წვდომის მენიუ

მოქალაქე ირაკლი ვაჭარაძის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 596 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია, ასევე ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 3 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ჭახრაკიას 2010 წლის 2 დეკემბრის განცხადება  №9/104-10. აღნიშნული განცხადების შესაბამისად, ირკვევა, რომ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2010 წლის 8 ნოემბერს შევიდა შპს ”მაგთიკომის”  მომხმარებლის ირაკლი ვაჭარაძის განცხადება. მოქალაქის განცხადებით, შპს ”მაგთიკომის” მიერ დაირღვა მისი, როგორც მომხმარებლის უფლებები.

ი. ვაჭარაძის განცხადებით, მან 2010 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ”შპს ”მაგთიკომის”  სერვის-ცენტში მის კუთვნილ მობილურ ნომრებზე (8996010XX,  8513310XX) განახორციელა ”ბანის” სატარიფო გეგმიდან ”მაგთიზე” გადასვლა და პირიქით. აღნიშნულს მოქალაქე ადასტურებს სატარიფო გეგმის შეცვლის თაობაზე აბონენტის განცხადებების ასლებით. ამასთანავე, ”მაგთის” სატარიფო გეგმის 500 მეგაბაიტის მოცულობის ინტერნეტ პაკეტის მომსახურების ”ბანის” ნომერზე  მიღების მიზნით, მან მოახდინა შიდა ქსელში პორტირება და გადახდილი EVDO მოდემის ყოველთვიური გადასახადის თანხიდან ”ბანის” ნომერზე ჩარიცხა 15 ლარი. (EVDO მოდემის 45 ლარიანი ქვითარი დართული აქვს მის განცხადებას).  მომხმარებლის განცხადებით 500 მეგაბაიტის მოცულობის ინტერნეტ პაკეტის შესაძენად აკრიფა შესაბამისი კოდები, გაააქტიურა ინტერნეტის პარამეტრები და მიჰყვა მომსახურების შესაძენად საჭირო ინსტრუქციას. განმცხადებლმა 2010 წლის 3 ნოემბერს აღმოაჩინა, რომ მას ინტერნეტ-მომსახურება არ მიეწოდებოდა და შპს ”მაგთიკომის” სააბონენტო სამსახურის საშუალებით შეიტყო, რომ ბაზაში არ უფიქსირდება 500 მეგაბაიტის მოცულობის ინტერნეტ პაკეტის შეძენა და მისი მომსახურების ტარიფიკაცია განხორციელდა ინტერნეტ-მომსახურების სტანდარტული ტარიფით. შესაბამისად აბონენტს ანგარიშზე რიცხული თანხის დახარჯვასთან ერთად დავალიანების სახით დაერიცხა 15 ლარი და 10 თეთრი. აბონენტის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მას არ მიუღია შეტყობინება მის ანგარიშზე თანხის ამოწურვის შესახებ.

გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, ი. ვაჭარაძის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისათვის მიმართვის დამატებით საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი განცხადებით  2010 წლის 4 ნოემბერს  მობილურის ნომერზე  (899 601075)  განახორციელა 5 ლარის ოდენობით თანხის ჩარიცხვა სწრაფი გადახდის აპარატიდან. აპარატმა თანხა მიიღო, მაგრამ აბონენტის ნომერზე თანხა არ დაჯდა.

კომისია აღნიშნავს, რომ  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2010 წლის 2 დეკემბრის №9/104-10 მომართვის საფუძველზე კომისიამ დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის შესაბამისად, მოქალაქე ირაკლი ვაჭარაძის განცხადების განხილვის თაობაზე, ერთი მხრივ, ირაკლი ვაჭარაძესა და მეორე მხრივ,  შპს ”მაგთიკომს” შორის დავის განხილვის მიზნით;   საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 24 დეკემბერს. აღნიშნულის თაობაზე მოქალაქე ირაკლი ვაჭარაძესა და შპს ”მაგთიკომს” ეცნობათ შეტყობინებით, რომელიც მათ გაეგზავნათ დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ჭახრაკია ჩართულ იქნა აღნიშნულ წარმოებაში  ი. ვაჭარაძის ინტერესების დამცველად. 

2010 წლის 24 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ განმცხადებელი                 ი.ვაჭარაძე, მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ჭახრაკია და შპს ”მაგთიკომის” უფლებამოსილი წარმომადგენელი  დავით ძიძიგური.

ი.ვაჭარაძის განცხადებაზე დაყრდნობით მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ჭახრაკია კომისიის წინაშე აყენებს შემდეგ მოთხოვნებს:

1.      დაეკისროს შპს ”მაგთიკომს” განმცხადებლისათვის წინასწარი გადახდის აპარატის მეშვეობით ა/წ 4 ნოემბერს გადახდილი 5 ლარის ოდენობის თანხის დაბრუნება და ინტერნეტ-მომსახურების მიღებისათვის საავანსო თანხის ზევით დარიცხული 15,10 ლარის ოდენობის დავალიანების ჩამოწერა.

2.      დაეკისროს შპს ”მაგთიკომს” სათანადო ზომების მიღება მომხმარებლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით ნომრის შიდა მიგრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკის თაობაზე, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მომხმარებლის არჩევანზე და მომსახურების პირობებზე.

3.      დაეკისროს შპს ”მაგთიკომს” მომხმარებლებისათვის მომსახურების მიწოდების პირობების შესაბამისობაში მოყვანა ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტსა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტთან მიმართებაში.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

-         ი. ვაჭარაძის 2010 წლის 8 ნოემბრის №9/104 განცხადება;

-         ი. ვაჭარაძის  მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს მიღებული მომსახურების ამსახველი დეტალური ამონაბეჭდი;

-         ”ბანიდან” ”მაგთის” სატარიფო გეგმაზე გადასვლისა და ”მაგთიდან” ”ბანის” სატარიფო გეგმაზე გადასვლის შესახებ ი. ვაჭარაძის განცხადებები;

-         შპს ”მაგთიკომის” ხელშეკრულება მობილური მომსახურების მიწოდების თაობაზე;

-          EVDO მოდემის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

-         საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2010 წლის 11 ნოემბრის  №9/99-10 წერილი;

-         შპს ”მაგთიკომის” 2010 წლის 18 ნოემბრის საპასუხო წერილი;

-         შპს მაგთიკომის მიერ წარმოდგენილი ი. ვაჭარაძის შპს ”მაგთიკომის” ოპერატორებთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერი 1 CD დისკზე;

-         შპს ”მაგთიკომის” ვებ-გვერზე გამოქვეყნებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობები;

-         ხელშეკრულება გაფორმებული სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიას”  შპს ”მაგთიკომსა” და შპს ”ნოვა ტექნოლოჯს” შორის, 2010 წლის 5 მარტს;

-          შპს ”მაგთიკომის” ელექტრონული წერილის ასლი, რომელიც გაგზავნილია 2010 წლის 7 ოქტომბერს სწრაფი გადახდის აპარატების განმკარგავი კომპანიებისათვის და შეეხება პორტაბელურობის შემოღებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს და მათი დარეგულირების საშუალებებს.

-         ი.ვაჭარაძის ახსნა-განმარტება;

-         ე. ჭახრაკიას ახსნა-განმარტება;

-         შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენელმა ი. ვაჭარაძეს შესთავაზა მორიგება შემდეგი პირობებით: ა) შპს ”მაგთიკომი” აუნაზღაურებს ი. ვაჭარაძეს მასზე დავალიანების სახით დარიცხულ 15,10 ლარს; ბ) შპს ”მაგთიკომი” აუნაზღაურებს  ი. ვაჭარაძეს სწრაფი გადახდის აპარატში გადახდილ 5 ლარს, რომელიც მას არ დაუჯდა ანგარიშზე. ი. ვაჭარაძემ მორიგებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც კომისიამ განაგრძო დავის არსებითი განხილვა.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      ი. ვაჭარაძემ 2010 წლის 2 ნოემბერს,  რუსთაველის გამზირზე მდებარე შპს ”მაგთიკომის” სერვის-ცენტრში მის კუთვნილ მობილურ ნომრებზე განახორციელა ”ბანის” სატარიფო გეგმიდან ”მაგთიზე” გადასვლა და ”მაგთის” სატარიფო გეგმიდან ”ბანზე” გადასვლა;

2.       ი. ვაჭარაძის მიერ შპს ”მაგთიკომის” EVDO მოდემის ყოველთვიური გადასახადის გადახდილი 45 ლარიდან ი. ვაჭარაძეს 15 ლარი ჩაერიცხა ”ბანის” ნომრის ანგარიშზე, რომელიც შიდა პორტირების მეშვეობით აქცია ”მაგთის” ნომრად. (შიდა პორტირების განხორციელებისას ევდო მოდემის საფასურიდან დარიცხული ბონუსი მიჰყვება ნომერს);

3.      მას შემდეგ რაც ”ბანის” ნომერი აქცია ”მაგთის” ნომრად, ი. ვაჭარაძე შეეცადა იმ 15 ლარიანი ბონუსით, რომელიც მისი ”ბანის” (შემდგომ უკვე  ”მაგთის” ნომრის) ანგარიშზე დაირიცხა, USSD კოდების სისტემის მეშვეობით, შეეძინა 500 მეგაბაიტიანი ინტერნეტ პაკეტი. 500 მეგაბაიტიანი ინტერნეტ პაკეტის წარმატებით შეძენის ფაქტი არ დასტურდება;

4.      მომხმარებელს, ”მაგთის” ნომრით ინტერნეტის სტანდარტული პაკეტით სარგებლობის შემდეგ,  ამოეწურა ანგარიშზე არსებული ბალანსი და დაერიცხა დავალიანება 15, 10 ლარის ოდენობით;

5.      ი. ვაჭარაძემ 3 ნოემბერს მიმართა მაგთის სააბონენტო სამსახურს, სადაც განუმარტეს რომ მონაცემთა ბაზაში არ უფიქსირდება 500 მეგაბაიტის მოცულობის ინტერნეტ პაკეტის შეძენა და რომ ტარიფიკაცია განხორციელდა ინტერნეტ-მომსახურების სტანდარტული ტარიფით;

6.      ი. ვაჭარაძესა და შპს ”მაგთიკომის” ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ნომრის ანგარიშზე თანხის ამოწურვის შემდეგ გამავალი ზარები ექვემდებარება გათიშვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არ გაითიშა;

7.      ი. ვაჭარაძესა და შპს ”მაგთიკომის” ხელშეკრულების 4.2. მუხლის თანახმად, საავანსო თანხის ამოწურვისას, თუ არ გაითიშა ნომერი, აბონენტი ვალდებულია გაადიხადოს საავანსო თანხის ზემოთ გაწეული მომსახურების საფასური.

კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის განცხადებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლებისა და  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე კომისია აღნიშნავს, რომ:

1.      მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელი მიუთითებს შპს ”მაგთიკომის” მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის დარღვევაზე, რომლის თანახმად ”მომსახურების შეზღუდვის შესახებ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს:  მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვისა და მომსახურების შეზღუდვის მიზეზების დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღებული ზომების თაობაზე”. საზოგადოებრივი დამცველის მიერ ამ მუხლზე მითითებას ვერ დავეთანხმებით, რადგან ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-16 მუხლში ჩამოყალიბებული მოთხოვნა, თუ რა სახის შეტყობინება უნდა გადაეცეს მომხმარებელს მომსახურების შეზღუდვის შემთხვევაში, წარმოადგენს ამავე რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შეტყობინების ფორმის განმარტებას, კერძოდ, ”მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეზღუდვა დაიშვება მომხმარებლის წინასწარი შეტყობინებიდან არა უადრეს 3 დღისა, სამუშაო დღის წინა სამუშაო დღეს”, ხოლო  მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი ”მომსახურების შეზღუდვა ხორციელდება ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ უშუალოდ ან ამ უკანასკნელის მიერ მომსახურების სხვა მიმწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესით”; ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული რეგლამენტის მე-13 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების მიწოდების შეზღუდვისას მომხმარებლის შეტყობინების ვალდებულებას, ასევე მე-16 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ამ შეტყობინების შინაარსს, არეგულირებს მხოლოდ ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის არსებულ ურთიერთობას და არა მობილური ოპერატორისა და მომხმარებლის ურთიერთობას. ამდენად, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი” არ ითვალისწინებს პირდაპირ ვალდებულებას მობილური ოპერატორის მიერ მომსახურების შეზღუდვის შესახებ მომხმარებლისათვის შეტყობინების გაგზავნის თაობაზე. ზემოაღნიშნული რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქციით, ასეთი ვალდებულება ეკისრებათ ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლებს. რაც შეეხება მობილური ოპერატორების მიერ ასეთი შეტყობინებების გაგზავნას, აღნიშნული სავალდებულო ხდება 2011 წლის პირველი იანვრიდან, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-13 მუხლის პირველ პუნქტში შესული ცვლილების საფუძველზე.

