შპს „ჯეოსელის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2010
მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2010 წლის 12 ნოემბერს სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (12.11.2010 N10/1185-10), სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილებით, შპს „ჯეოსელის“ მიეცა გაფრთხილება და დაევალა 7 კალენდარული დღის ვადაში „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მობილური ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას 5 წამიანი დამრგვალების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დავცის შესახებ რეგლამენტის“ 105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებათან, კერძოდ აბონენტისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების საფასურის დამრგვალება წამის სიზუსტით.
შპს „ჯეოსელის“ მიერ არ იქნა შესრულებული კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულება, რასაც ადასტურებს კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.geocell.ge) გამოქვეყნებული „ლაი ლაის“ ბრენდის სატარიფო გეგმა, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილობრივ ზარებზე მოქმედებს 5 წამიანი დამრგვალება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 ნოემბერს კომისიას განცხადებით (15.11.2010 N6/3813-10) მომართა შპს „მაგთიკომმა“ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევის თაობაზე. კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ არ იქნა შესრულებული კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება და შპს „ჯეოსელის“ მიერ ჟურნალ ტაბულას 1-7 ნოემბრის ნომერში განთავსებულია „ლაი ლაის“ რეკლამა, სადაც მითითებულია, რომ აბონენტებისთვის მოქმედებს ზარის 5 წამიანი დამრგვალების წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას, რაც წარმოადგენს შპს „ჯეოსელის“ სანქცირების საფუძველს.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში არსებული მასალების საფუძველზე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 15 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ჯეოსელის“ სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით (15.11.2010 N03/2415-10 17.11.2010 N03/2443-10) ეცნობა შპს „ჯეოსელს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
ადმინისტაციული წარმოების დაწყების თაობაზე ეცნობა შპს „მაგთიკომსაც“ (17.11.2010 03/2442-10) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე რომელსაც ესწრებოდა შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები დ.კაკაბაძე და ა.სადაღაშვილი და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ.ძიძიგური.
კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსელი“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ შესრულებულ იქნა კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება წამობრივ დამრგვალებასთან დაკავშირებით, კერძოდ აბონენტისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების საფასურის დამრგვალება ხორციელდება 1 წამიანი დამრგვალების წესით. კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ იქნა ამონაბეჭდი კომპანიის ვებ გვერდიდან (www.geocell.ge) და 2010 წლის 19 ნოემბრის საბილინგო მონაცემები. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ იგი სადაოდ არ ხდის კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად შედგენილ შემოწმების აქტს და ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შემოწმების აქტზე თანდართულ CD დისკზე ნამდვილად არის ჩაწერილი შპს „ჯეოსელის“ ოპერატორთან სატელეფონო საუბარი, სადაც ოპერატორი ადასტურებს, რომ „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მოქმედებს 5 წამიანი დამრგვალების წესი. მან ასევე დაადასტურა, რომ 2010 წლის 19 ნოემბრამდე შპს „ჯეოსელის“ ვებ გვერდზე იყო მითითებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მოქმედებს 5 წამიანი დამრგვალების წესი. დ.კაკაბაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რა თარიღიდან განხორციელდა „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის 5 წამიანი დამრგვალების წესის შეცვლა და ასევე დაადასტურა, რომ კომპანიის მიერ კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა 7 კალენდარული დღის ვადაში „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მობილური ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას 5 წამიანი დამრგვალების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დავცის შესახებ რეგლამენტის“ მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებათან, კერძოდ აბონენტისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების საფასურის დამრგვალება წამის სიზუსტით, არ იქნა შესრულებული კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის დარღვევა აღმოფხვრილ იქნა კომპანიის მიერ და შესაბამისად, არ არსებობს შპს „ჯეოსელის“ სანქცირების საფუძველი.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ჯეოსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, შემდეგი სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე:
ა) ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (GSM WCDMA);
ბ) ინტერნეტ მომსახურება (3G სხვა);
გ)მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
გ.ა ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
გ.ბ. საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
გ.გ. როუმინგული კავშირით მომსახურება
დ) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
დ.ა ტექსტური შეწყობინების მომსახურება;
დ.ბ. მულტიმედიური მომსახურება;
დ.გ. ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);
დ.დ. მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
2. კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილებით, შპს „ჯეოსელის“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო და დაევალა 7 კალენდარული დღის ვადაში „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მობილური ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას 5 წამიანი დამრგვალების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დავცის შესახებ რეგლამენტის“ მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებათან, კერძოდ აბონენტისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მოსახურების საფასურის დამრგვალება წამის სიზუსტით.
შპს „ჯეოსელის“ მიერ 2010 წლის 19 ნოემბრამდე არ იქნა შესრულებული კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულება, რასაც ადასტურებს კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.geocell.ge) 2010 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით გამოქვეყნებული „ლაი ლაის“ ბრენდის სატარიფო გეგმა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ადგილობრივ ზარებზე მოქმედებს 5 წამიანი დამრგვალება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში 2010 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ იქნა შემოწმება და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N5, სადაც აღნიშნულია, რომ 2010 წლის 16 ნოემბერს 17:09 საათზე სატელეფონო ნომრიდან 877488878 მოხდა ზარის განხორციელება შპს „ჯეოსელის“ საინფორმაციო სამსახურის ნომერზე 928, სადაც ოპერატორს დაესვა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენწამიანი დამრგვალება აქვს განხორციელებულ ზარებზე „ლაი ლაის“ აბონენტებს. ოპერატორმა განმარტა, რომ „ლაი ლაის“ აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე მოქმედებს 5 წამიანი დარგვალების წესი. ოპერატორთან საუბრისას განხორციელდა აუდიოჩაწერა (ჩანაწერი CD დისკზე თან ერთვის შემოწმების აქტს).
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილება შპს „ჯეოსელის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. შპს „ჯეოსელის“ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება. შპს „ჯეოსელის“ აღნიშნული შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ (2010 წლის 17 სექტემბრის განჩინება). შესაბამისად, კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილება წარმოადგენს მოქმედ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და მისი შესრულების ვალდებულება შპს „ჯეოსელს“ დაკისრებული ჰქონდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის ძალით.
კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი 2010 წლის 19 ნოემბრის საბილინგო მონაცემებისა და კომპანიის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად, „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მოსახურების საფასურის დამრგვალება ხორციელდება 1 წამის სიზუსტით.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ მომსახურებაში გარკვევით ასახოს მისი შესაბამისი ღირებულება წამობრივი დამრგვალების წესით“.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.
4. კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი 2010 წლის 19 ნოემბრის საბილინგო მონაცემებისა და კომპანიის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად, „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მოსახურების საფასური მრგვალდება 1 წამის სიზუსტით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით, როდესაც კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა მონიტორინგი და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N5, „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მოქმედებდა 5 წამიანი დამრგვალების წესი. აღნიშნულს ადასტურებს როგორც ამონაწერი შპს „ჯეოსლეის“ ვებ გვერდიდან, ასევე შპს „ჯეოსელის“ ოპერატორის მიერ სატელეფონო საუბრისას აბონენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია და შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა თავად აღიარა, რომ კომისიის გადაწყვეტილების შესრულება არ მომხდარა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და ამავე დროს, მან ვერ მიუთითა ზუსტი თარიღი, რა თარიღიდანაც „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის აღარ მოქმედებდა 5 წამიანი დამრგვალების წესი. კომპანიის მიერ ასევე ვერ იქნა კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილების შესრულება განხორციელდა ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში შეუსრულებლობით დარღვეულ იქნა როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტი, ასევე „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტების კანონიერი უფლებები, კერძოდ, იმ ფაქტით, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მობილური ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას 5 წამიანი დამრგვალების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დავცის შესახებ რეგლამენტის“ მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებათან, კერძოდ აბონენტისთვის მიწოდებული მობილური საკომუნიკაციო მოსახურების საფასურის დამრგვალება წამის სიზუსტით, აბონენტებს არამართლზომიერად დაეკისრათ საფასურის გადახდა იმ სახის მომსახურებისთვის რაც ამ უკანასკნელებს არ მიუღიათ შპს „ჯეოსელისგან“.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ დარღვეულია კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტი რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. კერძოდ, შპს „ჯეოსელის“ მიერ 7 დღის ვადაში არ იქნა შერულებული კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მობილური ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას 5 წამიანი დამრგვალების კორექტირების და მისი „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დავცის შესახებ რეგლამენტის“ მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებათან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, რითაც პირთა ფართო წრეს („ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებს) მიადგათ ფინანსური ზიანი;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის N451/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია ჯარიმა 30,000.00 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 30000 და არა უმეტეს 90000 ლარისა. ამავე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმას, თუ რას წარმოადგენს დარღვევის შინაარსი, კერძოდ ეს არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტის დარღვევა.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (19.11.2010 N10/1917-10) შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტი აღემატება 90,000.00 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელს“ ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 90,000.00 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაჯარიმდეს შპს „ჯეოსელი“ 90,000.00 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარით კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N414/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა“ 90,000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე) სისტემატური მონიტორინგის განხორციელება შპს „ჯეოსელის“ მიერ „ლაი ლაის“ ბრენდის აბონენტებისთვის მობილური ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას საფასურის წამის სიზუსტით დამრგვალებასთან დაკავშირებით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (თ.დანელია) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს ”ჯეოსელისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
