წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 54 / 8

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2010

მიღების თარიღი იანვარი 29, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ”-მ რადიოსარელეო კავშირისთვის, კერძოდ კომპანიის სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ქუთაისი ზ.გამსახურდიას ქ.N13) საკაბელო ტელევიზიებისთვის (შპს „სატელიტსერვისი“, მისამართი: ქ.ქუთაისი ჭავჭავაძის გამზირი N59/20 და შპს „ბეტა ტვ“, მისამართი: ქ.ქუთაისი თამარ მეფის ქუჩა, შპს „ახალი ქსელების“ ფილიალის შენობა) სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად სიხშირის მინიჭებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB74 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საეთერეო ტელემაუწყებლობას მე-2 სატელევიზიო არხზე ქ. ხონში და მის მიმდებარე რაიონებში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, ლიცენზიის მოქმედების ვადით. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ ტელეკომპანიის სტუდიიდან საკაბელო ტელევიზიების ქსელში ჩართვის მიზნით, სატელევიზიო სიგნალის  საკაბელო ტელევიზიებისთვის მიწოდება არ ემსახურება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს კერძო მაუწყებლობის NB74 ლიცენზიით გათვალისწინებულ სალიცენზიო პირობების შესრულებას, კომისია ვერ იხელმძღვანელებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით. ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა ტვ”-ს ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი ქ.ქუთაისში მოქმედი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საკაბელო ქსელში საკუთარი სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, ანუ მონაცემთა გადასაცემად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლებისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობა განისაზღვრა, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა - 2,472.00 (ორი ათას ოთხას სამოცდათორმეტი) ლარი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”   და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 4648 მჰც ± 14 მჰც;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;

გ) სიმძლავრე - 5 ვატამდე;

დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი;

ვ) მიმართულება:

ვ.ა) ცალმხრივად მოქმედი რადიოსარელეო ხაზის გადამცემის (5 ვატამდე სიმძლავრით) განთავსების ადგილი: ქ.ქუთაისი ზ.გამსახურდიას ქ.N13

ვ.ბ) რადიოსარელეო ხაზის მიმღების განთავსების ადგილები: ქ.ქუთაისი თამარ მეფის ქ.N22 და ჭავჭავაძის გამზირი N59/20

2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  2,472.00 (ორი ათას ოთხას სამოცდათორმეტი) ლარით;

3. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2010 წლის 12 მარტის 13:00 საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2010 წლის 22 თებერვლის 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 124.00 (ას ოცდაოთხი) ლარს.

6. სალიცენზიო პირობა:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი”, სს ”ბაზისბანკში” ან სს ”საქართველოს ბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;                      -ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;

-ა/ანგარიში: 609326;                                             -ა/ანგარიში: 7434136;

-კოდი: 220101830;                                                -კოდი: 220101956;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;                            -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

-ბანკი: ს/ს საქართველოს ბანკი;

-ა/ანგარიში: 125435501;

-კოდი:220101502;

- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ერთი ათასი ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;

9. აუქციონში მონაწილეობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი.

10. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ  გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

11. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

12. დაევალოს კომისიის აპარატის  პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენმებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

14. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

15 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამარტლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

            კომისიის წევრი                                                                     ს.ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე  

            კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები