონო ჩართვა და ა.შ.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გამოქვეყნდა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის 2009 წლის 25 იანვრის დასკვნა შპს ,,ინტელ ფონსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”  შორის 2009 წლის სექტემბრის თვეში შემდგარი ტრაფიკის ანალიზის თაობაზე, ხოლო მხარეებს მიეცათ წინადადება წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი მხარე საკითხის განხილვას ითხოვს სწორედ დავის რეჟიმში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს ,,ინტელ ფონსა” და  სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავის განხილვა, რომელიც დაკავშირებულია ოპერატორებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან, შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და შესაბამისად, მიზანშეწონილია  დავის განხილვის დღის დანიშვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ინტელ ფონსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2010 წლის 5 თებერვალს, 16 საათზე;

2. საკითხის განხილვის დღის შესახებ შპს ,,ინტელ ფონი” და სს ,,გაერთიანებული ტელეკომი”  გაფრთხილდნენ კომისიის 2010 წლის 29 იანვრის სხდომაზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე - 4 ნაწილიდან გამომდინარე;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრი                                                                              სოფიო   ბრიტანჩუკი          

კომისიის წევრი                                                                              აკაკი       სიხარულიძე

 კომისიის წევრი                                                                             ირაკლი  მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები