სააბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010
მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 ოქტომბრის N468/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი ქ. ფოთში სააბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) 50XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ფოთი;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 10 წელი;
დ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 2,000.00 (ორი ათასი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 8 ნოემბრის 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2010 წლის 26 ნოემბერი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 100.00 (ასი ლარი).
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ სს ”სილქნეტმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2010 წლის 26 ნოემბერს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს ”სილქნეტის” წარმომადგენელი ლევან გიორგაძე.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. სს ”სილქნეტის” წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის (100.00 ასი ლარი) საერთო ოდენობის - 2,100.00 (ორი ათას ასი ლარი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2010 წლის 15 ოქტომბრის №468/8 გადაწყვეტილებით ქ.ფოთში გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”სილქნეტი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2,100.00 (ორი ათას ასი ლარი) ლარი;
2. უზრუნველყოს სს ”სილქნეტმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 630.00 (ექვსას ოცდაათი ლარი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი ლარი) ლარი ანუ 430.00 (ოთხას ოცდაათი) ლარის გადახდა 2010 წლის 26 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220101222
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს (1,470.00 ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ ჩაბარებისთანავე;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
