შპს „მაქსტელსა” და შპს ”მაიფონს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N46 ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2010
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მაქსტელმა“ (11.10.2010 №6/3406-10) და წარმოუდგინა შპს ”მაიფონთან” 2010 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ. წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს „მაქსტელის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N46 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”მაიფონისათვის” გადაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N46 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 420XXX-424XXX
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2012 წლის 19 ივლისამდე.
კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 20 სექტემბრის №10/1065-10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისია აღნიშნავს, რომ გადაპირება არ ეწინააღმდეგება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი. შპს „მაქსტელი“ ფლობს 5000 სააბონენტო ნომერს ქ.თბილისში, რაც ქ.თბილისში არსებული შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის (800000 სააბონენტო ნომრის) 0.625%-ს შეადგენს. შპს „მაიფონი“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N46 ლიცენზიის საფუძველზე ფლობს 5000 სააბონენტო ნომერს ქ.თბილისში, რაც ქ.თბილისში არსებული შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის (800000 სააბონენტო ნომრის) 0.625%-ს შეადგენს. შესაბამისად აღნიშნული გადაპირების დამტკიცების შემთხვევაში შპს „მაიფონი“ გახდება ნუმერაციის რესურსის 10000 სააბონენტო ნომრის მფლობელი, რაც ქ.თბილისში არსებული ნუმერაციის რესურსის 1.25% შეადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „მაქსტელის“ მიერ სრულად არის შესრულებული სალიცენზიო ვალდებულებები.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გადაპირების შემთხვევაში, მომხმარებლებისა და შპს „მაქსტელთან” ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების გათვალისწინებით, შპს „მაიფონს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება მომსახურების მიწოდება წყვეტის გარეშე განახორციელოს აბონენტებისა და ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის შპს „მაქსტელის“ მიერ გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს ”მაქსტელსა” და შპს „მაიფონს“ შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N46 ლიცენზიის გადაპირება და შპს ”მაიფონზე” ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N46 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მაიფონი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 420XXX-424XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2012 წლის 19 ივლისამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
დ) შპს „მაიფონი“ ვალდებულია შპს „მაქსტელის“ აბონენტებისა და მასთან სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის მომსახურების მიწოდება წყვეტის გარეშე განახორციელოს შპს „მაქსტელის“ მიერ გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულების პირობებით და ტარიფებით.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”მაქსტელისათვის” ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე, დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, გარდა პირველი პუნქტისა, დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი