წვდომის მენიუ

შპს ”სუფსა ტექნოკომის”-ს გაფრთხილების შესახებ

ნომერი: 520 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 27 ოქტომბერს შედგენილი შემოწმების აქტი N03, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2010 წლის 27 ოქტომბერს შემოწმებულ იქნა შპს „სუფსა ტექნოკომის“ მიერ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N541/1 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN157 და NN158 ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისების ვალდებულების შესრულების მდგომარეობა და გამოირკვა, რომ კომპანიას დამონტაჟებული აქვს სადგურები, აშენებული აქვს როგორც ოპტიკური ასევე სპილენძის კაბელებით ორგანიზებული ქსელი, მაგრამ აბონენტებთან არ არიან ჩართულნი აღნიშნულ ქსელში და შესაბამისად, არ ხორციელდება აბონენტებისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმ გარემოებას, რომ კომპანიის მიერ არ არის ათვისებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN157 და NN158 ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის 10%.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული შემოწმების ოქმის საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად,  კომისიაში 2010 წლის 4 ნოემბერს დაიწყო შპს „სუფსა ტექნოკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, მის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2010 წლის 23 ოქტომბრის N541/1 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებით (04.11.2010 N03/2358-10) ეცნობა ავტორიზებულ პირს და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, კომპანიას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „სუფსა ტექნოკომის“ წარმომადგენელი, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და აღნიშნა, რომ კომპანიას  დამონტაჟებული აქვს სადგურები, აშენებული აქვს როგორც ოპტიკური ასევე სპილენძის კაბელებით ორგანიზებული ქსელი და ურთიერთჩართვის განხორციელების მიზნით, ავტორიზებულ პირებთან უკვე გაგზავნილი აქვთ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები და თვის ბოლოსთვის უკვე განხორციელდება აბონენტების ქსელში ჩართვა, მომსახურების მიწოდება და შესაბამისად, ათვისებული იქნება მათ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის 10% რაც გათვალისწინებულია კომისიის 2009 წლის 23 ოქტომრის 541/1 გადაწყვეტილებით. კომისიის სხდომაზე შპს „სუფსა ტექნოკომის“ წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა სალიცენზიო ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით, დამატებითი ვადის  (2010 წლის 20 დეკემბრამდე) განსაზღვრასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „სუფსა ტექნოკომის“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, კომპანია, ამავე დროს, კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N541/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N157 და N158 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN157 ლიცენზია:

ა.ა) ნუმერაციის რესურსი: ოზურგეთის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ა.ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 23 ოქტომბრამდე;

ა.გ)ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ა.დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ა.ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (2,100.00 ორი ათას ასი ლარი)  დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი) საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება კომისიის 2009 წლის 23 სექტემბრის N541/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN158 ლიცენზია:

ბ.ა) ნუმერაციის რესურსი: ლაჩხუთის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ.ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 23 ოქტომბრამდე;

ბ.გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ბ.დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ბ.ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (2,100.00 ორი ათას ასი ლარი)  დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი) საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება კომისიის 2009 წლის 23 სექტემბრის N541/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;

2. კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სუფსა ტექნოკომს“ განესაზღვრა სალიცენზიო ვალდებულებად ნუმერაციის რესურსის 10% ათვისების ვალდებულება, თითოეული ლიცენზიისთვის, ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში ანუ 2010 წლის 23 ოქტომბრამდე.

3. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგისა და შედგენილი N03 შემოწმების აქტის შესაბამისად იკვევა, რომ შპს „სუფსა ტექნოკომის“ მიერ არ იქნა შესრულებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN157 და NN158 ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულება, კერძოდ ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისების ვალდებულება თითოეული ლიცენზიისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევა წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის სანქცირების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სუფსა ტექნოკომის“ მიერ დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტი და აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სუფსა ტექნოკომს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გაზიარებულ იქნა შპს „სუფსა ტექნოკომის“ წარმომადგენლის შუამდგლომლობა სალიცენზიო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N541/1 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „სუფსა ტექნოკომს“ სალიცენზიო ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისთვის განუსაზღვროს დამატებითი ვადა 2010 წლის 20 დეკემბრამდე.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”სუფსა ტექნოკომს” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N541/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „სუფსა ტექნოკომმა“ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით და მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულების, ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისების ვალდებულების შესრულება თითოეული ლიცენზიისთვის 2010 წლის 20 დეკემბრამდე; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (თ.დანელია) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს ”სუფსა ტექნოკომისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სუფსა ტექნოკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                               ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                              ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                              კ.კვიტაიშვილი                      

კომისიის წევრი                                                                                          ა.სიხარულიძე                                    

კომისიის წევრი                                                                              ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები