რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 24 სექტემბრის N439/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 10422 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - სტუდიამდე (გორგასლის მე-3 შესახვევი №15); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 5 ვატამდე;
ა.ბ) 10530 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე (ტაბახმელა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 5 ვატამდე;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 3,836.16 (სამი ათას რვაას ოცდათექვსმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 19 ოქტომბრის 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2010 წლის 12 ნოემბერი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 192.00 (ას ოთხმოცდათორმეტი ლარი).
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს ”რეალტივი საქართველომ”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2010 წლის 12 ნოემბერს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”რეალტივი საქართველოს” წარმომადგენელი გულნარა ჯიმშელაძე.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”რეალტივი საქართველოს” წარმომადგენელმა გულნარა ჯიმშელაძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის (192.00 ას ოთხმოცდათორმეტი ლარი) საერთო ოდენობის - 4,028.16 (ოთხი ათას ოცდარვა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”რეალტივი საქართველო” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის №439/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 4,028.16 (ოთხი ათას ოცდარვა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”რეალტივი საქართველომ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 1,208.45 (ათას ორას რვა ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 383.62 (სამას ოთხმოცდასამი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარი ანუ 824.83 (რვაას ოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა 2010 წლის 12 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს (2,819.71 ორი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”რეალტივი საქართველოსთვის” ჩაბარებისთანავე;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
