წვდომის მენიუ

რიგი ავტორიზებული პირებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 53 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2010

მიღების თარიღი იანვარი 29, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით დადგენილია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის პერსონალური და სამეწარმეო რეესტრით გათვალისწინებული ის მონაცემები, რომელთა შეტანაც ხორციელდება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტების (2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებია: საწარმოს საფირმო სახელწოდება, საწარმოს სამართლებრივი ფორმა, საწარმოს იურიდიული მისამართი, საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების), ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი, მისამართი, პირადი ნომერი და ხელმოწერა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მიზნებისათვის, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის  მონაცემების, მათ შორის საწარმოს იურიდიული მისამართის, დირექტორისა და დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების)ცვლილებები.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, ხოლო ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.

ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიას შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ უნდა ეცნობოს შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებამდე; შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 21.12.2009 №10/770-09, 25.12.2009 №10/800-09, 29.12.2009 10/817-09 და 11.01.2010 №10/21-10 სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ”ელექტრონული კომუნკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 და 26-ე მუხლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით 2010 წლის 5 და 6 იანვარს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება რიგი ავტორიზებული პირების მიმართ. კომისიის სხდომის დღედ განისაზღვრა  2010 წლის 12 იანვარი, რის თაობაზეც ეცნობათ სამსახურებრივ ბარათებში მითითებულ ავტორიზებულ პირებს. კომისიის სხდომა გაიმართა 2010 წლის 12 იანვარს. სხდომაზე გადაწყდა, რომ აუცილებელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკითხის განხილვა გადაიდო  2010 წლის 29 იანვრისათვის.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ კიდევ ერთხელ გაანალიზდა ავტორიზებული პირების მიერ ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის საკითხი და 2010 წლის 18 იანვრის №10/33-10 სამსახურებრივი ბარათის თანახმად დადგინდა, რომ ”ელექტრონული კომუნკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა არ დაუდასტურდათ რიგ ავტორიზებულ პირებს, რის გამოც ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე მათ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება  უნდა შეწყდეს.

 გარდა აღნიშნულისა, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2010 წლის 18 იანვრის №10/33-10 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია ავტორიზებული პირები, რომელთა მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), და მ) ქვეპუნქტებისა და 26- ე მუხლის მოთხოვნები. ესენია: შპს ”C.T.S”-ი, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”, შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”, შპს ”პელიკომი”, შპს ”დიდგორი-2”-ი, შპს ”ბადაგი”, შპს ”კოსმო-TV”-ი, შპს ”ვოიპნეტი”, შპს ”მშენპროექტკომპანია”, შპს ”გლობალ სელ”-ი,  სს ” ინფოჯორჯია XXI”-ე, შპს ” Alpha Telecom”-ი, შპს ” გლობალკომი”, შპს ”ალტერნეტი”, შპს ” სერვისი”.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა ადმინისტრაციული წარმოება გააგრძელა რიგი ავტორიზებული პირების: შპს ”C.T.S”-ის, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”,   შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას”,  შპს ”პელიკომის”,  შპს  ”დიდგორი-2”-ის,  შპს ”ბადაგის”, შპს ”კოსმო-TV”-ის, შპს ”ვოიპნეტის”, შპს ”მშენპროექტკომპანიის”, შპს ”გლობალ სელ”-ის, სს ”ინფოჯორჯია XXI”-ეს, შპს ”Alpha Telecom”-ის, შპს                       ” გლობალკომის”, შპს ”ალტერნეტის” და  შპს ” სერვისის” მიმართ.

ზემოაღნიშნულ პირებს 2010 წლის 20 იანვრის შეტყობინებით განმეორებით   განემარტათ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული  უფლებები და ვალდებულებები და აგრეთვე ეცნობათ სხდომის დღის შესახებ.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 29 იანვრის  სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”C.T.S”-ის, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას”, შპს ”პელიკომის”, შპს ”დიდგორი-2”-ის, შპს ”ბადაგის”,  შპს ”ვოიპნეტის”, შპს ”მშენპროექტკომპანიის”, შპს ”გლობალ სელ”-ის,  სს ” ინფოჯორჯია XXI”-ეს, შპს ”Alpha Telecom”-ის, შპს ”გლობალკომის”, შპს ”ალტერნეტის” და შპს ” სერვისის” წარმომადგენლები. კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს ”კოსმო-TV”-ის წარმომადგენელი, რომელსაც კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის გამნარტებით შეტყობინება ჩაბარდა, ხოლო მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათის შესწავლის შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

1. შპს ”C.T.S”-ი 2005 წლის 28 ოქტომბრიდან  რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: საერთაშორისო საკომუნიკაციო  მომსახურება, ინტერნეტით მომსახურეობა, საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა.  დეკლარაციაში შპს ”C.T.S”-მა   მიუთითა, რომ მისი დირექტორი და  დამფუძნებელი პარტნიორია გრიგორ ვართანიანი.

მოგვიანებით, 2008 წლის 22 ივლისს, შპს ”C.T.S”-მა კომისიას წარუდგინა ახალი ინფორმაცია საწარმოს დირექტორის თაობაზე. კერძოდ, შპს ”C.T.S”-ის   წერილის (28/07/2008 №6/1727-08) თანახმად,  კომპანიის დირექტორია  ნ. ფირცხალაიშვილი და დამფუძნებელი პარტნიორები არიან გრიგორ ვართანიანი,  კარინა ვართანიანი და პეტრე ულანოვი. მითითებული წერილის გარდა,  შპს ”C.T.S”-მა  წარმოადგინა კომისიის მიერ ავტორიზებული პირებისათვის დარიგებული აპლიკაციის შევსებული ფორმა, რომლის თანახმადაც საწარმოს დირექტორია   ნ. ფირცხალაიშვილი.

2009 წლის 19 ნოემბერს, კომისიის მიერ ავტორიზებული პირებისათვის გაგზავნილ იქნა წერილი (№03/2777-09)  და კომისიის უწყებრივი რეესტრის განახლების მიზნით, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე.   2010 წლის 08 იანვარს, კომისიაში ”C.T.S”-ის  მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება არ განხორციელებულა და საწარმოს დირექტორი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია გრიგორ ვართანიანი (ქ. ბათუმის სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის დადგენილება; 2007 წლის 21 ივნისის, 2008 წლის 7 თებერვლის და 2010 წლის 29 იანვრის  სამეწარმეო რეესტრის ამონაწერები). 2010 წლის 11 იანვარს, შპს ”C.T.S”-ის  მიერ კომისიაში წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, გრიგორ ვართანიანი საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორია და აპლიკაციის ფორმაში გრაფა - დირექტორი შევსებული საერთოდ არ არის და ცარიელია.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შპს ”C.T.S”-მა კომისიას  დამატებით წარუდგინა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შპს ”C.T.S”-ის” გენერალური დირექტორია  გრიგირ ვართანიანი და ტექნიკური დირექტორი არის  ნუგზარ ფირცხალაიშვილი (01/03/06 №1 ბრძანება).

გამომდინარე აღნიშნულიდან კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”C.T.S”-მა კომისიას სხვა და სხვა დროს წარუდგინა არასწორი და არასრულყოფილი  ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ, რითაც დაარღვია  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნა.

2. შპს ”ვაიმაქს ჯორჯია” 2008 წლის 18 ივლისიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: ინტერნეტით მომსახურება, ადგილობრვი საკომუნიკაციო მომსახურება და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო  მომსახურება, საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება, მობილური საკომუნიკაციო მომსახურება და სხვა საკომუნიკაციო მომსახურება. კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ   2008 წლის 15 სექტემბერს შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” დამფუძნებელი პარტნიორის  შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” წილი (51%) შეიძინა შპს ”ჩემენიქსიმ ინტერნეიშენალმა”, რომელიც გახდა შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” დამფუძნებელი პარტნიორი.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”  ვალდებული იყო კომპანიის წილების გასხვისების განზრახვის შესახებ ეცნობებინა კომისიისთვის, კომპანიაში წილის შეძენის განხორციელებამდე. გარდა აღნიშნულისა, დამფუძნებელი პარტნიორის ცვლილების თაობაზე ”ვაიმაქს ჯორჯიამ” აცნობა კომისიას  კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მხოლოდ 2009 წლის 03 დეკემბერს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ)  ქვეპუნქტები.

3. შპს ”დიდგორი-2”-ი 2008 წლის 1 აგვსიტოდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში როგორც ავტორიზებული პირი შემდეგი საქმიანობის და მომსახურების მითითებით: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა. 2008 წლის 27 ნოემბერს შეიცვალა შპს ”დიდგორი-2”-ის დამფუძნებელი პარტნიორი.  კერძოდ, 2008 წლის 27 ნოემბერს   შპს ”დიდგორი-2”-ის დამფუძნებელი პარტნიორის, კახაბერ ნადირაძის წილი (40%) შეიძინა ფიზიკურმა პირმა, ქეთევან მჭედლიძემ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, შპს ”დიდგორი-2”-ი ვალდებული იყო კომპანიის წილების გასხვისების განზრახვის შესახებ ეცნობებინა კომისიისთვის, კომპანიაში წილის შეძენის განხორციელებამდე. გარდა აღნიშნულისა, შპს ”დიდგორი-2”-მა  კომისიას აცნობა ცვლილების თაობაზე  და დამადასტურებელი დოკუმენტი  წარუდგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 2009 წლის 14 დეკემბერს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და მ) ქვეპუნქტები.

4. შპს ”ვოიპნეტი” 2007 წლის 01 მაისიდან  რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება, საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო  მომსახურება და საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება. შპს ”ვოიპნეტის” დამფუძნებელი პარტნიორები შეიცვალა 2008 წლის 15 სექტემბერს, რის თაობაზეც  მან დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე წერილობით აცნობა კომისიას მხოლოდ 2010 წლის 12 იანვარს. კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, 2010 წლის 20 იანვარს შპს ”ვოიპნეტის” მიერ  წარმოდგენილი იქნა დამატებითი მტკიცებულებები: დამფუძნებელ პარტნიორთა 2008 წლის 15 სექტემბრის  კრების  ოქმი  და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. მითითებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ განხორცილედა შპს ”ვოიპნეტის” პარტნიორთა წილების შეძენა.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შპს ”ვოიპნეტი”, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებული იყო კომპანიის წილების გასხვისების განზრახვის შესახებ ეცნობებინა კომისიისთვის, კომპანიაში წილის შეძენის განხორციელებამდე.  გარდა აღნიშნულისა, შპს ”ვოიპნეტმა”, ცვლილების თაობაზე დამადასტურებლი დოკუმენტები კომისიას წარუდგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მხოლოდ 2010 წლის 20 აინვარს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და მ)  ქვეპუნქტები.

5. შპს ”კოსმო TV”-ი 2008 წლის 10 ივნისიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა, ინტერნეტით მომსახურება, ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო  მომსახურება.  შპს ”კოსმო TV”-ის დამფუძნებელი პარტნიორები შეიცვალა 2009 წლის 5 მაისს. კერძოდ, შპს ”კოსმო TV”-ის მიერ  კომისიაში 2009 წლის 22 დეკემბერს წარმოდგენილი  პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის რეესტრის ამონაწერით დადასტურდა, რომ 2009 წლის 5 მაისს განხორცილედა შპს ”კოსმო TV”-ის დამფუძნებელ პარტნიორთა წილების შეძენა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შპს ”კოსმო TV”-ი, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებული იყო კომპანიის წილების გასხვისების განზრახვის შესახებ ეცნობებინა კომისიისთვის, კომპანიაში წილის შეძენის განხორციელებამდე. გარდა აღნიშნულისა, განხორციელებული ცვლილების შესახებ შპს ”კოსმო TV”-იმ  კომისიას აცნობა და  დამადასტურბელი დოკუმენტი წარუდგინა  კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მხოლოდ 2009 წლის 22 დეკემბერს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და მ)  ქვეპუნქტები.

6. შპს ”მშენპროექტკომპანია” 2006 წლის 14 მარტიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა. შპს ”მშენპროექტკომპანიის” დირექტორი შეიცვალა 2009 წლის 30 ნოემბერს, რის თაობაზეც  მან კომისიას მიაწოდა  ინფორმაცია დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, მხოლოდ 2009 წლის 08 დეკემბერს, რითაც დაარღვია  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) და მ)  ქვეპუნქტები.

7. სს ” ინფოჯორჯია XXI”-ე 2006 წლის 20 მარტიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: ადგილობრვი საკომუნიკაციო მომსახურება, საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო  მომსახურება და საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება. სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს დამფუძნებელი აქციონერები  შეიცვალა, რის თაობაზეც მან კომისიას დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე აცნობა მხოლოდ 2009 წლის 03 დეკემბერს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები.

8. შპს ” Alpha Telecom”-ი 2006 წლის 19 დეკემბრიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: ინტერნეტით მომსახურება. 2007 წლის 10 აპრილს შეიცვალა  შპს ”Alpha Telecom”-ის  დირექტორი, რის თაობაზეც  მან კომისიას მიაწოდა ინფორმაცია  დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მხოლოდ  2009 წლის 04 დეკემბერს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და მ) ქვეპუნქტები.

9.  შპს ”გლობალკომი” 2008 წლის 05 ივნისიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა, საკაბელო სატრანზიტო რადიომაუწყებლობა, ინტერნეტით მომსახურება, ადგილობრვი საკომუნიკაციო მომსახურება, საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო  მომსახურება და საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება. შპს ”გლობალკომის” დამფუძნებელი პარტნიორები შეიცვალა 2009 წლის 25 სექტემბერს. კერძოდ, 2009 წლის 25 სექტემბერს  დამფუძნებელი პარტნიორების, ბესარიონ ომაძისა და ზურაბ მიქაძის წილები  შეიძინა ფიზიკურმა პირმა, მალხაზ ედიშერაშვილმა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტია და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შპს ”გლობალკომი” როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებული იყო კომპანიის წილების გასხვისების განზრახვის შესახებ ეცნობებინა კომისიისთვის, კომპანიაში წილის შეძენის განხორციელებამდე. გარდა აღნიშნულისა, დამფუძნებელ პარტნიორთა წილების შეძენის თაობაზე შპს ”გლობალკომმა”  კომისიას  აცნობა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მხოლოდ 2009 წლის 26 ნოემბერს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები.

10. შპს ”ალტერნეტი” 2007 წლის 17 მაისიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, რომელიც ახორციელებს ინტერნეტით მომსახურებას, ხოლო  2009 წლის 02 დეკემბრიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა, საკაბელო სატრანზიტო რადიომაუწყებლობა, ინტერნეტით მომსახურება, ადგილობრვი საკომუნიკაციო მომსახურება, საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო  მომსახურება და საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება. შპს ”ალტერნეტის” დირექტორი შეიცვალა 2009 წლის 06 მაისს, რის თაობაზეც  მან კომისიას მიაწოდა  ინფორმაცია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მხოლოდ 2009 წლის 7 დეკემბერს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები.

11. შპს ”სერვისი” 2006 წლის 07 აპრილიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში,  როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა, საკაბელო სატრანზიტო რადიომაუწყებლობა, ინტერნეტით მომსახურება, ადგილობრვი საკომუნიკაციო მომსახურება, საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო  მომსახურება და საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება.  შპს ”სერვისის” დირექტორი შეიცვალა 2007 წლის 23 მაისს, ხოლო იურიდიული მისამართი, შეიცვალა 2008 წლის 27 ივნისს, რის თაობაზეც  მან კომისიას მიაწოდა  სრულყოფილი ინფორმაცია მხოლოდ 2010 წლის 21 იანვარს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები.  

კომისია  აღნიშნავს, რომ  იმის გათვალისწინებით, რომ ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”პელიკომის”, შპს ”ბადაგისა” და შპს ”გლობალ  სელის” ნაწილში საქმე მოითხოვს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამატებით გამოკვლევას, მათ მიმართ საკითხის განხილვა უნდა გადაიდოს 2010 წლის 5 თებერვალს, 16:00 საათზე.

კომისიას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ”C.T.S”-მა დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის  ა) ქვეპუნქტი, შპს ”მშენპროექტკომპანიამ”, სს” ინფოჯორჯია XXI”-ემ, შპს ” Alpha Telecom”-მა, შპს ”ალტერნეტმა”, შპს ” სერვისმა” დაარღვიეს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები, ხოლო  შპს ”ვაიმაქს ჯორჯიამ”, შპს ”დიდგორი-2”-მა, შპს ”ვოიპნეტმა”, შპს ”კოსმო-TV”-იმ და  შპს ” გლობალკომმა”  დაარღვიეს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის   ბ) და მ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენს მათ მიმართ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საფუძველს.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №361/18 გადაწყვეტილებით შპს ”C.T.S”-ის ”და შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” მიმართ კომისიის მიერ  გამოყენებულია  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით  დადგენილი პასუხისმგებლობა - წერილობითი გაფრთხილება, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე  მათ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული  ჯარიმა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის სამსახურებრივი ბარათის (22/01/2010,№10/60-10) შესაბამისად, კომისიაში წარდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს ”C.T.S”-ს 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავალის 0.5% შეადგენს 1, 593.85 ლარს (ერთი ათას ხუთას ოთხმოცდაცამეტი  ლარი და ოთხმოცდა ხუთი თეთრი).

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის სამსახურებრივი ბარათის (26/01/2010,№10/60-10) შესაბამისად, კომისიაში წარდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”C.T.S”-ს და შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავალის 0.5% -ი ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალურ ზღვარზე ნაკლებია, მათ უნდა დაეკისროთ ჯარიმა, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ  იმის გათვალისწინებით, რომ  შპს ”დიდგორი-2”-ს, შპს ”კოსმო-TV”-ს, შპს ”ვოიპნეტის”, შპს ”მშენპროექტკომპანიის”, სს” ინფოჯორჯია XXI”-ს, შპს ”Alpha Telecom”-ს, შპს ”გლობალკომის”, შპს ”ალტერნეტის”,შპს ”სერვისის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ა), ბ)  და მ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  45-ე  და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 54-ე, 167-ე მუხლების შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაჯარიმდეს შპს ”C.T.S”-სი 10 000 (ათი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის  ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2. დაჯარიმდეს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია” 10 000 (ათი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის   ბ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

3. გაფრთხილდნენ  შპს ”დიდგორი-2”-ი, შპს ”ვოიპნეტი”, შპს ”კოსმო-TV”-ი და შპს ”გლობალკომი” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 19 მუხლის მეორე პუნქტის  ბ) და მ)  ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

4. გაფრთხილდნენ  შპს ”მშენპროექტკომპანია”, სს” ინფოჯორჯია XXI”-ე, შპს ” Alpha Telecom”-ი, შპს ”ალტერნეტი” და შპს ”სერვისი”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის  ბ) და მ)  ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

5. უზრუნველყოს შპს ”C.T.S”-სმა    ჯარიმის  10 000 (ათი ათასი) ლარის  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

6. უზრუნველყოს შპს ”ვაიმაქს ჯორჯიამ”    ჯარიმის  10 000 (ათი ათასი) ლარის  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

7. გადაიდოს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”პელიკომის”, შპს ”ბადაგისა” და შპს ”გლობალ  სელის” საქმის განხილვა 2010 წლის 5 თებერვალს, 16:00 საათზე;

8. შეწყდეს ადმინისტრაციული  წარმოება კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 21.12.2009 №10/770-09, 25.12.2009 №10/800-09, 29.12.2009 10/817-09 და 11.01.2010 №10/21-10 სამსახურებრივ ბარათებში მითითებული სხვა  ავტორიზებული პირების მიმართ;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნინო ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების შპს ”C.T.S”-სათვის, შპს ”ვაიმაქს ჯორჯიასთვის”, შპს ”დიდგორი-2”-ისათვის, შპს ”კოსმო-TV”-სათვის, შპს ”ვოიპნეტისათვის”, შპს ”მშენპროექტკომპანიისათვის”, სს ” ინფოჯორჯია XXI”-სათვის, შპს ” Alpha Telecom”-სათვის, შპს ”გლობალკომისათვის”, შპს ”ალტერნეტისათვის” და შპს” სერვისისათვის” გაგზავნა;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

11. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”C.T.S”-სათვის, შპს ”ვაიმაქს ჯორჯიასათვის”, შპს ”დიდგორი-2”-ისათვის, შპს ”კოსმო-TV”-სათვის, შპს ”ვოიპნეტისათვის”, შპს ”მშენპროექტკომპანიისათვის”, სს ”ინფოჯორჯია XXI”-სათვის, შპს ”Alpha Telecom”-სათვის, შპს ”გლობალკომისათვის”,შპს ”ალტერნეტისათვის” და შპს ” სერვისისათვის” ჩაბარების დღიდან;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (იოსებ აბულაძე);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კახი ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                     სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                          ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები