წვდომის მენიუ

შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ №B62 სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 503 / 2

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2010

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს „გაზეთმა 1001 განცხადება“ (№7/307-10, 02.09.2010), გადამცემი სადგურის სიმძლავრის 1კვტ-მდე  გაზრდისა და ადგილმდებარეობის გამოცვლის მიზნით №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.  

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2010 წლის 15 ოქტომბრის №477/23 გადაწყვეტილებით შპს „გაზეთ 1001 გაცხადების” მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალგაზრდული რადიოკომპანია 105“-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ, სალიცენზიო კომისიის 1999 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით (ოქმი №86) გაცემულ იქნა №1116 ლიცენზია რადიომაუწყებლობაზე ხუთი წლის ვადით.  კომისიის 2004 წლის 9 ივლისის №325/9 გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით განისაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი, ხოლო კომისიის 2004 წლის 29 ოქტომბრის №576/6 გადაწყვეტილებით, აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელებულ იქნა 2014 წლის 3 აგვისტომდე. კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ახალგაზრდული რადიოკომპანია 105“-ის კუთვნილი №1116 ლიცენზია მოდიფიცირდა კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და განისაზღვრა როგორც კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირისა და 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი.

  კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 8 იანვრის №24/5 გადაწყვეტილებით, შპს „ახალგაზრდულ რადიოკომპანია 105“-ს მიეცა თანხმობა კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის შპს „გაზეთ 1001 განცხადებისათვის“ გადაცემაზე. შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მფლობელს წარმოადგენს შპს „გაზეთ 1001 განცხადება“.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა №B62 ლიცენზიის სალიცენზიო პირობის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ კუთვნილი №B62 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა ლიცენზია მოყვანილ იქნეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

   კომისიის აპარატის სიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 21 სექტემბრის №10/1071-10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ FM 105 მჰც სიხშირის ძველი მფლობელი შპს „ახალგაზრდული რადიოკომპანია 105“ მაუწყებლობდა №1116 ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შემდეგი პირობებით − ”ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირისა და 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი”. ლიცენზიაში არ არის განსაზღვრული გადამცემის განთავსების ადგილი და გეოგრაფიული კოორდინატები, ხოლო რაც შეეხება ლიცენზიით განსაზღვრულ სიმძლავრეს, 100 ვატის გადამცემის გამოყენებით შეუძლებელია ქ. თბილისში შეირჩეს ისეთი გეოგრაფიული წერტილი, საიდანაც მოხდება ქ.თბილისის დაფარვა მდგრადი მიღების დონის რადიომაუწყებლობით, მაგრამ გადამცემის სიმძლავრის 1კვტ-მდე გაზრდის შემთხვევაში სამაუწყებლო სიგნალი გასცდება შპს \\\\\\\"გაზეთი 1001 განცხადების“ №B62 ლიცენზიით გათვალისწინებულ მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონას, კერძოდ ქ. თბილისს.  ამასთან ერთად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შპს „ახალგაზრდულ რადიოკომპანია 105“-ს რადიო გადამცემი მოწყობილობა და ანტენა წლების მანძილზე განთავსებული იყო შპს ”ჰორიზონტის” ანძაზე (მახათას მთა) და 100 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებისას ქ. თბილისის ბევრ უბნებში „ახალგაზრდული რადიოკომპანია  105”-ის სიგნალი ხარისხიანად არ ისმინებოდა. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემის სიმძლავრედ განისაზღვრება 500 ვატი, ხოლო მისი განთავსების ადგილად მახათის მთაზე არსებული შპს ”ჰორიზონტის” რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41°42 53\\\\\\\" და E-44°49 48\\\\\\\"), სადაც მიწის ზედაპირიდან 40მ სიმაღლეზე ფიზიკურად არსებობს საშუალება გადამცემი ანტენის განთავსებისა, ქ. თბილისის უმეტესი ნაწილი დაიფარება რადიოსიგნალების მდგრადი მიღების დონით და სამაუწყებლო სიგნალი არ გასცდება შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ №B62 ლიცენზიით გათვალისწინებულ მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონას, კერძოდ ქ. თბილისს.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ თანხმობის შემთხვევაში №B62 ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს იმგვარად, რომ აღნიშნული ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრებით გათვალისწინებული 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის ნაცვლად განისაზღვროს 500 ვტ და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას 2004 წლის 29 ოქტომბრის №576/6 გადაწყვტილებით სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,804.00 (ექვსი ათას რვაას ოთხი) ლარით, რაც დაანგარიშებული იყო 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გათვალისწინებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გათვალისწინებით სალიცენზიო გადასახადის ოდენობა განისაზღვრა 9,720.00 (ცხრა ათას შვიდას ოცი) ლარით, ანუ სხვაობა შეადგენს 2,916.00 (ორი ათას ცხრაას თექვსმეტი) ლარს. მოდიფიცირების განხორციელების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2010 წლის 28 სექტემბრის №10/1092-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ მიერ გადასახდელი დარჩა 1,525.00 (ერთი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარი, ლიცენზიის მფლობელს საერთო ჯამში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ექნება 4,441.00 (ოთხი ათას ოთხას ორმოცდაერთი) ლარი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით (2010 წლის 1 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი №10/956-10), ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება და ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2010 წლის 12 ნოემბერს 16.00 საათზე. სხდომას ესწრებოდა შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ დირექტორი თეა ნადირაძე, რომელმაც განაცხადა თანხმობა 2,916.00 (ორი ათას ცხრაას თექვსმეტი) ლარის გადახდაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში ლიცენზია მოყვანილ იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და, ამავდროულად, არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები, ვინაიდან, კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების შესაბამისად არსებული ლიცენზიის ფარგლებში უზრუნველყოფს სხვა ანძიდან სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების  და  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის და IX თავის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ №B62 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 105.0 მგჰც სიხშირეზე, მახათის მთაზე არსებული შპს ”ჰორიზონტის” რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41°42 53\\\\\\\" და E-44°49 48\\\\\\\"), ანტენის განთავსების ადგილი მიწის ზედაპირიდან 40მ სიმაღლეზე;

დ) გადამცემის სიმძლავრე: 500ვტ

ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2014 წლის 3 აგვისტომედე.

2. დაევალოს შპს „გაზეთ 1001 განცხადებას“ სალიცენზიო გადასახდელის განსხვავების 2,916.00 (ორი ათას ცხრაას თექვსმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი გრაფიკითა და რეკვიზიტების მიხედვით:

   972 ლარი - 2011  წლის 3 სექტემბერი;

   972 ლარი - 2012  წლის 3 სექტემბერი;

   972 ლარი - 2013  წლის 3 სექტემბერი;

-        ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

-        სახელმწიფო ხაზინის ბანკის კოდი - 220101222

-        საბიუჯეტო საშემოსავლო სახაზინო კოდი - 300773062

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გაზეთ 1001 განცხადებისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გაზეთ 1001 განცხადებისთვის“ გაგზავნა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე)

ა) სათანადო მოანცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის უზრუნველყოფა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები