შპს ”რადიო ევროპა პლიუს თბილისის” №B54 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004 წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2010
მიღების თარიღი იანვარი 29, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№06/752-09 22.05.09) მიმართა შპს ,,რადიო ევროპა პლიუს თბილისმა” და მოითხოვა მისი კუთვნილი №B54 ლიცენზიის მოდიფიცირება და რადიოსამაუწყებლო გადამცემის თბილისის სატელევიზიო ანძიდან გადატანა ”დიდ სერის” გორაზე არსებულ შპს ”მობილფონის” ანძაზე (კოორდინატებით: N-41º41’27” და E-44º44’52).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რადიო ევროპა პლიუს თბილისი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B54 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 99.7 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის განთ. ადგილი: თბილისის ანძა; გეოგრაფ. კოორდინატები: 44E47; 41N41; ანტენის სიმაღლე 100მ; მაუწყებლობის საშ. რად. 25 კმ, ქ. თბილისი;”
განცხადებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის საფუძველზე დგინდება, რომ გადამცემის გადატანის შემთხვევაში სამაუწყებლო ზონის არსებული ტოპოლოგია უმნიშვნელოდ შეიცვლება რაც ქ. თბილისის მასშტაბით გამოყენებულ სიხშირეზე (99.7 მჰც) მაუწყებლობისაგან დაჩრდილული უბნების გაჩენით არის განპირობებული და მოსალოდნელია რადიოსამაუწყებლო სიგნალების მიმართ გაიზარდოს კომბინირებული ფონური რადიოსიგნალების ხელშემშლელი დონე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ევროპა პლიუს თბილისს” ეცნობა აღნიშნული გარემოების შესახებ, რაზედაც 2010 წლის 6 იანვრის (№6/16-10) წერილით კომპანიამ ზემოაღნიშნული მოსალოდნელი ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად კვლავ გამოთქვა სურვილი გადაეტანა კუთვნილი გადამცემი ქ. თბილისის მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან, ”დიდ სერის” გორაზე არსებულ შპს ”მობილფონის” ანძაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე- ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ, წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფა ICS Telecom-ის მიერ განხორციელებული ვირტუალური დაფარვის შედეგები, სადაც თვალნათლივ ჩანს დაჩრდილული უბნების უმნიშვნელო ფრაგმენტები. დეპარტამენტის გათვლებით ამ ფრაგმენტების ჯამური ფართობი შეადგენს სრული სამაუწყებლო ზონის 1-2%-ს.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტით, რომლის თანახმადაც „იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა’’, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლი ნორმა ძალაშია 2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და 115-ე მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიო ევროპა პლიუს თბილისის” №B54 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004 წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2010 წლის 26 თებერვალს, 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,რადიო ევროპა პლიუს თბილისი”–სათვის;
5.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილს).
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
