წვდომის მენიუ

შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ №B62 სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 477 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2010

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს „გაზეთმა 1001 განცხადება“ (№7/307-10, 02.09.2010), გადამცემი სადგურის სიმძლავრის 1კვტ-მდე  გაზრდისა და ადგილმდებარეობის გამოცვლის მიზნით №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.  

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალგაზრდული რადიოკომპანია 105“-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ, სალიცენზიო კომისიის 1999 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით (ოქმი №86) გაცემულ იქნა №1116 ლიცენზია რადიომაუწყებლობაზე ხუთი წლის ვადით.  კომისიის 2004 წლის 9 ივლისის №325/9 გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით განისაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი, ხოლო კომისიის 2004 წლის 29 ოქტომბრის №576/6 გადაწყვეტილებით, აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელებულ იქნა 2014 წლის 3 აგვისტომდე. კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ახალგაზრდული რადიოკომპანია 105“-ის კუთვნილი №1116 ლიცენზია მოდიფიცირდა კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და განისაზღვრა როგორც კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირისა და 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი.

            კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 8 იანვრის №24/5 გადაწყვეტილებით, შპს „ახალგაზრდულ რადიოკომპანია 105“-ს მიეცა თანხმობა კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის შპს „გაზეთ 1001 განცხადებისათვის“ გადაცემაზე. შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მფლობელს წარმოადგენს შპს „გაზეთ 1001 განცხადება“.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა №B62 ლიცენზიის სალიცენზიო პირობის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ კუთვნილი №B62 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა ლიცენზია მოყვანილ იქნეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

   კომისიის აპარატის სიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 21 სექტემბრის №10/1071-10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ FM 105 მჰც სიხშირის ძველი მფლობელი შპს „ახალგაზრდული რადიოკომპანია 105“ მაუწყებლობდა №1116 ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შემდეგი პირობებით − ”ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირისა და 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი”. ლიცენზიაში არ არის განსაზღვრული გადამცემის განთავსების ადგილი და გეოგრაფიული კოორდინატები, ხოლო რაც შეეხება ლიცენზიით განსაზღვრულ სიმძლავრეს, 100 ვატის გადამცემის გამოყენებით შეუძლებელია ქ. თბილისში შეირჩეს ისეთი გეოგრაფიული წერტილი, საიდანაც მოხდება ქ.თბილისის დაფარვა მდგრადი მიღების დონის რადიომაუწყებლობით, მაგრამ გადამცემის სიმძლავრის 1კვტ-მდე გაზრდის შემთხვევაში სამაუწყებლო სიგნალი გასცდება შპს \\\\\\\\\\\\\\\"გაზეთი 1001 განცხადების“ №B62 ლიცენზიით გათვალისწინებულ მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონას, კერძოდ ქ. თბილისს.  ამასთან ერთად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შპს „ახალგაზრდული რადიოკომპანია 105“-ს რადიო გადამცემი მოწყობილობა და ანტენა წლების მანძილზე განთავსებული იყო შპს ”ჰორიზონტის” ანძაზე (მახათას მთა) და 100 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებისას ქ. თბილისის ბევრ უბნებში ”რადიო 105”-ის სიგნალი ხარისხიანად არ ისმინებოდა. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემის სიმძლავრედ განისაზღვრება 500 ვატი, ხოლო მისი განთავსების ადგილად მახათის მთაზე არსებული შპს ”ჰორიზონტის” რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41°42 53\\\\\\\\\\\\\\\" და E-44°49 48\\\\\\\\\\\\\\\"), სადაც მიწის ზედაპირიდან 40მ სიმაღლეზე ფიზიკურად არსებობს საშუალება გადამცემი ანტენის განთავსებისა, ქ. თბილისის უმეტესი ნაწილი დაიფარება რადიოსიგნალების მდგრადი მიღების დონით და სამაუწყებლო სიგნალი არ გასცდება შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ №B62 ლიცენზიით გათვალისწინებულ მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონას, კერძოდ ქ. თბილისს.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის, შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიასიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ თანხმობის შემთხვევაში №B62 ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს იმგვარად, რომ აღნიშნული ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებით გათვალისწინებული 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის ნაცვლად განისაზღვროს 500 ვტ და შესაბამისად დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება №B62 სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას 2004 წლის 29 ოქტომბრის №576/6 გადაწყვტილებით სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,804.00 (ექვსი ათას რვაას ოთხი) ლარით, რაც დაანგარიშებული იყო 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გათვალისწინებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გათვალისწინებით სალიცენზიო გადასახადის ოდენობა განისაზღვრა 9,720.00 (ცხრა ათას შვიდას ოცი) ლარით, ანუ სხვაობა შეადგენს 2,916.00 (ორი ათას ცხრაას თექვსმეტი) ლარს. მოდიფიცირების განხორციელების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის აპარატის 2010 წლის 28 სექტემბრის №10/1092-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ მიერ გადასახდელი დარჩა 1,525.00 (ერთი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარი, ლიცენზიის მფლობელს საერთო ჯამში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ექნება 4,441.00 (ოთხი ათას ოთხას ორმოცდაერთი) ლარი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით (2010 წლის 1 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი №10/956-10), ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება და ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მოწვეული იქნა შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ დირექტორი თეა ნადირაძე, მაგრამ იგი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში ლიცენზია მოყვანილ იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და, ამავდროულად, არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები, ვინაიდან, კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების შესაბამისად არსებული ლიცენზიის ფარგლებში უზრუნველყოფს სხვა ანძიდან სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას.

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების  და  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2010 წლის 12 ნოემბერს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „გაზეთ 1001 განცხადებისათვის“ (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „გაზეთ 1001 განცხადებისათვის“ ჩაბარებისთანავე.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები