სს “სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2010
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 21 ოქტომბერს კომისიას №1426/05-8 წერილით მიმართა სს ”სილქნეტმა” (კომისიაში რეგისტრაციის №6/3636-10) და წარმოადგინა კომისიის მიერ 2010 წლის 24 სექტემბრის №02/2121-10, №02/2151-10 და №02/2165-10 წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია. კომპანიის მიერ წარმოდგენილი წერილით სს ”სილქნეტი” ითხოვს დანართის სახით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.
კომისიამ 2010 წლის 24 სექტემბრის წერილებით მოითხოვა ინფორმაცია სადენიანი, რადიოსარელეო და თანამგზავრული მაგისტრალების შესახებ. სს ”სილქნეტმა”, 2010 წლის 21 ოქტომბერის №1426/05-8 წერილის დანართის სახით წამოადგინა კომპაქტ დისკი, რომელიც შეიცავს განზოგადებულ მონაცემებს სს ”საქართველოს რკინიგზის” მაგისტრალის პარალელურად ჩადებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის STM-ის შეერთების სქემის და ოპტიკური მაგისტრალის კაბელის სქემის შესახებ.
კომისიის 2010 წლის 05 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, როემლსაც ესწრებოდა სს ”სილქნეტის” უფლებამოსილი წარმომადგენელი, წარმოდგენილ განცხადებაზე დასკვნის წარმოდგენა დაევალა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს, რის გამოც კომისიის სხდომა გადაიდო 2010 წლის 12 ნოემბრისათვის, სადაც კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სამსახურეობივი ბარათი, რომლის შესაბამისად მიჩნეულია, რომ სს ”სილქნეტის” მიერ წარმოადგენილი ინფორმაცია, მისი ზოგადი შინაარსის გამო, არ უნდა იქნას ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად.
კომისიამ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, მისი დანართი, კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დასკვნები და განმარტებები და მიიჩნია, რომ არ არსებობს სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
კომისია აღნიშნავს, რომ, ის ინფორმაცია, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასაც მოითხოვს სს ”სილქნეტი”, დაკავშირებულია მომსახურების ბაზრის შესაბამის საბითუმო სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებასთან, ქსელის შესაბამის რესურსებთან დაშვების მსურველის არადისკრიმინაციული, თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფასთან და ხელს უწყობს მის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პირობების შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებას. გარდა ამისა, წერილის დანართის სახით კომპაქტ დისკზე წარმოდგენილი ინფორმაცია, მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალურ კავშირების (ბოჭკოვან–ოპტიკური კაბელები, სიმეტრიული და კოაქსიალური კაბელები, რადიოსარელეო ხაზები) შესახებ, მოიცავს ინფორმაციას კომპანიის საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემის ტრასისა და გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ. მონაცემები არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მაგისტრალებზე მითითებული მულტიპლექსორების განთავსების ზუსტი ადგილის შესახებ (შენობა–ნაგებობების კონკრეტული მისამართი). კომპანიის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არ შეიცავს ინფორმაციას ხარჯების და ტარიფების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ადგილობრივი კავშირის სიმეტრიული, კოაქსიალური და რადიოსარელეო ხაზების შესახებ, სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილია ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესაფასებლად.
შესაბამისად სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია განზოგადებულია და არ შეიცავს კომერციული ხასიათის მონაცემებს, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს განმცხადებლის კონკურენტულობას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუქნტის შესაბამისად განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური, ხოლო ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც არსებითად დაკავშირებულია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებასთან, დაშვების მსურველის არადისკრიმინაციული, თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფასთან და ხელს უწყობს მის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პირობების შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებას, არ არის დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის კომერციული საიდუმლოება.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის და 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს ”სილქნეტის” 2010 წლის 20 ოქტომბრის №1426/05-8 (კომისიაში რეგისტრაციის №6/6/2636-10) განცხადება წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;
2. ეცნობოს განმცხადებელს წარმოდგნეილ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსაშვილი
