არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სტუდია მონიტორის“ საჩივრის განხილვისა და შპს „ტელეიმედის“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (26.10.2010 N6/3674-10) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „სტუდია მონიტორმა“ (შემდგომში „სტუდია მონიტორი“) შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიერ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე.
კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ „სტუდია მონიტორი“ 2009-2010 წლებში ახორციელებდა მონიტორინგს შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედი“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისთვის დადგენილი წესების დაცვაზე და განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ იქნა რიგი დარღვევები, კერძოდ,
1. საინფორმაციო გამოშვებებში კანონით სარეკლამო ჭრისთვის დადგენილი დროის დაუცველობასთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია რომ:
შპს “ტელეიმედის” 2010 წლის 10 თებერვლის საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკა” დაიწყო 11 საათზე და გაგრძელდა 23 წუთი. რეკლამით მისი წყვეტა მოხდა 17 წუთსა და 50 წამზე და გაგრძელდა 20 წუთსა და 10 წამამდე, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 2 წუთი და 20 წამი.
შპს „ტელეიმედის“ 2010 წლის 5 იანვრის საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ დაიწყო 11:00 საათზე და გაგრძელდა 19 წუთს. რეკლამა დაიწყო 8 წუთსა და 45 წამზე და გაგრძელდა 12 წუთსა და 13 წამამდე. რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 3 წუთი და 50 წამი.
შპს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს 2010 წლის 23 იანვრის 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დაიწყო 18:00 საათზე და გაგრძელდა 26 წუთს. რეკლამით მისი შეწყვეტა მოხდა 14 წუთსა და 18 წამზე და გაგრძელდა 17 წუთამდე. რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 3 წუთი და 59 წამი.
2. საინფორმაციო გამოშვებებში სარეკლამო ჭრისთვის დადგენილი 15 წუთიანი ინტერვალის დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია რომ:
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს 2010 წლის 21 იანვრის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ სარეკლამო ჭრებით 15 წუთიანი ინტერვალის ნაცვლად გავიდა 9-10 წუთიანი ინტერვალებით. ხოლო 2010 წლის 24 იანვრის გადაცემაში „კურიერი P.S.” სარეკლამო ჭრა განხორციელდა 10 წუთიანი ინტერვალით.
3. სარეკლამო დროის 2 წუთიანი ლიმიტის დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია რომ:
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს 2010 წლის 25 იანვრის 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „კურიერი“ სარეკლამო ჭრა 120 წამის ნაცვლად გაგრძელდა 300 წამი;
შპს „ტელეიმედის“ 2010 წლის 25 იანვრის 11:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა“ სარეკლამო ჭრა გაგრძელდა 300 წამი;
4. საბავშვო გადაცემებში რეკლამის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია რომ:
შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს 2010 წლის 14 თებერვლის გადაცემაში „საბავშო ამბები“ სარეკლამო ჭრა ნაცვლად 45 წამისა გაგრძელდა 150 წამი, ხოლო სარეკლამო ჭრებს შორის შუალედი იყო 7 წუთი 15 წუთის ნაცვლად;
5. მხატვრული ფილმების გაშვებისას დადგენილი წესების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია რომ:
შპს “ტელეიმედის” მიერ 2010 წლის 29 აგვისტოს მხატვრული ფილმის “მანანა” ჩვენებისას ფილმის რეკლამით წყვეტა მოხდა 4-ჯერ. წყვეტებს შორის შუალედი, ნაცვლად 45 წუთისა იყო 10 წუთი. ფილმის საერთო ხანგრძლივობა შეადგენდა 1 საათსა და 10 წუთს;
6. საინფორმაციო გამოშვებების სპონსორობის აკრძალვასთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია რომ:
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება „ბიზნეს კურიერის“ სპონსორი იყო „სოკარ ჯორჯია“, „საქართველოს ბანკი“ და „ავერსი“ ანალოგიური დარღვევაა გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ შემთხვევაშიც, სადაც აღნიშნული იყო რომ სოციალური რეპორტაჟების სპონსორია „ავერსი“
7. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სპონსორობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია რომ:
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს ეთერში გადაცემული „ნიჭიერის“ სპონსორად სამი თვის განმავლობაში ცხადდებოდა ქ.თბილისის მერია, ხოლო „ვანოს შოუს“ სპონსორია სსიპ „დაცვის პოლიცია“;
8. კომერციულ რეკლამაში ჟურნალისტის მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია, რომ:
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნინო შუბლაძე მონაწილეობას იღებდა ჩაჩავას კლინიკის რეკლამაში, რომელიც გადიოდა ტელეკომპანიის ეთერში.
9. არასათანადო, არაკეთილსინდისიერი რეკლამის გაშვების ფაქტებთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია რომ:
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და შპს „ტელეიმედი“ საინფორმაციო გამოშვებებში გადასცემენ ფასიან სიუჟეტებს, მაგრამ მაყურებლისთვის არ არის ცნობილი, რომ ეს სიუჯეტები დაფინანსებულია და ემსახურება კონკრეტული სუბიექტების ინტერესებს. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს 2009 წლის 5 დეკემბრის გადაცემაში გავიდა „მითანას“ პროდუქციასთან დაკავშირებული სიუჯეტი; საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ „სტუდია მონიტორს“ შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სგან გადაეცა საინფორმაციო გამოშვებებში ე.წ. შეკვეთილი სიუჯეტების ფასები. მაგალითად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ კადრ სინქრონი - 700$, სიუჟეტი - 800$; სტუმრის მოწვევა სტუდიაში - 800$; პირდაპირი ჩართვები 1 დღე - 900$ და ა.შ გადაცემაში „ბიზნეს კურიერი“: სიუჟეტი და სტუმრის მოწვევა - 1000$; პროდუქციის რეკლამირება - 1000$; სიუჟეტი 2 წუთამდე - 800$ და ა.შ
„სტუდია მონიტორის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული აქვს „სტუდია მონიტორის“ მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების ვიდეო ჩანაწერი.
მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის საფუძველზე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ დაეკისროთ შესაბამისი სანქციები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტოს შესაბამისად, კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ, რომელსაც ლიცენზიის მფლობელი საუკეთესო დროს გადასცემს საკუთარ ეთერში;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
კომისია აღნიშნავს, რომ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2010 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (01.11.2010 03/2339-10; 01.11.2010 N03/2340-10; 01.11.2010 N03/2341-10) ეცნობათ დაინტერესებულ პირებს („სტუდია მონიტორს“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
კომისიის სხდომაზე შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „სტუდია მონიტორს“ უარი უნდა ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებასა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინაპირობაა დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო „სტუდია მონიტორი“ არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს ამ შემთხვევაში.
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უარი უნდა ეთქვას „სტუდია მონიტორს“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე გამომდინარე იქიდან, რომ „სტუდია მონიტორის“ განცხადებაში აღნიშნული რიგი დარღვევებისა აღმოფხვრილია უკვე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ, ხოლო საჩივარში მითითებულ რიგ დარღვევებზე საერთოდ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა დარღვევის ფაქტის არსებობას.
„სტუდია მონიტორის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „სტუდია მონიტორი“ უფლებამოსილია, როგორც მომხმარებელმა მიმართოს კომისიას მაუწყებლის მიერ პირის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის თაობაზე, გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლიდან და საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია თანაბრად აღიარებს ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩია, რომ „სტუდია მონიტორის“ მიერ წარმოდგენილი საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილად ჩათვალა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „სტუდია მონიტორის“ საჩივრის განხილვის მიზნით, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2010 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი, შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი გრიგოლ გიორგაძე და „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენელი ნათია კაპანაძე.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე „სტუდია მონიტორის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ზეპირი მოსმენის სხდომაზე, შპს „ტელეიმედის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ კომისიის წინაშე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა „სტუდია მონიტორის“ მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომის 2 კვირით გადადების თაობაზე; აღნიშნულ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენელმაც. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდო 2010 წლის 20 დეკემბრის 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მოდავე მხარეების მიერ კომისიაში, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტებები. კერძოდ:
ა) შპს „ტელეიმედის“ მიერ წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებაში (05.11.2010 N6/3725-10) აღნიშნულია შემდეგი:
1. „სტუდია მონიტორის“ საჩივრის პირველ და მე-3 ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, კომპანია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ 2010 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, 11:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში დაცულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკას“ ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია, ეთერში არ ხდება რეკლამის განთავსება, ხოლო თუ საინფორმაციო გამოშვების ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, მაშინ განთავსებული რეკლამის ხანგრძლივობა არის 120 წამი.
გამომდინარე იქიდან, რომ დარღვევა აღმოფხვრილია კომპანიის მიერ, შპს „ტელეიმედი“ მიუთითებს კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N394/18 გადაწყვეტილებაზე, რომლითან ეპატიათ დარღვევა რიგ ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს იმის გამო, რომ მათ მიერ აღმოფხვრილ იქნა დარღვევა გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის და მიაჩნია რომ დარღვევის აღმოფხვრის ფაქტი უნდა გახდეს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველი;
2. „სტუდია მონიტორის“ საჩივრის მე-5 ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით შპს „ტელეიმედი“ აღნიშნავს, რომ „სტუდია მონიტორის“ მიერ საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დაგამოწმება ვერ ხერხდება, ვინაიდან წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არის კონკრეტული მასალა 2010 წლის 1, 14, 21 იანვარს და 29 აგვისტოს შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულ მხატვრულ ფილმებთან დაკავშირებით, ხოლო „ტელეიმედის“ არქივში არ ინახება ზემოაღნიშნულ თარიღებში გასული ფილმების ეთერის ჩანაწერი. შესაბამისად, დარღვევის ფაქტის დადგენა შეუძლებელია.
3. „სტუდია მონიტორის“ საჩივრის მე-9 ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით შპს „ტელეიმედი“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება შპს „ტელეიმედის“ მიერ არასათანადო და არაკეთილსინდისიერი რეკლამის გაშვების ფაქტები, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შპს „ტელეიმედის“ ყველა საინფორმაციო გამოშვებაში იყიდება საინფორმაციო საეთერო დრო და ხდება კონკრეტული დამკვეთი სუბიექტების არაკეთილსინდისიერი რეკლამირება.
4. შპს „ტელეიმედის“ მიერ კომისიაში დამატებითი მტკიცებულებების სახით ასევე წარმოდგენილ იქნა 2010 წლის 1-5 დეკემბრის დილის საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკას“ ვიდეო ჩანაწერი და ასევე 2010 წლის 19 დეკემბერს შპს „ტელეიმედის“ ეთერში გასული მხატვრული ფილმის „მანანა“ ჩანაწერი, სადაც დაცულ იქნა რეკლამის განთავსების წესები გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით; შესაბამისად, შპს „ტელეიმედს“ მიაჩნია, რომ არ არსებობს კომპანიის სანქცირების საფუძველი, დარღვევის ფაქტების გამოსწორების გამო.
ბ) შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში (03.12.2010 N6/4051-10) აღნიშნულია შემდეგი:
1. „სტუდია მონიტორის“ პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (საინფორმაციო გამოშვებებში კანონით სარეკლამო ჭრისთვის დადგენილი დროის დაუცველობა; საინფორმაციო გამოშვებებში კანონით სარეკლამო ჭრისთვის დადგენილი დროის დაუცველობა; სარეკლამო დროის 2 წუთიანი ლიმიტის დარღვევა: საბავშო გადაცემებში რეკლამის წესების დარღვევა;) შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ დაინტერესებულ პირს („სტუდია მონიტორს“), ზემოაღნიშნული დარღვევის ფაქტების დასადასტურებლად არ აქვს სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი. ამასთან, აღნიშნული ფაქტები დღევანდელი მდგომარეობით აღმოფხვრილია და შესაბამისად, საჩივრის პირველ, მე-2 მე-3 და მე-4 ნაწილებში მითითებული ფაქტები არ წარმოადგენს სანქცირების საგანს მისი არარსებობის, აღმოფხვრის გამო.
ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ”ბიზნეს კურიერის” და ”პოსტ სტკრიპტუმის” ეთერში გადაცემისას დარღვეულია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნები საინფორმაციო გამოშვებებში კანონით სარეკლამო ჭრისთვის დადგენილი დროის დაუცველობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევა არ ვრცელდება ”ბიზნეს კურიერზე” და ”პოსტ სკრიპტუმზე”. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ კანონის აღნიშნული ნორმა ეხება მაუწყებლის ვალდებულებას მხოლოდ „ახალი ამბების“ გადაცემასთან დაკავშირებით, ხოლო გადაცემა „პოსტ სკრიპტუმი“ და ”ბიზნეს კურიერი” წარმოადგენს საავტორო, საკვირაო და ყოველდღიურ ანალიტიკურ გადაცემებს. ამგვარი გადაცემები გამიჯნულია „ახალი ამბებისგან“ და ახალი ამბების გადაცემისას დასაცავი მოთხოვნები ავტომატურად არ ვრცელდება მათზე. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, რომელიც ეხება საინფორმაციო გადაცემებში რეკლამის განთავსებასა და წყვეტასთან დაკავშირებულ წესებს, არ უნდა იქნას განხილული „პოსტ სკრიპტუმსა“ და „ბიზნეს კურიერთან“ კავშირში.
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლი ავალდებულებს ლიცენზიის მფლობელს საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბები. ამასთან, ახალი ამბები გადაიცემა ყოველდღიურად. გადაცემა ”პოსტ სკრიპტუმი” კი გადის ”რუსთავი 2”-ს ეთერით კვირაში ერთხელ და ის ანალიტიკური ხასიათისაა, ისევე როგორც ”ბიზნეს კურიერი”, რომელიც არ გადის ეთერში საუკეთესო დროს. ამასთან, აღნიშნული პროგრამები საავტორო გადაცემებია. ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსი” მე-16 და მე-17 მუხლები, თავის მხრივ მიჯნავს ახალ ამბებსა და საავტორო გადაცემებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
2. საინფორმაციო გამოშვებების სპონსორობის აკრძალვასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საჩივრის მე-6 ნაწილში მითითებული ნორმა არსებითად მცდარია და მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. გადაცემა ”ბიზნეს კურიერი“ არ წარმოადგენს საინფორმაციო გადაცემას, ხოლო გადაცემა ”პოსტ სრიპტუმში” სპონსირებულ სოციალურ სიუჟეტებთან დაკავშირებით, საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაცია ეწინააღმდეგება საჩივარში თანდართულ მტკიცებულებას. ამასთან, კომპანია ”ავერსი” წარმოადგენს საერთაშორისო სიუჟეტების სპონსორს, ხოლო მანამდე არსებული დასახელება ”სოციალური სიუჟეტების სპონსორია კომპანია ავერსი” იყო ხარვეზი, არაპროფესიონალურად მისადაგებული სახელი. ”ავერსის” მიერ სპონსირებული სიუჟეტები იმავე თემატიკითა და ფორმატით გადის დღეს, როგორც გადიოდა აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრამდე. შესაბამისად, ეს სიუჟეტები ფაქტობრივად არ წარმოადგენდა სოციალურ სიუჟეტებს. სოციალურ თემებზე მომზადებული სატელევიზიო მასალები შინაარსობრივად განსხვავებულია საერთაშორისო სიუჟეტებისგან და მათ სპონსორი არ ჰყავს. შესაბამისად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ საჩივრის მეექვსე ნაწილში მითითებული ფაქტი არ წარმოადგენს სანქცირების საგანს მისი არარსებობის, მისი აღმოფხვრის გამო.
3. ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სპონსორობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საჩივრის ეს ნაწილი დაუსაბუთებელია, ვინაიდან საჩივარში მითითებული მაგალითები, ქალაქ თბილისის მერიისა და „დაცვის პოლიციის“ მიერ გადაცემების „ნიჭიერისა“ და „ვანოს შოუს“ სპონსორობის შესახებ ფაქტობრივად აღმოფხვრილია. შესაბამისად, საჩივრის მეშვიდე ნაწილში მითითებული ფაქტი არ წარმოადგენს სანქცირების საგანს მისი არარსებობის გამო.
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს ასევე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია იყოს რეკლამის დამკვეთი. ამასთან, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 თავის, კერძოდ, 67-ე მუხლის შესაბამისად, იკრძალება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სპონსორობა. თუმცა, ამავე დროს,“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი (სპონსორობა) განმარტავს, რომ “სპონსორობა განიხილება რეკლამის ღირებულებად”. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არის კოლიზიური, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს სპონსორობა ერთი კანონის რედაქციით აკრძალულია, ხოლო მეორეთი დასაშვებია გამომდინარე იმ მითითებიდან, რომ სპონსორობა განიხილება რეკლამის ღირებულებად. რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ლიცენზიის მფლობელი ხელმძღვანელობს ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონითა და ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“. ამასთან, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-15 ნაწილი ნორმათა კოლიზიის არსებობის შემთხვევაში, პირდაპირ მიუთითებს გამოსაყენებელ ნორმაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის: ”ამ კანონისა და ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოიყენება ამ კანონის დებულებანი”. გამომდინარე იქიდან, რომ კანონი ითვალისწინებს და უშვებს კოლიზიური შემთხვევის დადგომის შესაძლებლობას და ამასთან, ამგვარი შემთხვევის მოწესრიგებისათვის დათქმას აკეთებს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის და არა სხვა ლიცენზიის მფლობელთათვის, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია სხვა მაუწყებლები უფლებამოსილნი არიან იხელმძღვანელონ ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით.
4. კომერციულ რეკლამაში ჟურნალისტების მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საჩივრის მე-8 ნაწილში არასოწორია მითითება ნინო შუბლაძეზე, როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანზე, ვინაიდან ნინო შუბლაძე არ არის ”რუსთავი 2-ის” საინფორმაციო გადაცემა ”კურიერის” წამყვანი. ამასთან, ნინო შუბლაძის მხრიდან სარეკლამო რგოლში მონაწილეობის ფაქტი აღმოფხვრილია, შესაბამისად, საჩივრის მერვე ნაწილში მითითებული ფაქტი არ წარმოადგენს სანქცირების საგანს მისი არარსებობის, მისი აღმოფხვრის გამო.
5. არასათანადო, არაკეთილსინდისიერი რეკლამის გაშვების ფაქტებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საჩივრის მე-9 ნაწილში, არასოწორია მითითება გადაცემა ”პოსტ სკრიპტუმში”, როგორც საინფორამციო გადაცემაში სპონსორობისა და სარეკლამო დაკვეთების დაუშვებლობაზე, ვინაიდან ”პოსტ სკრიპტუმი” არ წარმოადგენს საინფორამციო გადაცემას. ამავე დროს, ე.წ. „ფასიან სიუჟეტებთან“ დაკავშირებით დაინტერესებულ პირს მაგალითად მოჰყავს ”მითანას” შესახებ გასული სიუჟეტი, თუმცა არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რითაც დადასტურდება ”მითანას” მიერ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-სთვის თანხის გადახდის ფაქტი. საჩივარში სამართლებრივ არგუმენტად მითითებულია ”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება”. დაინტერესებულ პირს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, იყო თუ არა ”მითანას” სიუჟეტი ”არასათანადო”, ”არაკეთილსინდისიერი”, ”არასაწრმუნო”, ”არაეთიკური” და ”აშკარად ყალბი“. შესაბამისად, საჩივრის მეცხრე ნაწილში მითითებული ფაქტი არ წარმოადგენს სანქცირების საგანს მისი არარსებობის, მისი აღმოფხვრის გამო.
გ) „სტუდია მონიტორის“ მიერ მოხსნილ იქნა კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის (26.10.2010 N6/3674-10) მე-2 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, შპს „ტელეიმედის“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ საინფორმაციო გამოშვებაში რეკლამის ჭრისთვის დადგენილი 15 წუთიანი ინტერვალის დარღვევასთან და არასათანადო, არაკეთილსინდისიერი რეკლამის გაშვების ფაქტებთან დაკავშირებით.
„სტუდია მონიტორის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში (03.12.2010 N6/4052-10) ასევე აღნიშნულია რომ:
1. სახეზეა ლიცენზიის მფლობელების მიერ “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის დარღვევა, ანუ ახალი ამბების, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია რეკლამით შეწყვეტა. კერძოდ „სტუდია მონიტორს“ მიაჩნია, რომ მის მიერ დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებაში ნათლად ჩანს დარღვევის ფაქტები. კერძოდ, შპს “ტელეიმედის” 2010 წლის 10 თებერვლის საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკა” დაიწყო 11 საათზე, მართალია, კადრში არ ჩანს თარიღი, მაგრამ თარიღის ზუსტი განსაზღვრა მარტივია, საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული ინფორმაციების გადამოწმებით რადიო “თავისუფლების” ვებ-გვერდიდან ამონაბეჭდიდან, სადაც აღნიშნულია 2010 წლის 10 თებერვლის სიახლე - საქართველოს, იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიურო ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შესახებ. ასევე, იმავე თარიღში “მედიანიუსისა” და ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მიერაც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია. „სტუდია მონიტრს“ მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სიუჟეტში გაშუქებული ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდებოდა 2010 წლის 10 თებერვალს. შესაბამისად, მტკიცებულების სახით წარმოდგენილი “ქრონიკის” ჩანაწერიც არის 2010 წლის 10 თებერვლის.
რაც შეეხება უშუალოდ დარღვევის ფაქტს, “სტუდია მონიტორს“ მიაჩნია, რომ მტკიცებულებიდან ნათლად ჩანს, რომ საინფორმაციო გამოშვების მთლიანი ხანგრძლივობა იყო 23 წუთი (რეკლამიანად). რეკლამისათვის განკუთვნილი დროის გამოკლებით (2 წუთი და 20 წამი), საინფორმაციო დრო რჩება 20 წუთი და 40 წამი.
ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია რომ „სტუდია მონიტორი“ ვერ გაიზიარებს შპს “ტელეიმედის” მიერ კომისიისათვის წარმოდგენილ პოზიციაში აღნიშნულ გარემოებას რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის გამო, ვინაიდან „სტუდია მონიტორის“ მიერ ნოემბერში დამატებით იქნა შესწავლილი საინფორმაციო გამოშვებებში რეკლამის განთავსების საკითხები და აღნიშნული დარღვევები კვლავ მეორდება შპს „ტელეიმედის“ მხრიდან.
ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს 2010 წლის 23 იანვრის 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” რეკლამით შეწყდა 14 წუთსა და 18 წამზე და გაგრძელდა 17 წუთსა და 22 წამამდე (მთლიანობაში 3 წუთი და 4 წამი). რეკლამის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება გაგრძელდა საქონლის განბაჟების თემასთან დაკავშირებული სიახლეებით და დასრულდა 26 წუთსა და 4 წამზე. შესაბამისად, „სტუდია მონიტრს“ მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს, რომ საინფორმაციო გამოშვების ხანგრძლივობა სარეკლამო დროსთან ერთადაც კი არ შეადგენდა 30 წუთს. „სტუდია მონიტორი“ აღნიშნავს, რომ შპს “რუსთავი 2-ის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ პოზიციაშიც ანალოგიურად არის მითითებული აღნიშნული დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის თაობაზე. თუმცა „სტუდაი მონიტორს“ მიაჩნია, რომ დარღვევის ფაქტები კვლავ გრძელდება და სრულიად ნათელია, ლიცენზიის მფლობელის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი.
ახსნა-განმარტებაში ასევე გადმოცემულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული მუხლების დარღვევის ფაქტები და მითითებულია შესაბამის დარღვევებზე, კერძოდ,
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, ახალი ამბების რეკლამის შეწყვეტა დასაშვებია არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით. ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ შპს “ტელეიმედის” 2010 წლის 5 იანვრის 11:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკა” გაგრძელდა 18 წუთსა და 50 წამამდე. რეკლამა დაიწყო “ქრონიკის” დაწყებიდან 8 წუთსა და 48 წამზე და დასრულდა 12 წუთსა და 13 წამზე, შესაბამისად, რეკლამით საინფორმაციო გამოშვება შეწყდა მთლიანობაში 4 წუთისა და 05 წამის განმავლობაში (ანუ 245 წამი), რაც 125 წამით მეტია დაშვებულ დროზე. “სტუდია მონიტორს“ მიაჩნია, რომ დარღვეულ იქნა 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი, რადგან საინფორმაციო გამოშვების მთლიანი ხანგრძლივობა არის 18 წუთი და 50 წამი.
შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს 2010 წლის 23 იანვრის 18:00 საათიანი “კურიერი” რეკლამით შეწყდა 14 წუთსა და 18 წამზე და რეკლამა გაგრძელდა 17 წუთსა და 22 წამამდე. მთლიანობაში სარეკლამო დრომ შეადგინა 3 წუთი და 4 წამი (ანუ 184 წამი), რაც 64 წამით მეტია დადგენილ ლიმიტზე.
2010 წლის 16 ნოემბრის 17:00 საათიანი “ქრონიკა” გაგრძელდა 51 წუთი და 10 წამი, რეკლამით საინფორმაციო გამოშვება შეწყდა 36 წუთზე და გაგრძელდა 43 წუთსა და 20 წამამდე (მთლიანობაში 7 წუთი და 20 წამი). „სტუდია მონიტორს“ მიაჩნია, რომ საინფორმაციო გამოშვების მთლიან საეთერო დროს რომ გამოვაკლოთ სარეკლამო დრო, წმინდა საინფორმაციო დროდ რჩება 43 წუთი და 90 წამი, ანუ საინფორმაციო გამოშვება არის 30 წუთზე მეტი ხანგრძლივობის, კანონით თანახმად მისი რეკლამით წყვეტა დასაშვებია ყოველი 15 წუთის შემდეგ (წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები) შესაბამისად, აღნიშნული საინფორმაციოს რეკლამით წყვეტა დასაშვები იყო მხოლოდ ორჯერ და 240 წამით (4 წუთით), მართალია, მისი წყვეტა მოხდა ერთხელ, მაგრამ წყვეტის პერიოდში გაშვებული რეკლამის დრო აღემატებოდა მთლიანად დაშვებულ სარეკლამო დროს 380 წამით შესაბამისად, საჩივრის ავტორი თვლის, რომ აღწერილი და წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალა უდაოდ ადასტურებს ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევის ფაქტს, ამავე დროს, მხარეები მითითებული დარღვევის ფაქტებს აღიარებენ და უთითებენ, რომ ისინი უკვე აღმოფხვრილია, მაგრამ „სტუდია მონიტორი“ თვლის, რომ მათ მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დარღვევები განსახილველი საჩივრის თაობაზე ფორმალური წარმოების დაწყების შემდეგაც გრძელდება.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნის დარღვევასთან დაკავშირებით (საბავშვო გადაცემების გაშვებისას რეკლამის წესების დარღვევა) „სტუდია მონიტორის“ მიერ წარმოდგენილი იქნა ორი ახალი მტკიცებულება. კერძოდ, ტელეკომპანიის “რუსთავი 2” გადაცემის “საბავშვო ამბების” 2010 წლის 14 თებერვლის და 2010 წლის 14 ნოემბრის ჩანაწერები, რომელიც როგორც მხარეს მიაჩნია, ადასტურებენ, რომ აღნიშნული დაღვევების აღმოფხვრა არ მომხდარა, კერძოდ “საბავშვო ამბების” რეკლამით პირველი შესწყვეტა დაიწყო გადაცემის დაწყებიდან 12 წუთსა და 3 წამზე და დასრულდა 13 წუთსა და 50 წამზე, შემდეგ 15 წუთსა და 15 წამამდე გაგრძელდა გადაცემების ანონსი (მთლიანობაში 3 წუთი და 12 წამი). მეორე სარეკლამო წყვეტა დაიწყო 22 წუთსა და 21 წამზე და დასრულდა 25 წუთზე. მეორე სარეკლამო საეთერო დრომ შეადგინა 3 წუთი და 18 წამი, მთლიან გადაცემებაში სარეკლამო დრომ შეადგინა 6 წუთი ანუ 360 წამი, რაც დაშვებულზე 270 წამით მეტია. 2010 წლის 14 ნოემბრის გადაცემა “საბავშვო ამბების” მთლიანმა ხანგრძლივობამ შეადგინა 33 წუთი და 25 წამი. აქედან საბავშვო ინფორმაციის მიწოდების დრო იყო 23 წუთი და 45 წამი. დანარჩენი დრო (10 წუთი და 20 წამი) იყო სარეკლამო, სპონსორული და საანონსო ჭრა.
ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება და მოყვანილი ფაქტები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-8 ნაწილის დარღვევით იქნა გადაცემული რეკლამები საბავშვო გადაცემაში. კერძოდ, მთლიანობაში გადაცემაში გაშვებული კომერციული რეკლამის დრომ შეადგინა 190 წამი, რაც დაშვებულზე 155 წამით მეტია, რადგან გადაცემის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ტელეკომპანიას ამ გადაცემის შეწყვეტა შეეძლო მხოლოდ ერთი სარეკლამო ჭრისათვის. თუმცა, რომც დავუშვათ, რომ დასაშვები იყო ორი სარეკლამო წყვეტა, რეკლამისათვის განკუთვნილი დრო მაინც დარღვეულია, რადგან ორი ჭრისათვის განკუთვნილი მთლიანი დრო არის 90 წამი, ხოლო გაშვებული რეკლამა 10 წამით აღემატება თუნდაც ამ დროს.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით (მხატვრული ფილმის ჩვენებისას რეკლამის გაშვების წესების დარღვევა) ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ შპს “ტელეიმედის” მიერ 2010 წლის 29 აგვისტოს მხატვრული ფილმის “მანანა” ჩვენებისას ფილმის რეკლამით წყვეტა მოხდა 4 ჯერ. მიუხედავად იმისა, რომ “ტელეიმედის” ახსნა-განმარტებაში აღინიშნა, რომ 2010 წლის აგვისტოს ეთერში გაშვებული ფილმის მთლიანი ეთერი დაარქივებული არ არის და გარდა ამისა, ტელეკომპანიას არ ევალება გადაცემის დაარქივება ერთ თვეზე მეტი ვადით, „სტუდია მონიტორის“ მიერ დამატებითი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ იქნა ფილმის გაშვების ეთერის სრული ჩანაწერი, სადაც რეკლამით ფილმის პირველი შეწყვეტა მოხდა, ფილმის დაწყებიდან 8 წუთსა და 52 წამზე და გაგრძელდა 18 წუთსა და 37 წამამდე. მეორე სარეკლამო წყვეტა: 29:34 – 38:59, მესამე სარეკლამო წყვეტა: 48:35 - 57:30, მეოთხე სარეკლამო წყვეტა: 01:12:35 - 01:20:45. ფილმის მთლიანი საეთერო დრო იყო 1 საათი და 25 წუთი, აქედან სარეკლამო საეთერო დრო 26 წუთი და 30 წამი. შესაბამისად, წყვეტების გარეშე ფილმის ხანგრძლივობა არის 58 წუთი და 70 წამი და შესაბამისად, „სტუდია მონიტორს“ მიაჩნია, რომ ფილმის რეკლამით შეწყვეტა დასაშვები იყო მხოლოდ ერთხელ, რადგან “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად მხატვრული ფილმის შეწყვეტა, თუ მისი ხანგრძლივობა 45 წუთზე ნაკლებია დაუშვებელია. შესაბამისად, რადგან ფილმის ხანგრძლივობა იყო 59 წუთი და 10 წამი მისი სარეკლამო წყვეტა დასაშვები იყო მხოლოდ ერთხელ. უფრო მეტიც, ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად “მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია, რომლის ხანგრძლივობა 45 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 45 წუთში ერთხელ.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მოთხოვნების (სპონსორობის წესების დარღვევა) დარღვევასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ შპს “რუსთავი 2-ის” მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, საჩივარი ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რადგან გადაცემების “ბიზნეს კურიერი” და “პოსტ სკრიპტუმი” არის საავტორო, საკვირაო ან/და ყოველდღიური ანალიტიკური გადაცემები. შესაბამისად, 69-ე მუხლის მოქმედება მათზე არ ვრცელდება. „სტუდია მონიტორს“ მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. კერძოდ, 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:
“იკრძალება შემდეგი სახის პროგრამების სპონსორობა:
ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი ცალკე პროგრამის სახით გადაიცემა);
ბ) რეპორტაჟები სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე;
გ) პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები.”
„სტუდია მონიტორის“ აზრით, გადაცემა “ბიზნეს კურიერი” არის ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება, რაც პირდაპირ არის მითითებული “რუსთავი 2-ის” ვებ გვერდზე, სადაც მითითებულია, რომ “ბიზნეს სიახლეებს ჩვენ ყველასათვის გასაგები და საინტერესო ფორმით წარმოვადგენთ.” შესაბამისად, ეს არის ბიზნესის სფეროსათან დაკავშირებული სიახლეებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ასევე მიჩნეულ უნდა იქნას მომხმარებელთა უფლებების შესახებ პროგრამად.
რაც შეეხება, გადაცემა “პოსტ სკრიპტუმს”, „სტუდია მონიტრი“ აღნიშნავს, რომ საავტორო გადაცემის ცნებას არ იცნობს 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი. მოცემული დებულების თანახმად დადგენილია შინაარსობრივი კრიტერიუმები და არა ის თუ ვის მიერ არის პროგრამა მომზადებული. კერძოდ, დაუშვებელია ისეთი პროგრამის სპონსორობა, რომელიც საინფორმაციო თუ ანალიტიკური სახით შეეხება პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებს, ან მომხმარებთლა უფლებებს. გადაცემა “პოსტ სკრიპტუმი” კი გაჯერებულია სწორედ აღნიშნული თემატიკით.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით (დმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სპონსორობის დაუშვებლობა) ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ შპს “რუსათვი 2-ის” წარმოდგენილი წერილობით მასალა ადასტურებს, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი თუმცა განსახილველი დროისათვის დარღვევა აღმოფხვრილია.
„სტუდია მონიტორი“ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” მიერ წერილობით წარმოდგენილ მასალაში აღნიშნულ გარემოებას რეკლამასა და სპონსორობის საკითხთან მიმართებაში არსებულ საკანონმდებლო ხარვეზთან დაკავშირებით, ვინაიდან „სტუდია მონიტორს“ მიაჩნია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ თავისი პოზიციის გასამყარებლად არ უთითებს არც ერთ მუხლს კანონმდებლობიდან. “რეკლამის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მითითება (სპონსორობა განიხილება რეკლამის ღირებულებად) კი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მოყვანილი მტკიცებულების სამართლებრივ გამყარებად. მხარეს ასევე მიაჩნია, რომ საკმარის არგუმენტს არ წარმოადგენს იმის მითითება, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 76-ე მუხლის მე-15 ნაწილი ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის განსაზღვრავს კანონთა გამოყენების წესს. „სტუდია მონიტორი“ მიუთითებს “რეკლამის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ “სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით. შესაბამისად, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს პირდაპირ აქვთ განსაზღვრული ის საკანონმდებლო ფარგლები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ რეკლამის განთავსებისას. ხოლო “მაუწყებლობის შესახებ” კანონი პირდაპირ კრძალავს ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სპონსორობას.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევასთან (ჟურნალისტის მონაწილეობა რეკლამაში) დაკავშირებით ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ ნინო შუბლაძე არის ჟურნალისტი, ის იყო ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემის, “პოზიციის”, წამყვანი და ტელეკომპნაიის ერთ-ერთი სახე. თუმცა, მოპასუხე ტელეკოპმანია აღნიშნულ დარღვევას აღიარებს და უთითებს, რომ დარღვევა დღევანდელი მდგომარეობით აღმოფხვრილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სტუდია მონიტორს“ მიაჩნია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები აშკარაა, ისინი განგრძობითი ხასიათისაა და რეციდივის პრევენციის მიზნით აუცილებელია კომისიამ სრულფასოვნად გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და მოახდინოს ლიცენზიის მფლობელების, შპს “რუსთავი 2” და შპს “ტელეიმედი” წერილობითი გაფრთხილება ზემოთ მითითებულ დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე „სტუდია მონიტორის“ მიერ დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, კერძოდ, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიმართ ერთდროულად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დეკლარაციისა და ამავე დროს სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებები და წარმოდგენილ იქნა დასკვნა (17.12.2010 N10/1383-10) სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, განხორციელდა ”სტუდია მონიტორის” და შპს ”ტელეიმედის” მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა/ანალიზი, მათი ”მაუწყებლობის შესახებ” და ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონებთან შესაბამისობის კუთხით და დადგენილ იქნა შემდეგი:
1. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევა (იკრძალება ახალი ამბების რეკლამით და ტელეშოპინგით შეწყვეტა თუ მისი ხანგრძლიობა 30 წუთზე ნაკლებია)
დარღვევა დასტურდება:
- 2010 წლის 23 იანვარს შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ეთერით 18:00 საათზე გადაცემულ საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში”. (საინფორმაციო გამოშვება 23 წუთს გაგრძელდა, ხოლო სარეკლამო ჭრამ 3 წუთი შეადგინა).
- შპს ”ტელეიმედის” 2010 წლის 10 თებერვლის საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკაში”. (საინფორმაციო გამოშვება სულ 23 წუთს გაგრძელდა, ხოლო სარეკლამო ჭრამ 2 წუთი და 20 წამი შეადგინა).
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, შპს ”ტელეიმედის” მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით, კომისიაში წარმოდგენილი გადაცემა ”ქრონიკის” (11 საათზე) ვიდეოჩანაწერებში (2010 წლის 1 დეკემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი არ ფიქსირდება.
2. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა (ახალი ამბები რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით)
დარღვევა დასტურდება:
- შპს ”ტელეიმედის” 2010 წლის 5 იანვრის საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკაში” (საინფორმაციო გამოშვება რეკლამით შეწყდა დაწყებიდან 8 წუთსა და 48 წამის შემდგომ და გაგრძელდა 205 წამის განმავლობაში) მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის დარღვევაც, ვინაიდან საინფორმაციო გამოშვების ხანგრძლიობა 19 წუთს შეადგენდა).
- 2010 წლის 23 იანვარს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერით 18:00 საათზე გადაცემულ საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში” (საინფორმაციო გამოშვება რეკლამით შეწყდა დაწყებიდან 14 წუთსა და 18 წამის შემდგომ და გაგრძელდა 184 წამის განმავლობაში).
- 2010 წლის 16 ნოემბრის გამოშვება ”ქრონიკაში” (საინფორმაციო გამოშვება რეკლამით შეწყდა 420 წამით).
- 2010 წლის 16 ნოემბერს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერით 18:00 საათზე გადაცემულ საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში” (საინფორმაციო გამოშვება რეკლამით შეწყდა 350 წამით).
3. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა (საბავშვო პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 45 წამით).
დარღვევა დასტურდება:
- 2010 წლის 14 თებერვლის შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ს გადაცემა ”საბავშვო ამბებში” (პირველი სარეკლამო წყვეტა განხორციელდა გადაცემის დაწყებიდან 9 წუთში და გაგრძელდა 110 წამს. მეორე სარეკლამო წყვეტა განხორციელდა გადაცემის დაწყებიდან 20 წუთში და გაგრძელდა 70 წამი).
- 2010 წლის 14 ნოემბრის შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის გადაცემა ”საბავშვო ამბებში” (პირველი სარეკლამო წყვეტა განხორციელდა გადაცემის დაწყებიდან 8 წუთში და გაგრძელდა 70 წამს. მეორე სარეკლამო წყვეტა განხორციელდა გადაცემის დაწყებიდან 20 წუთში და გაგრძელდა 120 წამი).
4. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა (მხატვრული ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 45 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 45 წუთში ერთხელ).
დარღვევა დასტურდება:
- 2010 წლის 29 აგვისტოს 15:00 საათზე შპს ”ტელეიმედის” ეთერით გადაიცა მხატვრული ფილმი ”მანანა” (პირველი სარეკლამო წყვეტა განხორციელდა 15 საათზე 11 წუთზე და 55 წამზე და გაგრძელდა 185 წამის განმავლობაში. მეორე სარეკლამო წყვეტა განხორციელდა 15 საათზე 32 წუთზე და 40 წამზე და გაგრძელდა 140 წამის განმავლობაში. მესამე სარეკლამო წყვეტა განხორციელდა 15 საათზე 51 წუთზე და 40 წამზე და გაგრძელდა 120 წამის განმავლობაში).
გამომდინარე იქიდან, რომ მხატვრული ფილმის ხანგრძლიობა აღემატებოდა 45 წუთს, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა და არა ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევა.
5. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევა (იკრძალება ახალი ამბების პროგრამების სპონსორობა)
დარღვევა არ დასტურდება:
- შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის გადაცემებში ”ბიზნეს კურიერი” და ”პოსტ სკრიპტუმი”. ზემოაღნიშნული გადაცემები, როგორც შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ს სამაუწყებლო ბადეში, ასევე გადაცემების შინაარსიდან და კონტექსტიდან გამომდინარე წარმოადგენენ ანალიტიკურ სახის გადაცემებს და შესაბამისად, აღნიშნული გადაცემები არ ხვდება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ რეგულირების სფეროში.
6. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა (ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სპონსორობის დაუშვებლობა)
დარღვევა აღმოფხვრილია:
- მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2” გადაცემა ”ვანოს შოუს” შემოწმების შედეგად ფიქსირდება, რომ ზემოაღნიშნული გარემოება კომპანიის მიერ აღმოფხვრილია.
7. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა (კომერციულ რეკლამაში ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა);
დარღვევა აღმოფხვრილია:
- მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2” სარეკლამო ჭრათა შემოწმების შედეგად ფიქსირდება, რომ ზემოაღნიშნული გარემოება კომპანიის მიერ აღმოფხვრილია.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია;
2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იკრძალება ახალი ამბების რეკლამით და ტელეშოპინგით შეწყვეტა თუ მისი ხანგრძლიობა 30 წუთზე ნაკლებია. ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევის ფაქტი, შპს ”ტელეიმედის” 2010 წლის 5 იანვრის და 2010 წლის 10 თებერვლის საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკაში” და 2010 წლის 23 იანვარს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერით, 18:00 საათზე გადაცემულ საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში”;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბები რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით. ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევის ფაქტი, შპს ”ტელეიმედის” 2010 წლის 5 იანვრის და 2010 წლის 16 ნოემბრის 11:00 საათიან საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკაში” და 2010 წლის 23 იანვარის და 2010 წლის 16 ნოემბერს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში 18:00 საათზე გადაცემულ საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში”;
5. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საბავშვო პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 45 წამით. ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევის ფაქტი 2010 წლის 14 თებერვალს და 2010 წლის 14 ნოემბერს კომპანიის ეთერით გადაცემულ ”საბავშვო ამბებში”;
6. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მხატვრული ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 45 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 45 წუთში ერთხელ. ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა, შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, შპს „ტელეიმედის“ მიერ 2010 წლის 29 აგვისტოს 15:00 საათზე ეთერით გადაცემულ მხატვრულ ფილმში ”მანანა”, რომლის ხანგრძლივობაც აღემატებოდა 45 წუთს, სარეკლამო წყვეტა განხორციელდა სამჯერ და საერთო ხანგრძლივობამ შეადგინა 445 წამი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ კომისიაში დამატებითი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი 2010 წლის 19 დეკემბერს შპს „ტელეიმედის“ ეთერით გასული მახტვრული ფილმის „მანანა“ ეთერში გადაცემისას დაცულ იქნა სარეკლამო ჭრისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნა.
7. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ, გადაცემებში ”ბიზნეს კურიერი” და ”პოსტ სკრიპტუმი”, „სტუდია მონიტორის“ საჩივარში აღნიშნულ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დადასტურდა დარღვევა. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, იკრძალება ახალი ამბების პროგრამების სპონსორობა. კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული გადაცემები შინაარსობრივი კუთხით და კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაცემები წარმოადგენენ ანალიტიკური სახის გადაცემებს და შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები;
8. რაც შეეხება შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის და 64-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას (ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სპონსორობის დაუშვებლობა და კომერციულ რეკლამაში ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობის აკრძალვა), ადმინისტრაციუილი წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, დასტურდება რომ კომპანიის მიერ აღმოფხვრილ იქნა ზემოაღნიშნული დარღვევები;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, თუ დადასტურდება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ დარღვევის ფაქტი, კომისია იღებს გადაწყვეტილებას დეკლარაციის შესახებ. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს ლიცენზიის მფლობელის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.
გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უტყუარად იქნა დადასტურებული შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-9 და მე-10 პუნქტების დარღვევის, ხოლო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის ფაქტები და აღნიშნული დარღვევები მიმართული იყო პირთა ფართო წრის (შპს „ტელეიმედის“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მომხმარებლების) მიმართ, დარღვევის სიმძიმის და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ დარღვევებს განგრძობითი (განმეორებითი) ხასიათი ჰქონდა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ტელეიმედის“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიმართ სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება; რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციის გამოქვეყნების დაკისრებას, კომისიას მიაჩნია, რომ ერთი და იგივე დარღვევისთვის ორი სახის ნეგატიური ზემოქმედების ზომის - დეკლარაციის გამოქვეყნების დაკისრება და იმავდროულად, სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება, არ იქნება მიზანშეწონილი და დარღვევის ადეკვატური. ამავე დროს, შპს „ტელეიმედს“ 2010 წლის 15 მარტს, კომისიის N128/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ერთხელ უკვე დაეკისრა საუკეთესო დროს დეკლარაციის გამოქვეყნება და შესაბამისად, ამ ეტაპზე, დარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით, უფრო მიზანშეწონილია შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ იქნას წერილობითი გაფრთხილება და არა დეკლარაციის გამოქვეყნების დაკისრება, რომელიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფორმას და შინაარსობრივად ნაკლებად ნეგატიური ღონისძიებაა დამრღვევი პირის მიმართ, ვიდრე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ისეთი ფორმა, როგორიცაა გაფრთხილება.
კომისია დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ტელეიმედმა“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა უკვე დაიწყეს დარღვევების აღმოფხვრა, რასაც ადასტურებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
მიუხედავად იმ გარემოებებისა, რომ კომპანიების მიერ აღმოფხვრილ იქნა რიგი დარღვევებისა, კომისია ვერ გაიზიარებს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ არგუმენტაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კომპანიების მიმართ უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N394/18 გადაწყვეტილებით ეპატიათ დარღვევა რიგ ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს სწორედ იმის გამო, რომ მათ მიერ აღმოფხვრილ იქნა დარღვევა გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის.
კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევებით ზიანი მიადგა მხოლოდ კომისიას, როდესაც ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ დაგვიანებით იქნა კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, რეგულირების საფასურიც გადახდილ იქნა დაგვიანებით, ხოლო რაც შეეხება შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის დარღვევის ფაქტებს, ამ შემთხვევაში ზიანი მიმართულია საზოგადოების ფართო წრის, მომხმარებლის მიმართ და სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კომისია არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ პატიებისა და სანქცირების ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ააიპ „სტუდია მონიტორის“ საჩივარი (26.10.2010 N6/3674-10);
2. მიეცეს გაფრთხილება შპს „ტელეიმედს“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-9 და მე-10 პუნქტების დარღვევის გამო;
3. მიეცეს გაფრთხილება შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის გამო;
4. უარი ეთქვას „სტუდია მონიტორს“, შპს „ტელეიმედისა“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციის გამოქვეყნების დაკისრებაზე;
5. უზრუნველყონ შპს „ტელეიმედმა“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა სამაუწყებლო ბადეში რეკლამისა და სპონსორობის განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის მოთხოვნათა დაცვით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი) სისტემატური მონიტორინგის განხორციელება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის მოთხოვნათა დაცვაზე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნა „სტუდია მონიტორის“, შპს „ტელეიმედისა“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
11. კონტორლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
