შპს ,,ტვ 4000”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2010
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 18 ოქტომბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (გ. რატიშვილი, ნ.მინდიაშვილი) 2010 წლის 6 ოქტომბრის შპს ,,ტვ 4000”-ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №53, რომლის თანახმად, შპს ,,ტვ 4000” გარკვეულ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების მოპოვების გარეშე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (15.10.2010. №10/1122-10) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 27 ოქტომბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტვ 4000”-ს სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 5 ნოემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტვ 4000”-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2010 წლის 5 ნოემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტვ 4000”-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, დირექტორი კ. ნაგერვაძე, რომელმაც აღიარა არხების: ,,Py-TV”, ,,CTC”, ,,TV 1000”, ,,HTV + Премьера”, ,,HTV + Кинохит”, ,,Россия”, ,,ДТВ”, ,,Discovery”, ,,Eurosport”, ,,Теле текст”, ,,Футбол”, ,,Sarafan”, ,,НТН”, ,,Охота и рыбалка”, Шансон, Домашний, რეტრანსლირება, გადაცემაზე შესაბამისი უფლების მოპოვების გარეშე. ასევე მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის აღნიშნული გადაცემების რეტრანსლირება შეწყვეტილია.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 6 ოქტომბერის №53 შემოწმების აქტის, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის 2010 წლის 15 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათის, კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების, კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილისა და შპს ,,ტვ 4000”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის კახაბერ ნაგერვაძის ახსნა-განმარტებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ტვ 4000” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.04.10., ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით.
2. შპს ”ტვ 4000” სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
3. 2010 წლის 6 ოქტომბერს, 12 საათზე, კომპანიის ოფისში, მისამართზე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. განთიადი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ნ. მინდიაშვილის მონაწილეობითა და შესამოწმებელი პირის, შპს ,,ტვ 4000”-ს დირექტორის კ. ნაგერვაძის თანდასწრებით განხორციელდა შპს ,,ტვ 4000”-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №53. შემოწმების ოქმს ხელს აწერენ შპს ,,ტვ 4000” -ს დირექტორი კ. ნაგერვაძე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ.რატიშვილი და ამავე დეპარტამენტის კონსულტანტი ნ. მინდიაშვილი;
4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს ”ტვ 4000” საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: შპს ,,ტვ 4000”, ,,იმედი”, ,,აჭარა”, ,,რუსთავი 2”, საზოგადოებრივი არხი, ,,Py-TV”, ,,CTC”, ,,TV 1000”, ,,HTV + Премьера”, ,,HTV + Кинохит”, ,,Россия”, ,,ДТВ”, ,,Discovery”, ,,Eurosport”, ,,Теле текст”, ,,Футбол”, ,,Sarafan”, ,,НТН”, ,,Охота и рыбалка”, Шансон, Домашний;
5. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2010 წლის 6 ოქტომბრის №53 შემოწმების აქტით, ისე შესამოწმებელი პირის, შპს ,,ტვ 4000” -ს დირექტორის კ. ნაგერვაძის ხელმოწერით, ასევე მის მიერ კომისიის 2010 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის გ. რატიშვილისა და ამავე დეპარტამენტის კონსულტანტის ნ. მინდიაშვილის ახსნა-განმარტებებით;
6. 2010 წლის 6 ოქტომბრის №53 შემოწმების აქტი შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
7. შპს ”ტვ 4000”-ს კომისიაში წარმოდგენილი არა აქვს ხელშეკრულებები საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,Py-TV”, ,,CTC”, ,,TV 1000”, ,,HTV + Премьера”, ,,HTV + Кинохит”, ,,Россия”, ,,ДТВ”, ,,Discovery”, ,,Eurosport”, ,,Теле текст”, ,,Футбол”, ,,Sarafan”, ,,НТН”, ,,Охота и рыбалка”, Шансон, Домашний, უცველელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების თაობაზე;
8. შპს ,,ტვ 4000” -ს დირექტორი კ. ნაგერვაძე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შპს ,,ტვ 4000” ახორციელებდა სამაუწყებლო არხების: ,,Py-TV”, ,,CTC”, ,,TV 1000”, ,,HTV + Премьера”, ,,HTV + Кинохит”, ,,Россия”, ,,ДТВ”, ,,Discovery”, ,,Eurosport”, ,,Теле текст”, ,,Футбол”, ,,Sarafan”, ,,НТН”, ,,Охота и рыбалка”, ,,Шансон”, ,,Домашний” გადაცემას, რასაც ხსნის იმით, რომ ეს განპირობებული იყო აბონენტების მოთხოვნით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის № 3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.
”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.
,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,Py-TV”, ,,CTC”, ,,TV 1000”, ,,HTV + Премьера”, ,,HTV + Кинохит”, ,,Россия”, ,,ДТВ”, ,,Discovery”, ,,Eurosport”, ,,Теле текст”, ,,Футбол”, ,,Sarafan”, ,,НТН”, ,,Охота и рыбалка”, ,,Шансон”, ,,Домашний”, შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს ,,ტვ 4000”-ს მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა.
ვინაიდან შპს ,,ტვ 4000”-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ იყო, ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ტვ 4000” ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ,,ტვ 4000”-მა საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,Py-TV”, ,,CTC”, ,,TV 1000”, ,,HTV + Премьера”, ,,HTV + Кинохит”, ,,Россия”, ,,ДТВ”, ,,Discovery”, ,,Eurosport”, ,,Теле текст”, ,,Футбол”, ,,Sarafan”, ,,НТН”, ,,Охота и рыбалка”, ,,Шансон”, ,,Домашний” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ტვ 4000”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტვ 4000”-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
