არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სტუდია მონიტორის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2010
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (26.10.2010 N6/3674-10) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „სტუდია მონიტორმა“ (შემდგომში „სტუდია მონიტორი“) შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიერ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე.
კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ „სტურდია მონიტორი“ 2009-2010 წლებში ახორციელებდა მონიტორინგს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „იმედი“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისთვის დადგენილი წესების დაცვაზე და განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ იქნა რიგი დარღვევები, კერძოდ აღნიშნული კომპანიების მიერ საინფორმაციო გამოშვებებში, საკუთარ ეთერში განთავსებულ მხატვრულ ფილმებსა და საბავშო გადაცემებში განთავსებულ რეკლამის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, საინფორმაციო გამოშვებების სპონსორობის დაუშვებლობასა და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სპონსორობის დაუშვებლობასა და კომერციულ რეკლამაში ჟურნალისტის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„სტუდია მონიტორის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული აქვს „სტუდია მონიტორის“ მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების ვიდეო ჩანაწერი.
მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის საფუძველზე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ დაეკისროთ შესაბამისი სანქციები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტოს შესაბამისად, კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ, რომელსაც ლიცენზიის მფლობელი საუკეთესო დროს გადასცემს საკუთარ ეთერში;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
კომისია აღნიშნავს, რომ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2010 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (01.11.2010 03/2339-10; 01.11.2010 N03/2340-10; 01.11.2010 N03/2341-10) ეცნობათ დაინტერესებულ პირებს („სტუდია მონიტორს“, შპს სამაუწყებლო კოპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. საკითხის განხილვას ესწრებოდნენ „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი გრიგოლ გიორგაძე.
კომისიის სხდომაზე შპს „ტელეიმედის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „სტუდია მონიტორის“ უარი უნდა ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებასა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინაპირობაა დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო „სტუდია მონიტორი“ არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს ამ შემთხვევაში.
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უარი უნდა ეთქვას „სტუდია მონიტორს“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე გამომდინარე იქიდან, რომ „სტუდია მონიტორის“ განცხადებაში აღნიშნული რიგი დარღვევებისა აღმოფხვრილია უკვე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ, ხოლო საჩივარში მითითებული რიგ დარღვევებზე საერთოდ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა დარღვევის ფაქტის არსებობას.
„სტუდია მონიტორის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „სტუდია მონიტორი“ უფლებამოსილია როგორც მომხმარებელმა მიმართოს კომისიას მაუწყებლის მიერ პირის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის თაობაზე, გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლიდან და საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია თანაბრად აღიარებს ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩია, რომ „სტუდია მონიტორის“ მიერ წარმოდგენილი საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილია ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „სტურდია მონიტორის“ საჩივრის განხილვის მიზნით, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საკითხის სრულად და ობიექტურად განხილვისთვის მიზანშეწონილია ეთხოვოს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ „სტუდია მონიტორის“ მიერ განცხადებაში აღნიშნული ვიდეო მასალების კომისიაში წარმოდგენა, ხოლო „სტუდია მონიტორს“, განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა ზეპირი მოსმენის სხდომამდე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 70-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება „სტუდია მონიტორის“ საჩივრის (26.10.2010 N6/3674-10) განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 6 დეკემბერს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“, „სტუდია მონიტორის“ მიერ განცხადებაში აღნიშნული ვიდეო მასალების, ხოლო „სტუდია მონიტორს“ მის მიერ განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით სანდო და უტყუარი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2010 წლის 6 დეკემბრამდე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა(ნ.ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება (გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 1 თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