2.      შპს ”მაგთიკომის” მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდვა რეგულირდება შპს ”მაგთიკომსა” და მომხმარებელს - ი. ვაჭარაძეს შორის 2010 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ნომრის ანგარიშზე თანხის ამოწურვის შემდეგ, გამავალი ზარები გაითიშება. ამასთანავე, ამავე ხელშეკრულების 4.2. მუხლი ითვალისწინებს, რომ საავანსო თანხის ამოწურვისას, თუ არ გაითიშა ნომერი - აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს საავანსო თანხის ზემოთ გაწეული მომსახურების საფასური.

3.      საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. კომისიას მიაჩნია, რომ ი. ვაჭარაძემ მიიღო შესრულება, ამ შემთხვევაში მომსახურება შპს ”მაგთიკომისაგან” და იგი ვალდებულია აანაზღაუროს მომსახურების ღირებულება.

4.      მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელი ასევე აპელირებს ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ”ი” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებელი სთავაზობს მომსახურებას, რომლის საფასურიც არ არის გათვალისწინებული სამომხმარებლო პაკეტში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს დამატებითი საფასურის თაობაზე ან შეზღუდოს მსგავსი მომსახურების თავისუფალი მიღება.  ი. ვაჭარაძესა და შპს ”მაგთიკომს” შორის 2010 წლის 2 ნოემბერს გაფორმებულია მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო  ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ჰ18” ქვეპუნქტის თანახმად მობილური სატელეფონო მომსახურება არის მობილური ტელეფონის საშუალებით განხორციელებული საუბარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ხმოვანი შეტყობინება, მუსიკალური შეტყობინება, მულტიმედიური შეტყობინება, გუნდური კავშირი, მობილური  ჩათი, მობილური ინტერნეტი, GPRS ინტერნეტი და ა.შ. ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ არ დასტურდება შპს ”მაგთიკომის” მიერ მომხმარებლისათვის ისეთი მომსახურების შეთავაზების ფაქტი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული სამომხმარებლო პაკეტში. შესაბამისად, შპს  ”მაგთიკომი” არ იყო ვალდებული  მომხმარებლისათვის მიეწოდებინა, სამომხმარებლო პაკეტით გაუთვალისწინებელი მომსახურების არ გაწევის გამო, ინფორმაცია რაიმე დამატებითი საფასურის თაობაზე.

რაც შეეხება, ი. ვაჭარაძის მიერ სწრაფი გადახდის აპარატით ჩარიცხული თანხის, მომხმარებლის ანგარიშზე არ ასახვას, კომისიას მიაჩნია, რომ სათანადო მტკიცებულების - გადახდის ქვითრის წარმოუდგენლობის პირობებში, კომისია არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. სათანადო მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის საპირწონედ, შპს ”მაგთიკომმა” წარმოადგინა ელექტრონული წერილის ასლი, რომელიც 2010 წლის 7 ოქტომბერს შპს ”მაგთიკომის” მიერ გაგზავნილია სწრაფი გადახდის აპარატების განმკარგავი კომპანიებისათვის. აღნიშნული წერილით, შპს ”მაგთიკომი” სწრაფი გადახდის აპარატების მფლობელებს აწვდის ინფორმაციას, რომ 2010 წლის პირველი ნოემბრიდან იწყება შპს ”მაგთიკომში” არსებულ ბრენდებს (მაგთი, ბალი, ბანი) შორის პორტაბელურობის შემოღება, რაც ქმნის სისტემაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას. წერილში ასევე მითითებულია,  ბრენდის კუთვნილების დადგენის წესი და განსაზღვრულია  სწრაფი გადახდის აპარატის მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის  შემთხვევაში, აპარატის მიერ გაცემული  შესაძლო პასუხების ვარიანტები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-16 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 98-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.      უარი ეთქვას მოქალაქე ირაკლი ვაჭარაძეს განცხადების დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო;

2.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების მოქალაქე ირაკლი ვაჭარაძისა და შპს ”მაგთიკომისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.      გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

კომისიის თავმჯდომარე                                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                        ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                        კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                        ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები