შპს ,,სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 27 ოქტომბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა (გ. რატიშვილი, ი. მახარაძე) მიერ 2010 წლის 21 ოქტომბრის შპს ”სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №57, რომლის თანახმად, შპს ”სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ი გარკვეულ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 27 ოქტომბრის №10/1155-10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 4 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 12 ნოემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ”სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2010 წლის 12 ნოემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის გენერალური დირექტორი ზ. ხარებაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მოხდა გაუგებრობა და კომისიის მიერ შემოწმებული იქნა აბონენტი, რომელსაც ჰქონდა საკაბელო ქსელი, ხოლო მათ კომპანიას საკაბელო ქსელი არ გააჩნია, მათ აქვთ ე.წ. მიტრისი. მან დასძინა, რომ ქ. ყვარელში არის სხვა საკაბელო ქსელი, რომელიც არის დაფიქსირებული შემოწმების დროს და ეს არ არის შპს ,,სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის ქსელი. ზ. ხარებაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქ. ყვარელში არსებული მეორე ტრანზიტული მაუწყებლობის განმახორციელებელი პირის დასახელება არ იცის.
კომისიამ გადადო შპს ,,სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1-ის” სანქცირების საკითხის განხილვა ერთი კვირით 2010 წლის 19 ნოემბრისათვის, დამატებითი მტკიცებულებების მოძიებისა და არსებული მტკიცებულებების დადასტურების მიზნით.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 19 ნოემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 19 ნოემბრის №10/1218-10 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა (გ. რატიშვილი, ი. მახარაძე) მიერ 2010 წლის 17 ნოემბერს განხორციელდა შპს ”სამაუწყებლო კომპანია კახეთი 1”-ის ხელახალი შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ”სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის მიერ არ ხორციელდება 2010 წლის 21 ოქტომბრის შემოწმების აქტი №57-ში დაფიქსირებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება. შპს ”სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთის 1”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია ყველა იმ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, რომლის რეტრანსლირებასაც ახორციელებს. ამასთანავე დადგინდა, რომ ქ. ყვარელში, 2010 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული შემოწმებისას დაფიქსირებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება ხორციელდებოდა შპს ,,ატას” მიერ (ავტორიზაციის თარიღი 15.02.10. ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება).
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 21 ოქტომბერის №57 შემოწმების აქტის, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის 2010 წლის 27 ოქტომბრისა და 19 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათების, კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების, კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილისა და შპს ”სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის გენერალური დირექტორის ზ. ხარებაშვილის ახსნა-განმარტებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 05.02.10. ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 17 ნოემბერს შპს ,,სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის შემოწმებამ ცხადყო, რომ აღნიშნული კომპანია არ ახორციელებდა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას, შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების გარეშე;
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული შემოწმებისას დაფიქსირებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება ხორციელდებოდა შპს ,,ატას” მიერ, რასთან დაკავშირებითაც დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის № 3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.
5. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ,,ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.
6. ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.
7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება დაუყოვნებლივ წყდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, შპს ,,სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის მიერ არ დარღვეულა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის” მე-11bis მუხლი, ,,ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე მუხლების, 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის” მე-11bis მუხლის, ,,ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის სანქცირებასთან დაკავშირებით, გაფრთხილების/ჯარიმის დაკისრების საფუძვლის არ არსებობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-სთვის” ჩაბარების დღიდან;
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
